საქართველოსაზოგადოება

ვანო მერაბიშვილს 20 თებერვალს პატიმრობიდან გაათავისუფლებენ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს 20 თებერვალს დატოვებს. ამის შესახებ „2020NEWS“-ს მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ქართული მართლმსაჯულების მიერ მერაბიშვილისთვის მისჯილი სასჯელი იწურება.

როგორც გიორგი ჩივიაშვილმა „2020NEWS“-ს განუცხადა, შს ყოფილი მინისტრი და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „ხერხემალი“ დუმილს საპატიმროს დატოვების შემდეგ დაარღვევს. „საპატიმროს დატოვების შემდეგ ყველა იმ კითხვას უპასუხებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. მათ შორის, იმ გეგმებზეც ისაუბრებს, რაც სამომავლოდ ექნება“, – აცხადებს ადვოკატი.

ჩივიაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

საერთო სასამართლოებში მერაბიშვილის მიმართ განხილული საქმეები და სასჯელის ვადები ასე გამოიყურება:

1. „აკურას“ ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – 2 წელი და 3 თვე;

2. სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – 3 წელი;

3. აქციის დარბევა 2011 წლის 26 მაისს – 4 წელი და 6 თვე;

4. მითვისება, გაფლანგვა და ამომრჩევლის მოსყიდვა – 5 წელი;

5. ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – 6 წელი და 9 თვე. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მერაბიშვილმა სასჯელის შემცირების მიზნით არაერთხელ მიმართა უდოს კომისიას, თუმცა უწყებამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართვა არ დააკმაყოფილა.

მერაბიშვილის პატიმრობის სკანდალს უკავშირდება 2013 წლის 14 დეკემბერს ე. წ. მატროსოვის ციხიდან მისი უკანონო გაყვანა, რაზეც შემდგომში მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მერაბიშვილის ჩვენების მიხედვით, 14 დეკემბრის, ღამის 2 საათზე იგი გაიყვანეს თბილისში, აბუსელიძე-ტბელის ქუჩაზე მდებარე მატროსოვის ციხიდან, ჩასვეს მანქანაში, თავზე გადაახურეს მისივე მოსაცმელი და მისივე ვარაუდით, ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, ან პროკურატურაში მიიყვანეს, სადაც ოთარ ფარცხალაძე და დიმიტრი დარბაისელი დახვდნენ.

ღამის საუბრის დროს, მერაბიშვილის მტკიცებით, ფარცხალაძე დაემუქრა მას, რომ თუ ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნაში არ დაეხმარებოდა და არ მიაწვდიდა „მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების ნომრებს“, მთავარი პროკურორი ციხეში პირობებს „გაუუარესებდა“, ხოლო თუ ითანამშრომლებდა, ციხიდან „მალე გაუშვებდა“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close