მსოფლიოპოლიტიკაქართველები უცხოეთშიინტერვიუ

სურამში დაბადებული ქართველი ებრაელი, რომელმაც რუსი ჯაშუშები და ცნობილი ტერორისტები გაანადგურა

„პრაიმტაიმმა“ გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელის დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან ავთანდილ წიწუაშვილთან, იგივე იცხაკ ილანთან. უსაფრთხოების სააგენტოში 31-წლიანი მუშაობის პერიოდში მან დაკითხა და გამოავლინა არაერთი რუსი ჯაშუში და განსაკუთრებით საშიში ტერორისტი, მათ შორის, „ინჟინერის“ მეტსახელით ცნობილი კამიკაძე.

იცხაკ ილანი 1995-1997 წლებში ღაზის ზონის კონტრტერორისტული ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისრაელის კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტებში.

ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი სურამში დაიბადა… ის გახლავთ დიდი რაბინების შთამომავალი. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. როგორ აღმოჩნდა იგი ისრაელის უშიშროების სააგენტოში? რას ჰყვება თავის ქართულ ფესვებზე და წარმატებულ ანტიტერორისტულ საქმიანობაზე? ამას თავად იცხაკ ილანი მოგვიყვება:

– დავიბადე და გავიზარდე სურამში, როგორც ავთანდილ წიწუაშვილი. შინაურები იცხაკს (ისაკოს) მეძახდნენ. ვარ დიდი ქართველი ებრაელი რაბინების შთამომავალი. პაპაჩემი – რაბინი გაბრიელი, იყო სურამის ებრაელთა ლიდერი და მთავარი რაბინი. პაპაჩემის ძმა, რაბინი მოშე დავარაშვილი იყო საზოგადო მოღვაწე და 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ერთ-ერთი ხელის მომწერი. პაპაჩემის პატარა ძმა – რაბინი იაკობი იყო საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი გასული საუკუნის 60-70-იან წლებში. მეოთხე ძმა, რაბინი მიხაელი ჩამოვიდა პალესტინაში (იერუსალიმში) საცხოვრებლად, 100 წლის წინ. 1969-73 წლებში ვსწავლობდი თბილისში, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატში. ეს სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე და იმ ზაფხულშივე, 1973 წელს, წამოვედით ისრაელში საცხოვრებლად.

როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

ისრაელში დავიწყე სწავლა იერუსალიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. შემდეგ ვიმსახურე ჯარში 4 წელი. ისრაელის საჰაერო ძალებში გავხდი ოფიცერი. ჩემი დივიზიის მეთაურის მოთხოვნით შევიცვალე გვარი: „ილან“ ივრითულად ნიშნავს ხეს და მოხსენიებულია ფსალმუნის პირველი პარაგრაფის ლოცვაში, როგორც კარგი ნაკვეთის მომცემი… ჯარის მერე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ როგორც კინოში ხდება, ზუსტად ისე, ერთმა ტელეფონის ზარმა შეცვალა ჩემი ცხოვრება: 1981 წელს დარეკა ტელეფონმა სახლში და შემომთავაზეს, მივსულიყავი „საინტერესო შეხვედრაზე“…  ასე დაიწყო ჩემი სამსახური ისრაელის უშიშროების სააგენტოში (ISA), რომელიც გაგრძელდა 31 წელიწადს. 4 წელი ვიმსახურე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში. შემდეგ ვისწავლე არაბული ენა და ვმსახურობდი თითქმის 9 წელი ტერორისტების დამკითხველად, რამალლას რეგიონში (5 წელი, როგორც დამკითხველი, 3 წელი – დამკითხველთა ჯგუფის უფროსი და 1 წელი – დამკითხველთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე).

1995-1997 წლებში ვიყავი ღაზას ზონის კონტრტერორიზმისა და ოპერაციების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი. შემდეგ ვიყავი იეჰუდას რეგიონის დამკითხველთა დეპარტამენტის უფროსი. 2000 წელს გავხდი სამარიის რეგიონის უფროსი ბრიგადირ-გენერლის წოდებით, სადაც ვიმსახურე 2003 წლის ბოლომდე, ეგრეთ წოდებულ „მეორე ინტიფადას“ პერიოდში. 2004-2006 წლებში ვიყავი ისრაელის უშიშროების სააგენტოს დაკითხვების განყოფილების უფროსი. 2006-2008 წლებში – არაბულ-ირანული კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი. 2008-2010 წლებში – არაარაბულ-ირანული კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი. 2010-2011 წლებში – ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილე.

რუსული აგენტურის გამოვლენის საქმეში თქვენი წვლილის შესახებ რას გვეტყვით?

ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს. აგიხსნით კიდეც, რატომ: რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ რუსებს ჩემზე, მით უკეთესია. ერთ რამეს კი გაგიმხელთ: მე დავკითხე შაბთაი კალმანოვიჩი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის ჯაშუში ისრაელში. დღემდე რუსები არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ კალმანოვიჩი იყო მათი ჯაშუში, მიუხედავად იმისა, რომ მან 6-წლიანი ციხე მოიხადა ისრაელში (9-ის მაგივრად), დაბრუნდა რუსეთში და მოსკოვში მოკლეს.

დაკითხვების დეპარტამენტში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდით. საინტერესოა, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები, ტერორისტები, სხვა სახის დამნაშავენი თუ მოხვედრილან თქვენს ხელში?

 ამ კითხვაზეც ვერ გაგცემთ პასუხს: ბევრ ცნობილ ადამიანს გაუვლია ჩემ ხელში, ოღონდ რაც საიდუმლოა, ის საიდუმლოდ რჩება დღესაც.

მაშინ გკითხავთ, თუ შეგიძლიათ, სერიული მკვლელის, ჯეკ ტიტელის დაკავების შესახებ მოგვიყევით?

ჯეკ ტიტელი იყო ებრაელი ნაძირალა ტერორისტი, რომელზეც ლაპარაკიც ზედმეტია. ის დასავლეთის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ ყველაზე შორეულ დასახლებაში ცხოვრობდა. მოკლა ორი არაბი უდანაშაულო მოქალაქე და დაჭრა რამდენიმე ებრაელი უდანაშაულო მოქალაქე, ძირითადად, პოლიტიკური და ჰომოფობიის იდეოლოგიიდან გამომდინარე. მისი აღმოჩენა და დაპატიმრება დიდხანს გაგრძელდა, რადგან ძალიან ფრთხილად იქცეოდა. ბოლო-ბოლო, 2009 წელს დავაპატიმრეთ და სასამართლომ მიუსაჯა ორჯერ სამუდამო ციხე და კიდევ – 30 წელი.

ღაზას სექტორში მუშაობისას მნიშვნელოვანი როლი გქონდათ ტერორისტის, მეტსახელად „ინჟინერის“ ლიკვიდაციაში. თუ შესაძლებელია, გვიამბოთ ამის შესახებ?

აჰია აბდ ალ-ლატიფ აიაში ეგრეთ წოდებული „ინჟინერი“, პალესტინელი ტერორისტი იყო, რომელმაც პირველმა დაიწყო თვითმკვლელობის ტერაქტების განხორციელება. ისრაელის ასობით მოქალაქე გახდა მისი მსხვერპლი. 1995 წელს, როცა იგრძნო, რომ მის ირგვლივ ალყა ვიწროვდებოდა, გაიქცა ღაზას სექტორში და გააგრძელა აქტიურობა ტერაქტებში. მისი ლიკვიდაციის ბრძანება იცხაკ რაბინმა გასცა, ოღონდ ამის გამო ღაზაში შესვლა ან „ხელის ანაბეჭდის“ დატოვება აკრძალა. მე ვიყავი ამ ძალიან რთული ოპერაციის უფროსი, რომელიც ნახევარ წელიწადს გაგრძელდა: ჩვენ შევძელით ხელის ტელეფონის გადაქცევა ბომბად, შევძელით ამ ტელეფონის შეტანა აიაშის ახლო გარემოცვაში და „ვაიძულეთ“, რომ ამ ტელეფონით ელაპარაკა მამასთან. ავაფეთქეთ სწორედ საუბრის დროს. აიაში ადგილზევე გარდაიცვალა. სხვა არავინ დაზიანებულა. ეს მოხდა 1996 წლის 5 იანვარს, დილის 8 საათზე. დღემდე ეს ოპერაცია ითვლება ერთ-ერთ გაბედულ და უჩვეულო ოპერაციად.

ბენი განცთან ერთად (ისრაელის თავდაცვის არმიის გენშტაბის უფროსი 2011-2015 წწ., პარტია „ლურჯი და თეთრის“ დამაარსებელი და ლიდერი)

რას ითვალისწინებდა საიდუმლო ოპერაცია „დამცავი ფარი“, რომლის ხელმძღვანელიც იყავით?

ოპერაცია „დამცავი ფარი“ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2002 წლის გაზაფხულზე მე ვიყავი სამარიის რეგიონის უფროსი, shin bet-ში (ისრაელის სპეცსამსახურის ერთ-ერთი განყოფილება). ამ ოპერაციის შესრულება გადაწყდა ებრაული დღესასწაულის, ფესახის დღეს. იმ ღამით თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი ნათანიაში, სასტუმროს „პარკში“ და 30 ადამიანი მოკვდა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

ისრაელის ჯარმა ხელახლა დაიპყრო იეჰუდასა და სამარიის რეგიონები. დავიწყეთ ამ ტერიტორიების „გასუფთავება“ ისე, რომ ყველა ტერორისტი დავაპატიმრეთ ან დავხოცეთ და დღემდე ვახორციელებთ ამ რაიონების ოპერატიულ კონტროლს. რომ შევაჯამოთ ეს ოპერაცია, ისრაელმა სასტიკად დაამარცხა პალესტინელი ტერორისტები ამ რაიონებში და დღემდე ინარჩუნებს უპირატესობას, ოპერატიული კონტროლის თვალსაზრისით.

