მიგრაციამსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონი „კვალიფიციური მუშახელის იმიგრაციის შესახებ“ (Fachkräfteeinwanderungsgesetz) 2020 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში. ახალი რეგულაციით, უცხოელ სპეციალისტებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება უფრო იოლად შეეძლებათ.

„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება ისეთი კანონი, რომელიც „პარადიგმას შეცვლის“ უცხოელი მუშახელის დაქირავების კუთხით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორშაბათს, 16 დეკემბერს ბიზნესის წარმომადგენლებთან და პროფკავშირებთან შეხვედრაზე.

შეხვედრაზე შეათანხმეს გერმანიის შრომის ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის გამარტივებულად მოზიდვის გეგმა, მათ შორის, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდანაც.

კერძოდ, გერმანიაში დასაქმების საშუალება ექნებათ როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიული განათლების მქონე პირებსაც.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასევე დაგეგმილია უცხო ქვეყნებში გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივება. ამასთან, ხელისუფლება ხელს შეუწყობს სავიზო პროცესის გამარტივებასაც.

თავის მხრივ, დამსაქმებლებსაც ექნევათ ვალდებულება, დაეხმარონ ახალ თანამშრომლებს გერმანული ენის შესწავლაში, საცხოვრებლის მოძებნასა და გერმანული ცხოვრების რეალიებთან ადაპტაციაში, მათ შორის, ბიუროკრატიულ სისტემებთან ურთიერთობაში.

გერმანიაში არსებული ვაკანსიების ნახვა სპეციალურ ვებპორტალზე იქნება შესაძლებელი, სადაც ასევე ჩამოთვლილი იქნება კანდიდატისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მათ შორის, გერმანული ენის ცოდნა.

კანონი „შორსმიმავალი შედეგებით“

იმის შესახებ, კონკრეტულად რამდენი მუშახელი სჭირდება გერმანიას არსებული დეფიციტის შესავსებად, შეხვედრაზე არაფერი უთქვამთ, თუმცა საუბარი შეიძლება იყოს ასობით ათას ვაკანსიაზე. ფინანსთა მინისტრ ოლაფ შოლცის თმით, ახალ კანონს „შორსმიმავალი“ შედეგები ექნება გერმანიის ისტორიისთვის.

უახლოეს მომავალში საპილოტე პროექტები დაიწყება კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით სხვადასხვა ქვეყნიდან. „დაგეგმილმა იმიგრაციამ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა გერმანიის სოციალურ სისტემაზე“, –  ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა პეტერ ალტმაიერმა.

შრომის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში გერმანიაში 1,36 მილიონი ვაკანსია იყო, რომელთა შევსება მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებით ვერ ხერხდება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, კადრების ყველაზე დიდი დანაკლისია მათემატიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში, ასევე სამშენებლო სექტორში, მედიცინაში. გარდა ამისა, შეიმჩნევა ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელთა დეფიციტიც. თავისუფალი ვაკანსიებია სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც.

შარშან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან გერმანიაში სამუშაოდ 60 000 ადამიანი ჩავიდა.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close