ჩოგბურთში დიდი სკანდალია – სომხურ მაფიოზურ ქსელს ჩაწყობილ თამაშებში 135 ჩოგბურთელი ჰყავს ჩათრეული
გერმანული ტელეარხის, ZDF-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება, რომლის დროსაც გამოავლინეს უამრავი ჩოგბურთელი, რომლებიც ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობდნენ.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის უკანონო ფსონებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილია 135 ჩოგბურთელზე მეტი, ხოლო გამოძიება მოიცავს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის, ბელგიას, ესპანეთს, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კერძოდ, გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე დაუკავშირდა ბელგიელ გამომძიებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
დღეისთვის მიმდინარეობს მუშაობა ერთ გერმანელ ჩოგბურთელთან, რომელმაც სამართალდამცავებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ საქმეში ჩართულია ATP-ის რეიტინგის TOP30-ის წევრი, რომელსაც პროფესიულ დონეზე სამი ტურნირი აქვს მოგებული.
„ლაპარაკია სომხურ მაფიოზურ ქსელზე, რომელიც თავის გავლენას ავრცელებს ევროპის შვიდ ქვეყანაზე. ეს ძალიან დიდი და ორგანიზებული ქსელია, – განაცხადა ბელგიის გენერალური პროკურორის თანაშემწემ ერიკ ბიშოპმა. – ეს მაფია სტრუქტურულად კარგად არის ორგანიზებული, მას ჰყავს ადამიანები, რომლებიც ანგარიშებზე არიან პასუხისმგებლები, არიან ფულის გათეთრებით დაკავებულნი და ისინი, ვინც უშუალოდაა კონტაქტში ჩოგბურთელებთან“.
2019 წელს ანტიკორუპციულმა ორგანიზაცია Tennis Integrity Unit-მა უკვე გამოავლინა და დისკვალიფიკაცია მისცა 20 ჩოგბურთელს ATP-სა და WTA-ის ტურებიდან.
ერთ-ერთი დისკვალიფიცირებული იყო არგენტინელი მარკო ტრუნგელეტი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას დანაშაულებრივი ქსელის წარმომადგენლები უკავშირდებოდნენ.
„რეიტინგის TOP50-ში არიან პროფესიონალები, რომლებსაც გავლენა აქვთ მატჩების შედეგებზე. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ტყუილი და თაღლითობა მხოლოდ ATP-ის რეიტინგის ქვედა ნაწილშია. ეს ყველა დონეზე ხდება“, – განაცხადა ტრუნგელეტიმ.
მიმდინარე სკანდალის გამოძიება დასასრულს უახლოვდება, შედეგები კი რამდენიმე თვეში გამოცხადდება.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები