პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის „მაღალი რანგის“ წევრების სტატუსზე უარს ამბობენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ და ცხოვრებას ნაწილობრივ დიდ ბრიტანეთში, ნაწილობრივ კი – ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ, სადაც მეგან მარკლის ოჯახი და მეგობრები არიან.
თავიანთ განცხადებაში, რომელიც ინსტაგრამის გვერდზეც გამოაქვეყნეს, წყვილი წერს, რომ გადაწყვეტილება რთული დისკუსიის შემდეგ მიიღეს.
„მრავალთვიანი ფიქრისა და შიდა დისკუსიების შემდეგ გადავწყვიტეთ, მიმდინარე წელს განვახორციელოთ ცვლილებები და დავიწყოთ ამ ინსტიტუტში ახალი პროგრესული როლის შესრულება. ვაპირებთ, შევწყვიеოთ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების მოვალეობის შესრულება და ვიმუშაოთ, რათა გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები დაб ამავე დროს, გავაგრძელოთ მისი უდიდებულესობის, დედოფლის სრული მხარდაჭერა”, – ნათქვამია ჰარისა და მეგანის განცხადებაში.
ძმის, პრინც უილიამის ქორწილამდე და მისი შვილის, ჯორჯის დაბადებამდე, პრინცი ჰარი ტახტის მემკვიდრეებს შორის მამის და ძმის შემდეგ მესამე იყო. ახლა ტახტზე ასვლა მას, სავარაუდოდ, საერთოდ არ მოუწევს. უილიამის შვილების შემდეგ ის რიგში მეხუთეა.სამეფო ოჯახის ოფიციალური ხარჯები ე. წ. „მონარქის გრანტიდან“ იფარება, რომელსაც მთავრობა გამოყოფს. სამეფო კარის მაღალი რანგის წევრებს შორის არიან დედოფალი, მისი შვილები, ასევე, პრინცები – უილიამი და ჰარი და მათი მეუღლეები.
აღსანიშნავია, რომ საშობაო პერიოდის დროს, ექვსი კვირის განმავლობაში წყვილი შვილთან, არჩისთან ერთად კანადაში იმყოფებოდა და დედოფალ ელისაბედ მეორესთან შობის აღნიშნვაზე უარი განაცხადა.
ბრიტანული მედია წერდა, რომ ჰარი და მეგანი უკმაყოფილოები იყვნენ „ყვითელი პრესის“ მხრიდან მათ მიმართ ყურადღებით და ოქტომბერში რამდენიმე ტაბლოიდს სასამართლოშიც კი უჩივლეს.
2019 წლის სექტემბერში ჰარიმ და მეგანმა ITV-ს დოკუმენტურ ფილმში გაამხილეს, რომ მედიის ყურადღების გამო ცხოვრება უჭირთ. ჰარიმ ისიც აღნიშნა, რომ მას და მის ძმას – პრინც უილიამს „განსხვავებული გზები“ აქვთ.
როგორც BBC წერს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებით გულნატკენია.
როგორც ჩანს, განცხადების გამოქვეყნებამდე პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან კონსულტაცია არ გაუვლიათ.
სასახლის პრესსპიკერის განცხადებით, ისინი ანგარიშს უწევენ პრინცისა და მისი მეუღლის სურვილის, უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე, თუმცა საკითხი გარკვეულ სირთულეებს შეიცავს, რის მოსაგვარებლადაც დროა საჭირო.
სამაგიეროდ, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილების შემდეგ მომენტალური რეაგირება მოახდინა მადამ ტიუსოს მუზეუმის ხელმძღვანელობამ და წყვილის ქანდაკებები აიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ლონდონში მდებარე მუზეუმში სამეფო ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი. სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ქანდაკებები დედოფალი ელიზაბეთის და პრინც ფილიპის, ასევე პრინც უილიამის და მისი მეუღლე ქეით მიდლტონის გვერდით იყო განთავსებული. ჯერ უცნობია, განათავსებენ თუ არ წყვილის ქანდაკებას მუზეუმში სხვა ადგილას.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქანდაკებები მადამ ტიუსოს მუზეუმში წყვილის სამეფო ქორწილამდე 10 დღით ადრე განათავსეს.
პრინცმა ჰარიმ და ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლიმ 2018 წლის 19 მაისს უინძორის სასახლეში იქორწინეს. ქორწინების შემდეგ ისინი სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია გახდნენ.
კომენტარები