მოგზაურობამსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისამზარეულოსაზოგადოება

პლანეტის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძული

მიგინგო ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კუნძულია, რომელიც აფრიკის უდიდეს ტბაში – ვიქტორიაში მდებარეობს. მისი ტერიტორია ფეხბურთის მოედნის ნახევარზე ნაკლებ ფართობს იკავებს და იქ 400-მდე ადამიანი სახლობს. ხალხი ამ კუნძულზე დღევანდელი სტანდარტების მიხედვით კატასტროფულ პირობებში ცხოვრობს ხის ფიცრებისა და გოფრირებული ფურცლებისგან შეკოწიწებულ ქოხმახებში.

საცხოვრებელი ფართობის სიმცირის მიუხედავად მოსახლეობა ძალიან ამაყობს იმით, თუ რამდენად განვითარებულია ინფრასტრუქტურა მათ კუნძულზე. მიგინგოშზე არის 5 ბარი, სილამაზის სალონი, აფთიაქი, რამდენიმე სასტუმრო და, თქვენ წარმოიდგინეთ, 4 ბორდელიც კი.

ამ უჩვეულო კუნძულის მთელი მოსახლეობა თევზაობით არის დაკავებული. დასახლების დამფუძნებელია ორი კენიელი მეთევზე – დალმას ტემბო და ჯორჯ კიბებე. ისინი აქ 1991 წელს ჩამოვიდნენ. მაშინ კუნძული უდაბური იყო, უთვალავი ფრინველითა და გველებით სავსე. მათ მალევე შეუერთდა კიდევ 60 მეთევზე, ​​რომლებმაც გაიგეს, რომ სანაპირო წყლებში ძვირფასი სახეობის თევზი – ნილოსის ქორჭილა ბინადრობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კუნძულზე კენიის, უგანდისა და ტანზანიის მეზღვაურებიც დასახლდნენ და მალე მიგინგო თევზით ვაჭრობის ნამდვილ ცენტრად გადაიქცა.

ყოველ დილით თევზით დატვირთული ასობით კატარღა ბრუნდება სანაპიროზე. კუნძულიდან ექსპორტირებული თევზი კენიაში გააქვთ, იქიდან კი – ევროკავშირის ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ. თევზით ვაჭრობის ბრუნვა მილიონობით დოლარს შეადგენს და ეს ყველაფერი მარჩენალი ნილოსის ქორჭილის წყალობით.

მტკნარი წყლის ამ გიგანტური თევზის სიგრძემ შეიძლება 2 მეტრს ან კიდევ უფრო მეტსაც მიაღწიოს, წონა კი 150-იდან 200 კილოგრამამდე მერყეობს. 15 წლის შემდეგ ნილოსის ქორჭილა უკვე 30 კილოგრამს იწონის და ამიტომაც იგი მტკნარი წყლის ყველაზე დიდ თევზადაა აღიარებული. ყველაფერთან ერთად, ეს თევზი მტაცებელი არსებაა.

ნილოსის ქორჭილაზე თევზაობა ნებისმიერი მეთევზის სანუკვარი ოცნებაა. თუ მსხვილი ეგზემპლარი წამოეგო ანკესს, მისი ამოღება წყლიდან საკმაოდ რთულია: გარდა იმისა, რომ უზარმაზარია, იგი, რაც ძალი და ღონე აქვს, იბრძვის და წინააღმდეგობას უწევს მეთევზეს. აქედან გამომდინარე, ბრძოლა შეიძლება ხანგრძლივი და დამქანცველი იყოს. გარკვეული გამოცდილების, სიმტკიცისა და სხვისი დახმარების გარეშე ასეთ გიგანტთან გამკლავება ურთულესი ამოცანაა.

საინტერესო ფაქტი! ნილოსის ქორჭილას შთამომავლობა პირის ღრუში გამოჰყავს, რაც მას ბევრად მეტ შესაძლებლობას აძლევს გადარჩენისთვის, რადგანაც ლიფსიტები კარგა ხნის განმავლობაში მშობლის მუდმივი მფარველობის ქვეშ იმყოფებიან.

ყოველივე ამის შემდეგ ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვით, რომ თევზის უზარმაზარი რესურსებისთვის ბრძოლაში უგანდამ და კენიამ ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენეს ერთმანეთს და საქმე არაერთხელ მისულა შეიარაღებულ დაპირისპირებამდეც კი. ახლახან კენია დათანხმდა, რომ კუნძულს ორივე ქვეყანა თანაბრად ფლობდეს. მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საშუალებას მისცემს მეთევზეებსა და სხვა პირებს, უპრობლემოდ გადაკვეთონ ქვეყნებს შორის საზღვარი.

ნილოსის ქორჭილის ჭერა მომგებიანი საქმეა: მეთევზეები კვირაში 300 დოლარს იღებენ. ეს თანხა აღმოსავლეთ აფრიკაში საშუალო თვიურ ანაზღაურებას სამ-ოთხჯერ აღემატება. კომუნაში წესები ძალიან მკაცრია. ქურდობა ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება, ხოლო უმაღლესი სასჯელი კუნძულიდან განდევნაა. „სახელმწიფოს“ არსებობის განმავლობაში იქიდან ექვსი ქურდი გააძევეს.

ახლა კი ამ საოცნებო და ძვირფასი თევზის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.

ჰაერღუმელში შემწვარი ნილოსის ქორჭილა

საჭიროა: 1/2 კგ ქორჭილა, 50 მლ მცენარეული ზეთი, 1 ლიმონის წვენი, სანელებლები: თავშავა, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილი, მარილი.

მომზადების წესი: თევზი ან მისი ფილე საცხობ ფორმაში მოათავსეთ, დაამარილეთ, მოასხით ლიმონის წვენი და ზეთი, მოაყარეთ სანელებლები და ნახევარი საათი მაცივარში გააჩერეთ. შემდეგ ქორჭილიანი საცხობი ფორმა 1800C-ზე გახურებულ ჰაერღუმელში შედგით და შეწვით.

თამარ ქავჟარაძე

ასევე გემრიელია: პურის ქერქში გამომცხვარი თევზი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close