2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში ჩაფრინდა
2 წლის ანიტა ინდოეთში ჩაფრინდა. პაციენტი ინდოეთში სპეციალური რეანოთვითმფრინავით ჩაიყვანეს. ახლობლების ინფორმაციით, ანიტამ გართულებების გარეშე იმგზავრა და ჟანგაბდის დამატებითი კვებაც არ დასჭირდა. ანიტა უკვე ქალაქ ჩენაის კლინიკაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
ანიტას თვითმფრინავის გადაადგილებას ინტერნეტში ასეულობით გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.
პატარა პაციენტი ინდოეთში ავსტრიიდან გაემგზავრა, მას თავდაპირველად დუბაიში მოუხდა ჩაფრენა, საიდანაც უკვე ინდოეთში გაფრინდა.
2 წლის ანიტა ფაცაცია დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძვის. მას გულის გადანერგვა ესაჭიროება, რაც სხვადასხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ანიტა სამკურნალოდ ავსტრიაში იმყოფებოდა, თუმცა გულის გადანერგვის ოპერაცია იქ ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ოპერაციაზე თანხმობა ინდოეთმა განაცხადა. ოჯახი ამ დრომდე ელოდება დონორის გამოჩენას.
საქართველოს ელჩი ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილი პირადად ესტუმრა კლინიკას, რომელიც ანიტას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
17 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩების კონფერენციაზე თქვა, რომ 2 წლის ანიტა ფაცაციას მიღებაზე ინდოეთის ერთ-ერთმა კლინიკამ თანხმობა განაცხადა. მინისტრმა საქართველოს ელჩს ინდოეთში ტრიბუნიდან საჯაროდ მოუწოდა, არ დარჩენილიყო კონფერენციაზე და დაუყონებლივ გამგზავრებულიყო ინდოეთში, რათა 2 წლის პაციენტის საკითხი პირად კონტროლზე აეყვანა.
report.ge
კომენტარები