ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

ქართველი ბიჭუნა ნიუ-იორკში, რომელიც შავ ხვრელებზე ესსეს წერს და გალაქტიკაში დაკარგული მეგობრის მოსაძებნად რობოტს აშენებს

„ქეთი, გამარჯობა, როგორ ხართ? ემზადებით ტესტირებისთვის?“

„გამარჯობა! კი, ვემზადებით, 2 საათზე გვაქვს… ლუკა ჯერჯერობით, მგონი, მშვიდად არის“, – მესმის მესენჯერში ქეთის სასიამოვნო მელოდიური ხმა.

ნიუ-იორკში დილის 10 საათია, თბილისში – საღამოს 7 საათი. სანამ ტესტირებაზე წავა, ლუკა ისევ თავისი საყვარელი ლეგოთი ერთობა – როგორც ყოველთვის კვირა დღეს, როცა თამაშისთვის დრო აქვს. ამჯერად რობოტს აშენებს, რომელსაც ძრავას გაუკეთებს, დააპროგრამებს და შემდეგ უკვე შეძლებს დისტანციურად მართვას.

პატარა საოცარ ბიჭს – ლუკა სხირტლაძეს, რომელიც ასტრონომიით არის გატაცებული და კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობს, ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს: ჩვენი საიტის ყველაზე პატარა რესპონდენტზე რამდენიმე თვის წინ ვწერდით. თებერვალში ლუკამ ურთულესი ტესტირება გაიარა და ნიუ-იორკის ლემანის პრესტიჟულ სკოლაში – Léman Manhattan Preparatory School-ში ჩაირიცხა; ახალ სკოლაში სწავლა სექტემბრიდან დაიწყო, მესამე კლასში. ბუნებრივია, ისევ დავინტერესდით მისი ამბებით ახალ გარემოში.

„ინტერვიუების პროცესში, როდესაც სხვა სკოლებიც ნახა, თავიდანვე დადებითად განეწყო ლემანის სკოლის მიმართ; ასე მგონია, რომ პირველი 2 კვირა იყო აღტაცების ფაზა, მერე უკვე, როცა სერიოზული გრაფიკით დაიწყო სწავლა, ცოტა შოკური რეაქცია ჰქონდა, იმდენად უფრო დატვირთულია რეჟიმი წინა სკოლასთან შედარებით, – მიყვება ქეთი ივერი, ლუკას დედა, – თუმცა სწავლის პროცესი ძალიან  პროდუქტიულია და მოტივაციის მიმცემიც. მაგ., ლაბორატორიაში სათვალეებით, თეთრი ხალათით ექსპერიმენტების ჩატარებამ და საბავშვო სათამაშოებით ფიზიკის კანონების გამოცდამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე; ძალიან დააინტერესა კოდირების და რობოინჟინერიის კლასმა: ძირითადი გაკვეთილების შემდეგ, ყოველდღე, 3-იდან 5 საათამდე აქვს დამატებითი კლასი, სადაც ბავშვები ზოგადსაგანმანათლებლო კონცეფციებს ეუფლებიან და მათ შორის ერთ-ერთია რობოინჟინერია: ლეგოს სათამაშოებით აშენებენ რობოტებს, რომლებსაც აქვს პატარა ძრავა, სამართავი პულტი და შემდგომში უკვე კოდირების მექანიზმებს იყენებენ იმისთვის, რომ გაუწერონ, ასე ვთქვათ, ქცევის კოდი და პულტით მართონ“.

ლუკას წლევანდელ დროიდს ჰქვია DD-46 და მისი მისია გალაქტიკაში დაკარგული ლუკას მეგობრის ძებნაა

