ლესბოსის მიგრანტთა ბანაკში მცხოვრები ბავშვები ამბობენ, რომ სიკვდილი სურთ (ვიდეო)
საბერძნეთში, ლესბოსში მდებარე მიგრანტთა ბანაკში მომუშავე ფსიქოლოგის თქმით, იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ბანაკში ცხოვრების განმავლობაში თავს იზიანებენ და თვითმკვლელობას ცდილობენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„7-8 წლის ბავშვები ამბობენ: „სიკვდილი მინდა“. ეს ის არის, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გავიგონებდი“, – ამბობს ფსიქოლოგი, სახელად ანჯელა, რომელსაც 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით მოუწია მუშაობა, ყველა მათგანი ბავშვის ან მოზარდის მიერ თვითდაზიანების საქმეს ან სუიციდის მცდელობას შეეხებოდა.
ახლა ბანაკში 18 000-მდე ლტოლვილი ცხოვრობს, ეს მაშინ, როდესაც ბანაკი სულ 2000 ადამიანზეა გათვლილი. იქ, ძირთადად, ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს. ბევრი მათგანი ტრავმირებულია.
ბანაკში ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან. როგორც BBC-ს რესპოდენტები ამბობენ, არცერთ ბავშვს არ სურდა სამშობლოს დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ იქ გაუსაძლისი პირობები და საშიშროება იყო. BBC-მ შეძლო გადაეღო ლტოლვილთა ბანაკის ჰოსპიტალში შექმნილი ვითარება, რა დროსაც ექიმები და დამხმარეები საუბრობენ 17 წლის ბიჭზე, რომელმაც თავი დაიზიანა. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ბიჭი ამბობს, რომ ისევ ეცდება ამას.
ბანაკში სკოლაც არის, სადაც ბავშვებს მუსიკის, ენისა და ხელოვნების გაკვეთილებს უტარებენ. „ჩვენ ნულიდან დავიწყეთ აქ, გვინდოდა, რომ სკოლა ყოფილიყო. ახლა კი სამი კლასი გვყავს 1000-ზე მეტი მოსწავლით და 20-ზე მეტი მასწავლებლით“,- ამბობს მასწავლებელი.
ლესბოსის ბანაკში მცხოვრებლები თვეობით ელოდებიან პასუხს თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით. ზამთარი უკვე დადგა, იქ მყოფი ბავშვების უმეტესობას კი ცივი ამინდისთვის შესაფერისი სამოსი და ფეხსაცმელი არ აქვს.
2020 წლის განმავლობაში საბერძნეთის ხელისუფლება ლესბოსიდან 20 000-მდე მიგრანტის ახლომდებარე კუნძულებზე გადანაწილებას გეგმავს. ასევე, ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ დააჩქარებენ თავშესაფრის მიცემაზე განაცხადების განხილვას.
imedinews.ge
კომენტარები