ლიტერატურა/წიგნებისაზოგადოებასაბერძნეთი

საქართველოს საელჩოს განცხადება ბერძენი მწერლის წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებით

საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებით, საელჩო დაუკავშირდა ბერძენ მწერალს სოტი ტრიანდაფილუს და მიაწოდა ყველა ისტორიული ფაქტი და სათანადო ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მისი ახალი წიგნის, „ლუნა პარკი წმინდა მთაზე“ პრეზენტაციაზე მცდარი აზრი გამოითქვა.

„ქალაქ ათენში საქართველოს საელჩომ სოტი ტრიანდაფილუსთან განიხილა პრეზენტაციაზე გაჟღერებული ის გამონათქვამები, რომლებმაც საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის სამართლიანი წუხილი გამოიწვია.

ჩვენი მხრიდან ბერძენ მწერალს მიეწოდა ყველა ისტორიული ფაქტი და შესაბამისი ინფორმაცია იმ საკითხებზე, რომლებთან დაკავშირებითაც მცდარი მოსაზრებები გამოითქვა.

ქალბატონმა ტრიანდაფილუმ სრულად გაიზიარა საელჩოს პოზიცია. ბერძენმა მწერალმა საელჩოსთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მას „განსაკუთრებულად უყვარს საქართველო და ქართველებს საკუთარ ძმებად მიიჩნევს“. ქართულ ენასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ „მისი დიდი სურვილია ქართული ენის შესწავლა, რასაც ვერ ახერხებს ქართული ენის უნიკალურობის გამო“. წერილის დასასრულს მწერალი საელჩოს სთავაზობს თანამშრომლობას ქართველი და ბერძენი ხალხების მეგობრობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

საქართველოს საელჩო ენთუზიაზმით იღებს ცნობილი ბერძენი მწერლის შემოთავაზებას მომავალი თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს საელჩო მიადევნებს თვალს სოტი ტრიანდაფილუს ზემოხსენებული წიგნის შემდგომ პრეზენტაციებს“, – წერია საქართველოს საელჩოს განცხადებაში, რომელიც 28 ნოემბერს გამოქვეყნდა საელჩოს ფეისბუქის გვერდზე.

ცნობილი ბერძენი მწერლის ახალი წიგნის, „ლუნა პარკი წმინდა მთაზე“, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ეპოქის საქართველოზე მოგვითხრობს, პირველი პრეზენტაცია 20 ნოემბერს გაიმართა ათენში, წიგნის მაღაზია „პლიადესში“. პრეზენტაციას ჩვენი საიტის წარმომადგენელი, ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი ჯანელიძე ესწრებოდა და ჩვენს მკითხველს ღონისძიებიდან რეპორტაჟი შესთავაზა.

რომანის „ლუნა პარკი წმინდა მთაზე“ მორიგი პრეზენტაცია ათენში 16 დეკემბერს გაიმართება.

ამავე თემაზე: ათენში საქართველოს შესახებ ბერძენი მწერლის მიერ დაწერილი რომანის პრეზენტაცია გაიმართა

რას ვერჩით ბერძენ მწერალს? – რეპორტაჟის ავტორის მოსაზრება

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close