კინო/ფილმები

რომელი სერიალების ახალი სეზონები გამოდის 2020 წელს

2020 წელი თამამად შეგვიძლია, გამოვაცხადოთ დიდი პრემიერების წლად, რადგან ყველაზე ცნობილი და რეიტინგული სერიალების ახალი სეზონები სწორედ წელს გამოდის. თუ გგონიათ, რომ თურქულ ან ინდურ საპნის ოპერებს ვგულისხმობთ, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს – აქ იგულისხმება ამერიკული და ბრიტანული სერიალები, რომლებსაც „ეიჩბიო“, „ნეტფლიქსი“ და სხვა ცნობილი მწარმოებლები გვთავაზობენ.

1. ახალი პაპი (New Pope) – უკვე იცით, რომ „ახალგაზრდა პაპის“ სკანდალური მეორე სეზონი „ახალი პაპი“ ძალიან შთამბეჭდავად დაიწყო და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. ვისაც სერიალი ჯერ არ გინახავთ, არ დაგასპოილერებთ და ზოგადად გეტყვით, რომ ამბავი მოგვითხრობს არაორდინარული პაპის ცხოვრებაზე, ვატიკანის სასულიერო პირებს შორის ინტრიგებზე.

დაახლოებით რომ მიხვდეთ, რას უნდა ელოდოთ სერიალში, მეორე სეზონის პირველი სერიის ერთ-ერთ ეპიზოდს მოკლედ აღგიწერთ – თეთრ სამოსში გამოწყობილი მონაზვნები კლუბური მუსიკის ფონზე ცეკვავენ. უფრო უკეთ რომ წარმოიდგინოთ, რამდენად შთამბეჭდავი და დიდი მხატვრული ღირებულების სცენებს ნახავთ სერიალში, გეტყვით, რომ მისი რეჟისორია გენიალური პაოლო სორენტინო.

https://youtu.be/WRhZ0mIATrM

2. სამშობლო (Homeland) – მეორე სერიალი, რომლის ბოლო სეზონი ამ წელს გამოდის, Homeland-ია. რამდენიმე წლის წინ რომ გაგვეგო, Homeland-ის ახალი სეზონი გამოდისო, ალბათ გულიც აგვიჩქარდებოდა და ყველა გასული სეზონი თვალწინ გადაირბენდა, თუმცა ბოლო სეზონებმა მაყურებელს იმდენად გაუცრუა იმედი, ალბათ ჭეშმარიტი გულშემატკივარი ძალიან ცოტა დარჩა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ სამშობლოს ბოლო სერიებსაც პოპკორნით უნდა ჩავუსხდეთ, რადგან ტრეილერი შთამბეჭდავად გამოიყურება. მთავარი სიუჟეტური ხაზი კერი მეტისონისა და სოლ ბერელსონის ირგვლივ ვითარდება. ახალი სეზონი თებერვალში გამოდის.

3. 13 მიზეზი, რატომ (13 reasons why) – როგორც ცნობილია, სერიალის მე-4 სეზონი წელს გამოდის, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც პროდიუსერები ამბობენ, სატელევიზიო შოუ, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება. ვისაც სერიალის პირველი სამი სეზონი ნანახი აქვს, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი ექნება მეოთხე სეზონისგან, რადგან ამბის საინტერესო კვანძები სწორედ ამ სეზონში უნდა გაიხსნას. ვისაც სერიალის შესახებ არაფერი სმენია, ვეტყვით, რომ ეს არის დრამა ახალგაზრდა გოგონა ჰანაზე, რომელიც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. მისი ტრაგიკულად გარდაცვალებიდან ორი კვირის შემდეგ გოგონას კლასელი კლეი, რომელსაც ჰანა მოსწონდა, პოულობს მისტიკურ ყუთს, სადაც ჰანას მიერ გაკეთებული ხმის ჩანაწერებია. ამ ჩანაწერებში გოგონა საუბრობს 13 მიზეზზე, რის გამოც თავი მოიკლა. სერიალი ძალიან ემოციურია და მოზარდებში თვითმკვლელობის მიზეზებზე სწორედ ჰანას ისტორიაზე დაყრდნობით არის საუბარი.

4. ველური დასავლეთის სამყარო (Westworld) – წელს იმდენად რეიტინგული სერიალების ახალი სეზონები გამოდის, სერიალების მოყვარულებს თავიანთი დროის კარგად გადანაწილება მოუწევთ, რათა ყველა მათგანს საკმარისი ყურადღება დაუთმონ. 2020 წლის მარტში სატელევიზიო შოუების ერთ-ერთი ლიდერი Westworld-ის ახალი სეზონი იწყებაHBO-მ ტრეილერი რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და გულშემატკივრები ისე დააინტრიგა, შეუძლებელია, მოუთმენლად არ დაელოდო ახალი სეზონის პირველივე სერიას.

