fbpx
ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

ემიგრანტების „მეორე ოჯახი, თბილი და საიმედო თავშესაფარი“

დღეს მისი დაბადების დღეა, 2 წლის გახდა – იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA ზუსტად ორი წლის წინ, 6 დეკემბერს იტალიის ქ. ბარიში შეიქმნა და, შეიძლება ითქვას, რომ ემიგრანტების მეორე ოჯახად იქცა.
საქართველოდან შორს, უცხო მიწაზე, მშობლიურ ქვეყანასა და ახლობლებს მოწყვეტილი ადამიანები სულიერ სიცარიელესა და მონატრების გრძნობას შეძლებისდაგვარად ემიგრანტულ ჯგუფებში ივსებენ, ერთმანეთს ამხნევებენ, ინფორმაციებს ცვლიან და არაერთ კეთილ საქმეს აკეთებენ. „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“ ამ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია.

„6 დეკემბერი ქალაქ ბარის მფარველი წმინდანის, ნიკოლოზის ხსენების დღეა. წმინდა ნიკოლოზი იყო გაჭირვებულთა დამხმარე, მკურნალი ადამიანების ფიზიკური და სულიერი ავადმყოფობისა. მას ტანჯულთა შემწეობა გარდაცვალების შემდეგაც არ შეუწყვეტია. საოცარი დამთხვევაა – ამ მადლიან დღეს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ჯგუფის დაარსებას, რომლის მთავარი მიზანი სწორედ ქველმოქმედებაა“, – გვითხრა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ლომიძემ, როცა მათი საქმიანობით დავინტერესდით.

„ჯგუფის შექმნას ბევრი წინაპირობა ჰქონდა. ამ ჯგუფის წევრთა საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ქალაქ ბარიში ვიმყოფებით, შეგვეძლო რეალურად გვემოქმედა და ჩვენ გარშემო შემოგვეკრიბა სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში გაფანტული აქტიური, ნიჭიერი, შემოქმედი ადამიანები. ჩვენი ჯგუფი ორი წლის ხდება და 18000-ზე მეტ წევრს ითვლის, თუმცა ჩვენ არ ვართ ორიენტირებული რაოდენობაზე, რადგან რაოდენობა სულაც არ განსაზღვრავს ხარისხს. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი ორი წელი გავატარეთ ერთად. აღმოვაჩინეთ და წარმოვაჩინეთ არაერთი ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი, ეს პერიოდი ბევრად უფრო ადვილი გადასატანი გავხადეთ და ბევრისთვის მაგალითი გავხდით. ემიგრანტობა ყველაფრის დასასრული არაა. აქაც შეგვიძლია შემოქმედებითად გავიზარდოთ, დავიხვეწოთ, გავძლიერდეთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მცირე დროში ჩვენ, ყველამ ერთად, ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ, რითაც ჩვენი ყოველდღიური ერთფეროვანი ცხოვრებაც მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადეთ!“

თეონა ბოტკოველი, ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფსიქოლოგი: „ჩვენი ჯგუფის მიზანია ემიგრაციაში მყოფი, კერძოდ, ბარის რეგიონში გაფანტული მარგალიტების მოძიება და მათი შემოქმედების წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის. მე პირადად, როგორც ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფსიქოლოგი, ვცდილობ, ჩემი პოსტებით გავუზიარო ჩემი ცოდნა და ფსიქოლოგიურად დავეხმარო ემიგრანტებს. გარდა იმისა, რომ ჯგუფი შემოქმედებითია, მისი მთავარი ფუნდამენტი არის ქველმოქმედება. გახსნის დღიდან ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული. მინდა ვუსურვო ჩვენს ჯგუფს და ჯგუფის წევრებს წარმატებები, შემოქმედებითი წინსვლა, თქვენ კი მადლობა ყურადღებისთვის“.

თავად ჯგუფს რა სიკეთე მოაქვს ემიგრანტებისთვის და როგორია მათი სურვილები თუ შენიშვნები, ამაზე უკვე ჯგუფის წევრები გვესაუბრებიან:

მაია დარჩია, გეოლოგი: „ვფიქრობ, სიტყვა „მადლობა“ არ გამოხატავს იმ მადლიერებისა და კმაყოფილების განწყობას, რაც ალბათ თითოეულ ემიგრანტს აქვს ამ ჯგუფის წყალობით. „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“ – ეს არის ჯგუფი, რომელიც ჩვენს უფერულ ცხოვრებას შინაარსიანს ხდის; ჯგუფი, რომლიდანაც ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრ ნიჭიერ ადამიანს გავეცანი. და ეს ყველაფერი ქალბატონი მაია ლომიძის დამსახურებაა, რომელსაც დიდ გულს შევადარებდი. მისი სიყვარული მისწვდა ყველას და ანდამატივით მიიზიდა თავის ირგვლივ ყველანი. მადლობა მას იმ სითბოს, სიყვარულისა და ყურადღებისთვის, რაც თითოეულ ემიგრანტს სჭირდება.

ხუთი წელია, რაც ემიგრანტი ვარ და ვცხოვრობ იმ დიდი იმედით, რომ მალე დავბრუნდები საქართველოში, მის ყოველ გოჯ მიწას მოვეფერები“.

გიორგი რამაზაშვილი, პოეტი: „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჯგუფს „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“ ემიგრანტი ქართველებისათვის გაწეული შეუფასებელი, და ზოგჯერ დაუფასებელი, ამაგისათვის. 21 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ ბარიში გამართულ ჩემს შემოქმედების საღამოს ორგანიზებას სწორედ ეს ჯგუფი უწევდა. აღფრთოვანებული ვარ, ისე კარგად ჩაიარა ყველაფერმა. სიურპრიზიც კი გამიკეთეს – მეგობარი (თენგო ხუციშვილი) ჩამომიყვანეს საქართველოდან და ლამის ჭკუიდან გადავედი სიხარულისგან.

ჯგუფი ემიგრანტებს გვეხმარება აქაური ცხოვრების განვითარებაში როგორც სულიერად, ისე ენობრივი ბარიერის გადალახვაში. ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის და გვიიოლებს ემიგრანტული ყოფის დღეებს. ჯგუფს უფრო მეტად განვითარებას, ჯგუფში დაწერილი სიტყვებისა და ერთმანეთის მოსაფერებელი ფრაზების სისრულეში მოყვანას ვუსურვებ. თუ ჩვენ არ მოვეფერეთ ერთმანეთს, უცხოელი შენ არ გაგითავისებს. მე სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ეს ვარ და ყველგან ეს სული მიდგა, სულ დავეფარები ჩემს საქართველოს და დავიცავ ჩემს ქართველებს. ამასვე ვუსურვებ ჯგუფის თითოეულ წევრსაც, გავიტანოთ ერთურთი და უფალი შეგვიყვარებს“.

ეკა კვესტაძე, ფსიქოლოგი: „პირველ რიგში, ჯგუფს „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“ და მის მრავალრიცხოვან წევრს ვულოცავ ჯგუფის დაარსებიდან ორი წლისთავს და ვუსურვებ, რომ შემდგომი წლები ყოფილიყოს უფრო ნაყოფიერი, წარმატებული, სიკეთითა და სიყვარულით გაჯერებული, რაც ესოდენ გვესაჭიროება დედამიწელებს. ასევე, თითოეულ წევრს ვუსურვებ გამძლეობას, მსუბუქად გვეტარებინოს ემიგრანტის მძიმე ჯვარი…

რას ვიტყვი ჯგუფის შესახებ? ვფიქრობ, ჯგუფმა გაამართლა ჩვენი იმედები, გააერთიანა, ძირათადად, ემიგრანტები და თითოეული ჩვენგანისთვის იქცა ოჯახად, სადაც შეგვეძლო გაგვეზიარებინა ჩვენი სატკივარი თუ სიხარული, მოვფერებოდით ერთურთს და შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით კიდეც პრობლემების მოგვარებაში…

ასევე, ჯგუფმა არაერთ შემოქმედ ადამიანს შესაძლებლობა მისცა, გამოევლინა და ცნობადი გამხდარიყო მათი შემოქმედება. ტარდებოდა პოეზიის საღამოები, ბმონაწილეობდით არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებებში, რაც დღემდე გრძელდება.

