მოგზაურობამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად, რომელშიც თბილისიც მონაწილეობს, ხმის მიცემა დაიწყო

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ევროპაში და, ზოგადად, მსოფლიოში ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ, რათა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ყოველწლიურად უფრო მეტი ტურისტი გვესტუმროს.

კონკურსზე ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ ლინკზე: www.vote.ebdest.in

ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო და 5 თებერვალს, 14:59 საათზე დასრულდება. ხმის მიცემა ერთი IP მისამართიდან შეიძლება შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერი ქვეყნიდან. ამასთანავე, კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც: #votefortbilisi.

„ვფიქრობ, ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის. ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული.

ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება. შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მსოფლიოში, ევროპაში ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა. მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარმასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს.

ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვაჩვენოთ ეს მსოფლიოს, რათა ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close