ბიჭუნა 4 თვეა, ვიოლინოზე დაკვრასაც სწავლობს – ლემანის სკოლის სადიპლომო მოთხოვნაა, რომ მოსწავლე ან ინსტრუმენტზე უკრავდეს, ან აკაპელაში მღეროდეს, ან იყოს ბენდის წევრი. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თავიდანვე, პირველიდან მეოთხე კლასამდე სწავლობენ ვიოლინოს და სიმღერას, მეოთხე კლასიდან უკვე ირჩევენ, რომელ ინსტრუმენტზე დაუკრან. ლუკამ თანაკლასელებზე გვიან – მესამე კლასში დაიწყო ვიოლინოს შესწავლა და მათ რომ დასწეოდა, თითქმის 4 თვე დამატებითი გაკვეთილების რეჟიმში მეცადინეობდა, ყოველ დილით 6-ის ნახევარზე იღვიძებდა, რომ სკოლის დაწყებამდე ერთი საათი ემეცადინა მუსიკის პედაგოგთან, 9 საათზე კი უკვე სკოლის გაკვეთილები ეწყებოდა.

„ძალიან მოეწონა ვიოლინო, ისეთი მოტივაციით მეცადინეობდა!.. ისედაც ამხელა დატვირთვა აქვს ამ ასაკის ბავშვს, 12-საათიანი გაწერილი დღე, მაგრამ იმდენად უნდოდა, კონცერტზე დაეკრა და, რაც მთავარია, მის კლასს არ შექმნოდა დისკომფორტი ლუკას შედარებით ცუდი შესრულების გამო, რომ მთელი მონდომებით იმეცადინა თითქმის 4 თვე და მასწავლებელმაც არაჩვეულებრივი შეფასება მისცა. კონცერტზე პატარა ფრაგმენტები დაუკრა ბეთჰოვენის, საშობაო სიმღერების… თავიდან ძალიან ნერვიულობდა და მერე კი თვითონაც ამაყი იყო, რომ ყველაფერს წარმატებით გაართვა თავი და თანაკლასელებს ღირსეული პარტნიორობა გაუწია“, – მიყვება ქეთი.

აღსანიშნავია, რომ ლუკა თავის კლასელებზე ერთი წლით პატარაა – იგი სკოლაში 6 წლისა შევიდა: „მთლად ქართულად გამოგვივიდა, ადრე შევიყვანეთ, ამერიკაში ბავშვები სკოლაში 7 წლის ასაკში შეყავთ… მაგრამ ამას მისთვის პრობლემა არ შეუქმნია“.

გასული სემესტრის კიდევ ერთი აღსანიშნავი მომენტი ლუკასთვის იყო შეჯიბრი ახალგაზრდა ანტრეპრენერის ამპლუაში. Léman-ში იგი ბიზნესის საფუძვლებს ეუფლება და, ამ საგნის ფარგლებში, თავის საუკეთესო მეგობრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მანჰეტენის პრესტიჟულ ბიზნესკონკურსში, რომელსაც სპარკის ბიზნესის აკადემია (Spark Business Academy) კურირებს. კონკურსში 30-მდე გუნდი მონაწილეობდა, ლუკას და მისი მეგობრების გუნდი Léman-ის სახელით გამოდიოდა. მათი პრეზენტაცია ეხებოდა საბავშვო კომიქსების სერიას, რომლის პერსონაჟებიც თავად იყვნენ (წიგნი ბავშვებს ანტიბულინგისა და მშვიდობის დანერგვისაკენ მოუწოდებს). მათი ასაკისა და მონაწილეთა სიმრავლის მიუხედავად ლუკას გუნდმა ჟიურის საპატიო ჯილდო დაიმსახურა. ამ კონკურსზე მიღწეული შედეგით მოტივირებული ბიჭუნა გეგმავს, შემდეგ სემესტრში ინვესტიციების კლასი აიღოს და 2020 წელს კიდევ მიიღოს კონკურსში მონაწილეობა.

ლუკა ესპანურ და კორეულ ენებსაც სწავლობს. კორეულს იმიტომ, რომ ტაიკვანდოზე დადის და ქამრის მოსაპოვებლად კორეულის ცოდნაც მოეთხოვება. 2 თვის წინ თავად მოინდომა სპორტის ამ აღმოსავლურ სახეობაში ვარჯიში, არა მხოლოდ ვარჯიშის პროცესმა მოხიბლა, არამედ ტაიკვანდოს ფილოსოფიამაც, მისმა ფუნდამენტურმა პრინციპებმა, როგორიცაა: დისციპლინა, გარშემომყოფთა პატივისცემა, თავისუფლებისა და სამართლიანობისაკენ სწრაფვა და ა. შ. თითოეული ეს პრინციპი იმ ფიცის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც სპორტსმენი ქამრის აღების გამოცდაზე წარმოთქვამს კორეულ ენაზე.

