პოლიტიკასაქართველო

თბილისის საკრებულოს წევრ ერეკლე კუხიანიძეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაატოვებინეს

თბილისის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობის რიგები და თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

14 დეკემბერს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა, იდიოტები უწოდა და შეაგინა.

მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა:„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!“

მსგავსი შინაარსის პოსტი კუხიანიძემ სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ საზეიმოდ აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და გაფრინდაშვილის ოჯახმა ამ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

უმრავლესობის წევრ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.

საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხული ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოსთან ჩავიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გუშინ ცადა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა უშედეგოდ. მისი მტკიცებით, ტყეში დაიკარგა და იძულებული გახდა, უკან დაბრუნებულიყო. კუხიანიძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა დღესაც ცადა, მაგრამ ამჯერად ამის უფლება სამართალდამცველებმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა არ მისცეს.

ამასთან, კუხიანიძემ ანატოლი ბიბილოვს რუსულად მიმართა და თქვა, რომ ექიმმა მათი „კანონები“ დაარღვია, „თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი“.

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ე.წ. საზღვრიდან გამოეხმაურა.

„ისინი ჩემს მეგობრებად რჩებიან. არასოდეს ვიკადრებ იმას, რასაც პარტიიდან წასულები კადრულობენ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო. არავის ვადანაშაულებ. მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი საქციელი აზარალებს გუნდს, ეს მათი ნებაა და პატივს ვცემ. ვაგრძელებ ცხოვრებას“, – განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close