რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ გოზინაყის მომზადებისას

ქართული საახალწლო სუფრის ტკბილეულის მეფე, რა თქმა უნდა, გოზინაყია. საქართველოში თაფლი და ნიგოზი ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან ითვლებოდა წმინდა საკვებად. ქართულ კულტურაში ნიგოზს სიმბოლური დატვირთვაც აქვს და ბუნების მფარველ ძალას, ძლიერებას განასახიერებს. ის უბრალოდ გემრიელი ტკბილეული როდია – ბარაქის, კეთილდღეობის სიმბოლური დატვირთვაც აქვს, ამიტომ საახალწლო სუფრა მის გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო თუ თავად მოამზადებთ თუნდაც მცირე ულუფას, უმჯობესი იქნება, რადგან ეს ტრადიციული საახალწლო რიტუალიცაა. მართალია, გოზინაყის მომზადება ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
პირველი და აუცილებელი პირობა: ნიგვზის ლებნები ჯერ დაჭერით თხელპირიანი დანით და მერე მოხალეთ, თუ ჯერ ლებნებს მოხალავთ, დაჭრისას დაგეფხვნებათ. ზოგი დიასახლისი კაკალს სანამ დაამტვრევს, 5-6 საათს, ზოგჯერ მთელი ღამე წყალში აჩერებს, რომ ლებნები მთელი ამოვიდეს, თანაც ნოტიო ლებნების თხლად დაჭრა გაცილებით ადვილია, მაგრამ ბევრი უკვე გარჩეულ ნიგოზს ყიდულობს, ამიტომ ნიგოზი ისე უნდა შეინახოთ, რომ ძალიან არ გამოშრეს. დაჭრილი ნიგოზი დაბალ ტემპერატურაზე მოხალეთ (ჰაერღუმელში 90-100 გრადუსამდე, ან განიერძირიან ტაფაზე, ძალიან დაბალ ცეცხლზე) და არ დაგეწვებათ, თან დროდადრო ურიეთ. მოხალული დაჭრილი ნიგოზი კარგად აბერტყეთ, რომ მოცლილი კანები მოაშოროთ.
ჯობია, წაბლის თაფლი არ გამოიყენოთ, რომელსაც თავისებური არომატი აქვს და სიმწარეც დაჰკრავს, ღია ფერის თაფლი უკეთესია, თუმცა შეგიძლიათ ერთი-ორი სუფრის კოვზი წაბლის თაფლიც შეურიოთ არომატისთვის.
მომზადებულ თაფლს ბოლოს, მოხალული ნიგვზის ჩაყრამდე, აუცილებლად დაუმატეთ ერთი-ორი სუფრის კოვზი შაქარი (თაფლის რაოდენობის მიხედვით: ნახევარ კილო ნიგოზზე – ერთი სუფრის კოვზი, ერთ კილოზე – ორი სუფრის კოვზი) და ურიეთ, რომ გადნეს, გოზინაყი უფრო კნატუნა და არაწელვადი გამოვა.
თაფლი ძალიან დაბალ ცეცხლზე გედგათ და გამუდმებით ურიეთ, რომ არ დაგეწვათ და გოზინაყი შავი ფერის არ გამოვიდეს. მე პირადად 2-ჯერ ვაციებ, თან ხის კოვზით ვზელ. მესამედ ცეცხლზე მოწევის შემდეგ თაფლში ვყრი ნიგოზს, 4-5 წუთის განმავლობაში ვტოვებ ცეცხლზე, თან ფრთხილად ვურევ, რომ ნიგოზი თაფლში კარგად აირიოს, მაგრამ არ დაქუცმაცდეს.
მომზადებული გოზინაყის ცხელი მასის გასაბრტყელებლად მხოლოდ ხის ფიცარი გამოიყენეთ – დაასველეთ ის წინასწარ და გოზინაყი არ მიეკრობა. ფიცარზე გადაიტანთ თუ არა, მაშინვე გააბრტყელეთ საბრტყელებლით, რომელსაც პერიოდულად წყლით დაასველებთ. თუ შეძლებთ, ჯობია ხელით გააბრტყელოთ, თან პერიოდულად ხელი ცივ წყალში დაისველეთ.
სასურველი სისქის ფენად (დაახლ. 1 სმ) გაბრტყელებულ გოზინაყს ნუ გააცივებთ, 5 წუთის შემდეგ დაჭერით, სანამ თბილია. დაჭრისას დანა დროდადრო ცივ წყალში დაასველეთ.
ცნობისათვის: ერთ კილოგრამ დაჭრილ ნიგოზს სჭირდება 500 გ თაფლი (ლიტრიან ქილაში ჩადის 1,5 კგ თაფლი) და 2 არასავსე სუფრის კოვზი შაქარი.
კირა კარიაული
კომენტარები