მსოფლიოტექნოლოგიებისაზოგადოება

5G ქსელები და ჯანდაცვის რისკების ალბათობა

ტექნოლოგიების სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ დამდეგი 2020 წლის მთავარი მოვლენა 5G ტექნოლოგიის, ანუ მეხუთე თაობის უსადენო ქსელის დამკვიდრება იქნება. ბევრი ამ მოვლენას ახალ ტექნოლოგიურ რევოლუციასაც უწოდებს, რადგან ისევე როგორც ინტერნეტმა და მობილურმა ტელეფონებმა შეცვალა ადამიანებს შორის კომუნიკაცია, ასევე შეიცვლება ჩვენი სამყარო 5G ტექნოლოგიის დამკვიდრებასთან ერთად.

ამბობენ, რომ შეიქმნება სრულიად ახალი ეკოსისტემა, რომელშიც ყველა ყველაფერთან მუდმივად კავშირში იქნება. ეს შეცვლის ჩვენი ცხოვრების წესს, თუ როგორ ვიმუშავებთ, დავისვენებთ, ვისწავლით, ვიმკურნალებთ, ვიმოგზაურებთ, ან გავერთობით. ამასთან, კავშირი დღევანდელთან შედარებით იქნება გაცილებით მოცულობითი და სწრაფი, 10-ჯერ, 50-ჯერ, შესაძლოა – 100-ჯერ უფრო სწრაფიც. მოელიან, რომ გაიზრდება 5G ტელეფონების რაოდენობა და მათი ფასიც დაეცემა.

საქმე მხოლოდ ინტერნეტის 100-ჯერ დიდ სისწრაფეში და ჩამოტვირთვა-ატვირთვის წარმოუდგენელ გაიოლებაში არ არის. 5G ტექნოლოგიის პროპონენტები ამბობენ, რომ კომუნიკაციის სისწრაფე და ხარისხის გაუმჯობესება ყველა დარგს ძლიერ დაეტყობა, მათ შორის, მაგალითად – მედიცინას. განუზომლად განვითარდება ტელემედიცინა, იმდენად, რომ ქირურგებს შეეძლებათ ოპერაცია დისტანციურად გააკეთონ.

შეიცვლება ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ტვირთბრუნვა და გადაზიდვის პრინციპები. ქუჩებში ოპერატორებს შეეძლებათ უპილოტო მანქანები მართონ და თუნდაც საჭესთან მძღოლი იჯდეს, მანქანები ერთმანეთთან კავშირს მათ გარეშეც დაამყარებენ. ვარაუდობენ, რომ ეს შეამცირებს ავარიების რაოდენობას.

ე. წ. საგნების ინტერნეტიც მთელი სიმძლავრით მხოლოდ 5G ტექნოლოგიის დანერგვის შემდეგ ამოქმედდება. გაუმჯობესდება სმართ-სახლებში ტემპერატურის მართვა, თუ სმართ-მაცივრებთან და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიებთან სწრაფი კომუნიკაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

მაგრამ…

5G ტექნოლოგიის შემოღებით გამოწვეულ სპეციალისტთა ენთუზიაზმს ჯერჯერობით ასეთივე აღტაცებით არ იზიარებენ რიგითი მომხმარებლები და რიგ შემთხვევებში – არც მათ მიერ არჩეული პოლიტიკოსები. სულ რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის ქალაქ კალამატაში უარი თქვეს 5G ტექნოლოგიის საპილოტე პროგრამის დანერგვაზე. ქალაქის საბჭო ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით მიიღო და კომუნიკაციების ფირმასთან კონტრაქტი გააუქმა.

კალამატაში ფიქრობენ, რომ 5G ტექნოლოგიისთვის აუცილებელი ანტენების დამონტაჟება ინტენსიურ გამოსხივებას გამოიწვევს, რაც ადამიანთა ჯანმრთელობას, სავარაუდოდ, მეტ რისკს შეუქმნის. ვიდრე ის ექსპერიმენტულ ფაზებს არ გაივლის და მისი უსაფრთხოება არ დადასტურდება, „საშიში“ გამოსხივების თავიდან ასარიდებლად გადაწყვეტილება ძალაში დარჩება – აცხადებენ ქალაქის საბჭოს წევრები.

ქალაქის თავებს არ უხსენებიათ სამეცნიერო აზომვებზე დაფუძნებული ანგარიშები, რომლებიც ამბობს, რომ ახალი ანტენებისგან გამოსხივება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უსაფრთხოების მოსაზრებით დაწესებული ლიმიტები. საბერძნეთის ციფრული მართვის სამინისტრო აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან კონტრაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპის კავშირის მიერ დაწესებული ლიმიტების გათვალისწინებით დაიდო. სამინისტრო ასევე ირწმუნება, რომ ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონე, რომელსაც საბერძნეთის ატომური ენერგიის კომისია აკონტროლებს, დაშვებული ლიმიტების გადაჭარბებას არ ადასტურებს.

გააგრძელე კითხვა აქ: https://www.amerikiskhma.com/a/galileo-are-5g-health-risks-real/5201817.html

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close