ამ ყველაფერს ქეთი მესენჯერში მიყვება. ვიდეოთვალით ვხედავ ლუკას, რომელიც ლეგოთი რობოტს აშენებს…

ლუკა გამარჯობა! – ვესალმები.

იმორცხვებს…

გინდა, ვიდეო გამოვრთო?

არა… აი, ეს უნდა დავამაგრო, – მეუბნება და რაღაც ჩემთვის სრულიად გაუგებარ ნაწილს მაჩვენებს…

ეგ ძრავაა?

არაა!.. ეს აქ უნდა გავუკეთო და მერე ეს აქ ჩავდო.

მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს, რა სად უნდა მოთავსდეს და საბოლოო ჯამში რა გამოვა…

ქეთი მიხსნის, რომ ეს ლუკას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რობოტია, R2-D2 „ვარსკვლავური ომებიდან“… ამასობაში ბიჭუნა ჩემი თვალთახედვის არიდან ქრება – პირველ სართულზე ჩადის თურმე, რომ თავისი ყველაზე საყვარელი რობოტი ამოიტანოს და მაჩვენოს – BB8, ისიც „ვარსკვლავური ომებიდან“. ამ რობოტზე კოდირებას ვარჯიშობს, აკოდირებს აიპედით და მერე უკვე აიფონით მართავს…

უკან, წიგნების თაროზე National Geographic-ისა და Scientific American-ის ნომრები მოჩანს, ლუკას საყვარელი ჟურნალები, სადაც კოსმოსის ამბებს ეცნობა.

ლუკა, როგორ მოგწონს შენი ახალი სკოლა?

ძალიან…

ახალი მეგობრები შეიძინე?

კი… არინდამა, ჯეიქი, ეიდენი, ალექსია, მაზიარი და სქაილერი. ზოსიმე…

საუბარში ქეთი გვერთვება:

ლუკას საუკეთესო მეგობარი ქართველია – უჭკვიანესი ბიჭუნა ზოსიმე, რომელიც სხვა სკოლაში სწავლობს; „ლემანშიც“ ბევრი კარგი მეგობარი შეიძინა. გამომდინარე მათი გრაფიკიდან, მშობლები ვცდილობთ, რომ სკოლის გარეთ შევახვედროთ ერთმანეთს, რათა თავისუფალ გარემოშიც შეძლონ თამაში. ბავშვებთან ერთად მშობლებიც დავმეგობრდით და ამ ზამთარში ვგეგმავთ სათხილამურო გასეირნებას შვილებთან ერთად.

ლუკა, რომელი საგანი მოგწონს ყველაზე მეტად?

მე მომწონს რაიტინგი (writing – ინგ. წერა)…

ისევ ქეთი მიხსნის, რომ ლუკას ძალიან უყვარს წერის და კომპოზიციის გაკვეთილი, სადაც თავად ირჩევს თემას, მის ირგვლივ სემესტრის მანძილზე აწარმოებს კვლევას და წერს ესსეებს. სემეტრის ბოლოს მოსწავლეები მოიაზრებიან „პატარა ექსპერტებად“, აწყობენ ე. წ. Publishing Party-ს ანუ „საგამომცემლო წვეულებას“, ეპატიჟებიან მშობლებს და აცნობენ თავიანთ ნაშრომებს. ლუკას საშემოდგომო კვლევა და ესსე ეხებოდა შავი ხვრელის კონცეფციას და მასთან ასოცირებულ ჰოკინგის რადიაციას. ესსემ დიდი მოწონება დაიმსახურა.