მოგვიყევით დღევანდელ სიტუაციაზე, ისრაელში საომარი მოქმედებების შესახებ. რატომ მოხდა „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერის, ბახუ აბუ ალ-ატუს ლიკვიდაცია ახლა, როცა ამის საშუალება დიდი ხნის წინაც იყო?

ტერორისტების ლიკვიდაციისთვის დროის შერჩევაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მართალი გითხრათ, რა იყო მიზეზი, რომ მაინცდამაინც ახლა მოხდა ამ კონკრეტული ტერორისტის ლიკვიდაცია, არ ვიცი. shin bet-ში არ არის მიღებული საიდუმლო დეტალების გამჟღავნება პენსიონერებისთვის. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ეგ ვაჟბატონი ალბათ აპირებდა ახლო მომავალში ისრაელზე რაკეტების სროლას, ამიტომაც ისრაელის ჯარმა წინასწარ მოახდინა მისი ლიკვიდაცია, რამაც ქვეყანა კვლავ საომარ მოქმედებებში ჩააბა.

და მაინც, რატომ გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება საუკუნე-ნახევარია? არის თუ არა შესაძლებელი, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ეს კონფლიქტი, თუ ამის ნება ორივე მხარეს ექნება?

ეს კონფლიქტი  გრძელდება თითქმის 160 წელიწადს, 1860 წლიდან, რადგან არაბები ვერ შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ებრაელები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში 2000-წლიანი დიასპორაში ყოფნის შემდეგ და დააარსეს დამოუკიდებელი, ებრაელთა ერის ერთადერთი სახელმწიფო! სანამ არაბები არ დარწმუნდებიან, რომ ისრაელის განადგურება შეუძლებელია, მანამ არ იქნება მშვიდობა. ჩვენთვის საჭიროა, ვიყოთ საკმარისად ძლიერები, რომ დავამარცხოთ არაბული/ირანული/მუსლიმანური ნებისმიერი კოალიცია, თუ იძულებული გავხდებით. იმედი მაქვს, რომ არაბები მალე მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ისრაელის განადგურება შეუძლებელია და მშვიდობა დამყარდება ჩვენ შორის.

როგორია რუსეთის როლი და გავლენა ისრაულ-არაბულ კონფლიქტში?

რუსეთის გადაწყვეტილებები ამ კონფლიქტში გამომდინარეობს მხოლოდ მისი ინტერესებიდან! რუსეთი არ არის ისრაელის მტერი, მაგრამ არც მეგობარია! რუსეთი არის ჩვენი მტრების მეგობარი/მოკავშირე. რუსებს აქვს ორი მთავარი ინტერესი: პირველი – შეინარჩუნოს თავისი არაბი, ირანელი და სხვა მუსულმანი მოკავშირეები, რომ გააგრძელოს მათთვის დიდძალი იარაღის მიყიდვა; და მეორე: რადგანაც რუსეთის შემოსავალი მთლიანად დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ფასებზე, სჭირდებათ მაღალი ფასების შენარჩუნება. ამისთვის კი საჭიროა, რომ ნებისმიერ მომენტში ამა თუ იმ წერტილში მსოფლიოში იყოს სამხედრო კონფლიქტები, რაც ფასების დაწევის შესაძლებლობას არ მისცემს. ჩემი აზრით, აფხაზეთის, ოსეთისა და უკრაინის (დონბასსა და ყირიმში) კონფლიქტებიც აქედან მომდინარეობს. თუ მოიძებნა ენერგიის სხვა რესურსი, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, რადგან აღარ ეღირება კონფლიქტების გამო ფულის ხარჯვა.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი მომავალი თაობა იცხოვრებს მშვიდობიან ეპოქაში, ჩვენს ახლო და შორეულ მეზობლებთან ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ სანამ ეგ მოხდება, მანამ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები, რომ დავამარცხოთ ჩვენი მტრები!

2000 წლის წინ დაეცა მასადა, რომის იმპერიის დიდძალი ჯარის მიერ!!!

მასადა მეორედ არ დაეცემა!!!

შალომ!

ესაუბრა მარი ჯაფარიძე

გაგრძელება წაიკითხეთ „პრაიმტაიმის“ ვებგვერდზე: primetime.ge/

იცხაკ ილანი მეუღლესთან ერთად
2018 წლის დეკემბერი, თბილისი, თსუ. იცხაკ ილანმა წაიკითხა ლექცია: ისრაელის თავდაცვის დოქტრინა
2018 წლის დეკემბერი, თბილისი, თსუ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close