ყოველ წელს ვიზრდებით რიცხობრივადაც და შემეცნების მხრივაც. ჩვენი ჭკვიანი და მონდომებული მოდერატორები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

მინდა კვლავაც წარმატებები ვუსურვო მთელ ჯგუფს!“

მაია ქასრაშვილი-რამიშვილი, მუსიკოსი: „ჯგუფს „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“, მის ადმინისტრაციას, მოდერატორებს და ამ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა ქართველ ემიგრანტს ვულოცავ დაარსებიდან 2 წლის იუბილეს! მისასალმებელია ჯგუფის საქმიანობა: გაჭირვებული ადამიანების დახმარება, ავადმყოფი ბავშვების გამოჯანმრთელებაზე ზრუნვა, ეკონომიკური დახმარება თუ სულიერი გამხნევება, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების გამოვლენა… ეს არის სტიმულატორი და იმედის მომცემი თითოეული ჩვენგანისათვის. მადლობა ყველას ამისათვის და წარმატებები საქმიანობაში!“

ნატალია შავაძე, ფილოლოგი: „მოგესალმებით დიდი სიყვარულით 12-წლიანი ემიგრანტული ცხოვრების გადასახედიდან. სამწუხაროდ, ჩვენ, ემიგრანტები, საქართველოს გარეთ ძალიან ბევრნი ვართ, რაც წლების შემდეგ  შეიძლება ჩვენს საქართველოს მძიმე დემოგრაფიული კრიზისით შემოუბრუნდეს… სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს საქართველო ემიგრანტების მხრებზე დგას…

მე ემიგრანტული ჯგუფის „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“ ერთ-ერთი წევრი ვარ. ჯგუფში უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომლებიც დაარსების დღიდან ძალიან ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას აწყობენ და ამ საქველმოქმედო ღონისძიებებიდან შემოსული თანხით ეხმარებიან საქართველოში და, აგრეთვე, ემიგრაციაში გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, ავადმყოფ ბავშვებს.

მინდა წარმატება ვუსურვო მთელ ჯგუფს. ასეთი ჯგუფები დიდ სულიერ საზრდოს აძლევენ ემიგრაციაში მყოფ, სამშობლოს მონატრებულ ქართველებს. ვისურვებდი, რომ საქართველოს აღარ ჰყოლოდეს ემიგრანტი ქართველი. ჩვენ ისედაც მცირე ერი ვართ, ჩვენი მიწა გვეძახის, საქართველოს ვჭირდებით.

დამიჯერეთ, ერთი პაწია პურის ნაჭერი სამშობლოს მიწისა, ასმაგად გემრიელია უცხო ქვეყნის ძვირადღირებულ ჰამბურგერებზე და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მასში შენი მიწის სურნელი და არომატია, ის შენია, საკუთარია, მას ვერასოდეს ვერავინ შეგიცვლის.

დავუბრუნდეთ ჩვენს საქართველოს, ქართველებო!!!“

მაყვალა რაზმაძე, დიასახლისი: „ჩვენი ჯგუფი ჩვენთვის პატარა ოჯახივით არის. ამ ჯგუფის დახმარებით  საბედნიეროდ ბევრის ვირტუალური  მეგობრობა რეალობაში გადაიზარდა.  მრავალ შემოქმედ ადამიანს გაეხსნა გზა ფართო აუდიტორიისაკენ.

მიუხედავად იმისა, რომ  ჯგუფის წევრებს ყველას არ გვაქვს ერთ ქალაქში ყოფნის ფუფუნება  და გაბნეულები ვართ მთელ იტალიაში, ყველანაირად ვცდილობთ ერთმანეთის გვერდით დგომას, დახმარებას  და გამხნევებას, რასაც ამ ჯგუფის მეშვეობით ვახერხებთ. „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“  ჩვენი თბილი და საიმედო „თავშესაფარია“. წარმატებები მინდა ვუსურვო ყველას“.

მარეხ მახათაძე, ბიოეკოლოგი, ხელოვანი: „მეტი სიკეთე, მეტი სასიხარულო ინფორმაცია და უამრავი პოზიტივი – ეს მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია, რაც ჯგუფს „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“ ახასიათებს. მისი წყალობით თითოეულ ჩვენგანს საშუალება ეძლევა უარყოფითი რეაქციებიდან გავთავისუფლდეთ და დადებითი ემოციები მივიღოთ, რომლებიც შეძლებისდაგვარად მთელი დღის განმავლობაში მიგვყვება.

