fbpx
ეკონომიკამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელსაც „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბაკურიანი“ და „მიტარბი“ ეკუთვნის

მიხაილ ფრიდმანი მსოფლიოს 79-ე და რუსეთის მეშვიდე უმდიდრესი მოქალაქეა. მან რუსეთის ერთ-ერთი პირველი ბანკი ALFA ჯერ კიდევ 1989 წლის ბოლოს დააფუძნა. 2018 წელს ამ ბანკის წმინდა მოგებამ 1,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო თავად მიხაილ ფრიდმანის ქონება კი 16,1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ფრიდმანის ძირითად აქტივს დღეს საინვესტიციო ჰოლდინგი Alfa Group-ი წარმოადგენს. ამ ჰოლდინგში 8 კომპანია და, მათ შორის, თავად „ალფა ბანკიც“ ერთიანდება. ამ რვა კომპანიიდან ერთი არის IDS Borjomi International-ი. ჰოლდინგი IDS Borjomi International-ი არის იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ეს შეიძლება საქართველოდან ჩანდეს, რადგანაც ის საკუთარ თავში აერთიანებს მინერალური და მტკნარი წყლის ჩამომსხმელ საწარმოებს უკრაინის კარპატებში (ქალაქ მირგოროდსა და მორშინში), რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამს. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს. ამ წყალს ქალაქ კოსტრომაში ასხამენ.

„ბორჯომმა“ საქართველოს დამოუკიდებლობის 28 წლის განმავლობაში რამდენიმე ძირითადი მფლობელი გამოიცვალა. 1990-იან წლებში კომპანიის პრივატიზების შემდეგ მისი დამფუძნებელი პარტნიორი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე იყო, ამ პერიოდში „ბორჯომი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესად იქცა. 2000-იანი წლების დასაწყისში აქტივის მართვაში ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული Salford Capital Partners-ი შევიდა. 2002 წელს დაფუძნდა კომპანია IDS Borjomi International-ი. სწორედ ამ დროს მოხდა მმართველობით დონეზე „ბორჯომისა“ და უკრაინული წყლის ჩამომსხმელი კომპანიების კონსოლიდაცია.

2006 წელს კომპანიამ ბაზარზე ახალი ბრენდები – „ლიკანი“, „მიტარბი“ და „ბაკურიანი“ წარადგინა. ამავე წელს მინერალური წყლების მწარმოებლის მთავარი ბაზარი – რუსეთი დაიხურა.

იმის გამო, რომ ბადრი პატარკაციშვილს სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი ქონება არ ჰქონდა მყარად დასაბუთებული და დამტკიცებული, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს აქტივები დავის საგნად იქცა. 2008 წელს ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის Salford-ის აქტივებზე სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა. ბერეზოვსკიმ სადავო აქტივები, მათ შორის, IDS Borjomi ოფიციალურად დაუთმო პატარკაციშვილის ოჯახს. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს კი კომპანია რუსული Alfa Group-ის საკუთრება გახდა. ასეთ ფონზე, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, „ბორჯომი“ რუსეთის ბაზარზე ბრუნდება.

Alfa Group-ი საკუთარ ფინანსურ ანგარიშში მინერალური წყლების ბიზნესის შემოსავალს განცალკევებული სახით არ უთითებს, შესაბამისად, უცნობია თუ რა შემოსავალი აქვს  IDS Borjomi International-ს. ხელმისაწვდომია მხოლოდ კომპანიის ქართული შვილობილის, შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალის“ ფინანსური მაჩვენებლები. კომპანიას 2018 წელს 289,476,060 ლარის შემოსავალი ჰქონდა.

დღეის მდგომარეობით, კომპანიის მთავარი მმართველი პარტნიორი არის Alfa Group-ი. იმის გამო, რომ „ბორჯომის ჯგუფი“ ურთიერთდამოკიდებული კომპანიების ფართო ქსელისგან შედგება და ამ ქსელის მთავარი კომპანიები არაერთი იურისდიქციის, მათ შორის, საგადასახადო კონფიდენციალობის მაღალი დონის იურისდიქციებს მიეკუთვნება, ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, ფლობენ თუ არა Alfa Group-ის გარდა სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები „ბორჯომში“ წილებს.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close