ასტრონომიით ლუკას დაინტერესებაში დიდი წვლილი ქეთის საქმროს – უზის (Uzi) მიუძღვის, მისგან გაიგო ლუკამ შავ ხვრელებზეც…

„უზი ნიუიორკელია, ისიც ჩემსავით იურისტია, ერთ-ერთ დიდ საფინანსო ინსტიტუტში მუშაობს იურიდიული სამსახურის უფროსად, თუმცა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა აქვს დამთავრებული ფლორენციაში, სადაც 16 წლამდე ცხოვრობდა და, მგონი, ერთადერთი იურისტია, რომელიც თავისუფალ დროს კვანტური ფიზიკის შესახებ ლიტერატურის კითხვით „ერთობა“, – იცინის ქეთი. – ლუკა და უზი მეგობრები არიან და, საერთოდ, იდეალური ურთიერთობა აქვთ ყველა ასპექტში“.

საქართველოში აპირებდით ჩამოსვლას, მოახერხეთ?

კი, აგვისტოში ვიყავით, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი კვირით, მე და ჩემმა საქმრომ ყველაფერი გადავდეთ და ლუკას სურვილი შევუსრულეთ – უნდოდა, რომ თავის დაბადების დღეს, 13 აგვისტოს საქართველოში შეხვედროდა… მაგრამ მხოლოდ თბილისში ვიყავით, იმდენი ნათესავი და მეგობარი გვყავდა მოსანახულებელი, რომელთა უმეტესობას ლუკა წლინახევრის ასაკის მერე არ უნახავს, რომ თბილისს ვერ გავცდით. მომდევნო ჩამოსვლაზე გადაწყვეტილი გვაქვს, ექსკურსიები მოვაწყოთ საქართველოს მასშტაბით. ლუკა როგორც კი ქართულ გარემოში მოექცა, მაშინვე ქართულზე გადაერთო… მე ყოველთვის ქართულად ველაპარაკები, როცა ჩემს მშობლებთანაა, ისინიც მხოლოდ ქართულად ელაპარაკებიან, მაგრამ საკმარისია, სკოლა დაიწყოს, ისევ გადაერთვება ინგლისურზე – სკოლაში გატარებული საათები მაინც თავისას შვება…“

მალე ტაიკვანდოს ტესტირებაზე უნდა წავიდნენ, ამიტომ ლუკას და ქეთის ვემშვიდობები და ბიჭუნას წარმატებას ვუსურვებ…

მოგვიანებით ქეთი მწერს, რომ ლუკამ წარმატებით ჩააბარა თავისი პირველი გამოცდა ტაიკვანდოში – ფიზიკურ წვრთნასა და კორეულ ენაში – და პირველი, თეთრი ქამარიც აიღო პრიზთან ერთად: „უსაზღვროდ ბედნიერია ამ მიღწევით და გადავწყვიტეთ, რომ ზაფხულში ტაიკვანდოს ბანაკში ისწავლის, სადაც დამატებით საათებს ივარჯიშებს და, ამავდროულად, ყოველდღიური გაკვეთილები ექნება კორეულ წერა-კითხვაში“.

* * *

ლუკა ჯერ მხოლოდ 8 წლისაა. წლებთან ერთად, რა თქმა უნდა, უფრო უკეთ გაერკვევა, რა უნდა აირჩიოს თავისი ცხოვრების მთავარ საგნად. იქნება ეს კოსმოსი, ინჟინერია თუ სხვა რამე – მნიშვნელობა არ აქვს, დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებული იქნება და შესანიშნავ პიროვნებადაც ჩამოყალიბდება. ჩვენ კი ლუკას გულშემატკივრები ვიქნებით და მომავალში კიდევ გავაცნობთ ჩვენს მკითხველს ამ საოცარი ბიჭის საოცარ ამბებს.

ნინო ლურსმანაშვილი

p. s. ვულოცავთ ლუკას დამდეგ ახალ წელს, მასთან ერთად კი – ყველა ქართველ ბავშვს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, ვუსურვებთ ბედნიერ ბავშვობას, ისეთ გარემოში ცხოვრებას, სადაც თავიანთი ნიჭის და უნარების სრულად განვითარებას შეძლებენ.

ამავე თემაზე: ქართველი ბიჭუნა ნიუ-იორკის პრესტიჟულ ლემანის სკოლაში, რომელიც კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close