ჯგუფი დატვირთულია შემეცნებითი სტატიებით, ხელმძღვანელობამ ზუსტად იცის, რა დროს რა სტატია მიაწოდოს აქ მყოფ საზოგადოებას. რამდენიმე პიროვნება, მათ შორის მეც, ვცდილობთ შეუმსუბუქოთ შრომა ჩვენს ძვირფას მოდერატორს, გვერდით დაუდგეთ, მოვიძიოთ სასიამოვნო ინფორმაციები (არაპოლიტიკური) და გავაცნოთ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომლებიც გადაღლილნი არიან ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად.

პირადად მე ძალიან მინდა ყოველდღე ერთი რუბრიკა სამზარეულოს თემას დაეთმოს. ასევე მაინტერესებს საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტების შეგრძნება, კვლავ უჩნდებათ თუ არა ისევ სხვა ქვეყანაში წამოსვლის სურვილი და რატომ? მინდა ჯგუფში ამ საკითხზეც გამახვილდეს ყურადღება“.

რომეო ბაძაღუა, მსახიობი: „ვულოცავ ჯგუფს იუბილეს. ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს და მადლიერი ადამიანების სიმრავლეს, რამეთუ ყველა ის საქმიანობა, რასაც ჯგუფი ამ ორი წლის მანძილზე ეწევა, მეტად დასაფასებელია. ვიცოდეთ ერთად ყოფნის ძალა და ფასი!“

ნინია ბერიძე, ინჟინერი: „ეს ჯგუფი ქალბატონმა მაია ლომიძემ ჩამოაყალიბა, გარს შემოგვიკრიფა სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მიმოფანტული ემიგრანტები, მოიძია ნიჭიერი, შემოქმედი პიროვნებები. თითქმის ყველა პოეტს შემოქმედებითი საღამო მოუწყო. ჯგუფი ეხმარებოდა და ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს. პატარა წიწილებივით შევიყუჟეთ მის ბუდეში. მეთოთხმეტე წელია აქ ვარ და ასეთი უანგარო ადამიანი აქ არ შემხვედრია. ერთი წლის წინ ჩრდილოეთში წამოვედი და ახლა მივხვდი, რა საშინელებაა უმეგობრობა. ალპებში ვარ და რვა თვეა ქართველი არ დამინახავს. რომ არა ჯგუფი „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“, არ ვიცი, რა მეშველებოდა.

წარმატებებს და ოცნებების ასრულებას ვუსურვებ ყველას!“

მაყვალა ლობჯანიძე, ბუღალტერი: „ჯგუფში „იტალიის ცის ქვეშ – L’ANIMA GEORGIANA“ დაარსების დღიდან ვარ გაწევრიანებული. ჩემთვის ეს ჯგუფი ერთი დიდი მყარი ოჯახივითაა, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან ოჯახებს მოწყვეტილი ქართველები ვართ გაერთიანებული. ამ ჯგუფმა ბევრი ნიჭიერი ადამიანები დაახლოვა. ყველას მიეცა საშუალება გამოავლინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია. პირადად მე ბევრი კარგი რამ მოვისმინე, წავიკითხე და ვისწავლე ამ ჯგუფში გაწევრიანებული ემიგრანტებისაგან.

ჯგუფი ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს, თუმცა ყველაზე კარგ საქმედ გაჭირვებული ოჯახების დახმარება და ლეიკემიით დავადებული ბავშვების თანადგომა მიმაჩნია. მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ხელმძღვანელობას ჯგუფის ასე მყარად მუშაობისთვის. მათი დიდი დამსახურებაა ჯგუფის ასე აქტიურობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვიზუალურადაც ვერ ვიცნობ, ჩვენ ყველას ერთი გზა გვაქვს გასავლელი – გზა ემიგრანტობის წლების და ერთმანეთის თანადგომა და სიკეთის კეთება ბევრს ნიშნავს. უფალის წყალობით, ყველა ემიგრანტი შინ მშვიდობით დაბრუნებულიყოს!“

***

წარმატებებს გისურვებთ, ქართველებო!.. სიკეთე არასოდეს იკარგება, „სანთელ-საკმეველი თავის გზას არასდროს დაკარგავს!“

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close