ტრეილერი მოიცავს ახლო მომავალში მოსალოდნელ მოვლენებს, რომელთაც სამყარო აპოკალიფსამდე მიჰყავთ. ტრეილერი იწყება აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის იმპიჩმენტით, გრძელდება რუსეთის სამოქალაქო ომით, რომელსაც მოჰყვება ეკოლოგიური კატასტროფა და კიდევ სხვა მოვლენები – როგორც შოუს პროდიუსერები ამბობენ, მესამე სეზონში მთავარი სიუჟეტი დისტოპიურ მომავალზე იქნება ფოკუსირებული

ვისაც Westworld-ის არც ერთი სეზონი არ გინახავთ, გეტყვით, რომ ეს არის HBO-ს ამერიკული ტელესერიალი, სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, სადაც მოქმედება ერთდროულად ორ პარალელურ სამყაროში ვითარდება – ერთი არის რეალური სამყარო, სადაც „ღმერთები“ ცხოვრობენ, ხოლო მეორე – ველური დასავლეთის ტიპის სამყარო, სადაც „ღმერთების“ მიერ დაპროგრამებული ადამიანები ცხოვრობენ.

უფრო ზუსტად, Westworld-ი არის ველური დასავლეთის ტიპის გასართობი პარკი, რომელიც ჩვეულებრივი პარკებისგან რადიკალურად განსხვავდება. ის შექმნილია მდიდარი დამსვენებლებისათვის, რომლებსაც პარკში სტუმრობისას რობოტი „მასპინძლები“ ხვდებიან – ისინი ვიზუალურად სტუმრებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა მათ გონებას სხვები მართავენ, აპროგრამებენ, საჭიროების შემთხვევაში, მეხსიერებას უშლიან და ა. შ.

ნოვატორი მეცნიერების მიერ შექმნილ გასართობ პარკში მისულ მდიდარ დამსვენებელს, რომელიც მოგზაურობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს – შეუძლია იცხოვროს თავისი ფანტაზიის მიხედვით, როგორი უკანონო და გარყვნილიც უნდა იყოს ეს წარმოსახვა.

სტუმრებს პარკში ჩადენილი დანაშაულის გამო არავინ დასჯის, „მასპინძლები“ ხომ რობოტები არიან და თუ მათ რამე დაუშავდებათ, უბრალოდ, შეაკეთებენ და რობოტიც თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

5. სექსუალური განათლება (Sex Education ) – სერიალის მე-2 სეზონი 17 იანვარს გამოდის და გულშემატკივრებმა დღეების ათვლა უკვე დაიწყეს. პირველმა სეზონმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მხოლოდ მაყურებელზე, არამედ კრიტიკოსებზეც. ეს არის ბრიტანული კომედიური დრამა, რომლის მთავარი სიუჟეტური ხაზი დაკავშირებულია სექსუალურ განათლებასთან. სერიალი ფოკუსირებულია ახალგაზრდების ჯგუფზე, რომლის წევრებიც ცდილობენ, განავითარონ სექსუალური და რომანტიკული ურთიერთობები, იპოვონ საკუთარი იდენტობა და თავი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეზონში სექსუალური განათლების საკმაოდ ბევრი ნიუანსია განხილული, როგორც შოუს პროდიუსერები ამბობენ, მეორე სეზონი ბევრ ისეთ თემას შეეხება, რომელზეც გასულ სეზონში საუბარი არ ყოფილა.

6. უმჯობესია, დაურეკოთ სოლს (Better Call Saul) – წელს გამოდის სერიალის მე-5 სეზონი. თარიღი უკვე ცნობილია, პირველი სერიის ნახვის საშუალება 23 თებერვლიდან გექნებათ. სატელევიზიო შოუ არის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალის, „მძიმე დანაშაულის“ პერსონაჟზე, ადვოკატ სოლ გუდმენზეა. სერიალის პირველ სეზონში მოქმედება ვითარდება სოლ გუდმენისა და ვოლტერ უაითის შეხვედრამდე 6 წლით ადრე, ხოლო მეხუთე სეზონი იმ პერიოდს ასახავს, როდესაც ადვოკატი ვოლტერ უაითს ხვდება.

ეს არის იმ სერიალების ჩამონათვალი, რომლებიც გამოვყავით. ისღა დაგვრჩენია, წამზომი ჩავრთოთ და მოუთმენლად დაველოდოთ ახალ სეზონებს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close