fbpx
მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

ევროკავშირში 4,5 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტია, გერმანია ახალი ინციციატივით გამოდის

ევროკავშირის ტერიტორიაზე 3,9-იდან 4,8 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტია (2017 წლის მდგომარეობით) – ამ ინფორმაციას PEW RESEARCH CENTER-ის მონაცემებზე დაყრდნობით TREMOMETRO POLITICO ავრცელებს.

ეს მაჩვენებლები ნაკლებია, ვიდრე 2016 წელს, როდესაც, სოციოლოგების მონაცემებით, დაკვირვებების წარმოების მთელი ისტორიის მანძილზე მიგრაციის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა: ექსპერტების შეფასებით, 2016 წელს ევროკავშირში 4,1-იდან 5,3 მილიონამდე არალეგალური იმიგრანტი იმყოფებოდა.

ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ერთად იმიგრანტების საერთო რაოდენობა 20 მილიონს აღწევს. ექსპერტების შეფასებით, მათი 16-20% არალეგალია.

მიგრანტების ნაკადი ევროპაში ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო 2015 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე დიდი „დარტყმა“ იტალიაზე, საბერძნეთზე, საფრანგეთსა და ესპანეთზე მოდის. მიგრანტების დიდი ნაკადი მიიღო გერმანიამ, კანცლერ ანგელა მერკელის „ღია“ პოლიტიკის შედეგად. ევროკავშირი, გერმანიის მეთაურობით, ბოლო წლებია, ცდილობს მიაღწიოს თავის წევრ ქვეყნებს შორის შეთანხმებას და მიგრანტების ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებში გადაანაწილოს, თუმცა ზოგიერთი სახელმწიფო, სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე, უარს ამბობს ყოველგვარ კვოტასა და მიგრანტების მიღებაზე.

გუშინ, 27 ნოემბერს, საღამოს „ჩეხეთის რადიომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთმა უარყო გერმანიის ინიციატივა არალეგალ მიგრანტთა ევროკავშირის სახელმწიფოებში გადანაწილების შესახებ. ამის თაობაზე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომლის სიტყვებიც გუშინ „ჩეხეთის რადიომ“ გაავრცელა.

„ჩვენ [ჩეხეთი] უარვყოფთ ევროკავშირში დევნილების განაწილების მექანიზმს, უარს ვამბობთ ყველანაირ კვოტაზე, – განაცხადა პრემიერმა. – მიკვირს, რომ ვიღაც ისევ ცდილობს წამოწიოს ეს თემა, რომელიც უკვე ამოიწურა. ჩვენ ამის [მიგრანტების მიღების სქემის შესახებ გერმანიის წინადადების] წინააღმდეგი ვიქნებით“.

ბაბიშის თქმით, ევროკავშირში მიგრაციული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია აქვთ ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოებს (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და უნგრეთი).

ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო CTK-მ გუშინ დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომავალ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შსს-ს მეთაურების შეხვედრაზე გერმანია გამოვა ახალი ინიციატივით ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალური იმიგრანტების განაწილების შესახებ. ბერლინი ევროკავშირის სახელმწიფოებს შესთავაზებს თავშესაფრის მიცემის სისტემის იმგვარად რეფორმირებას, რომ  მიგრანტები ევროკავშირის გარე საზღვართან პირველი შემოწმების გავლისთანავე წევრ სახელმწიფოებში გადანაწილდებიან. მათი მიმღები ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან, უზრუნველყონ ისინი ყველა ფორმალური პროცედურით, რომლებიც ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭებას უკავშირდება.

გუშინ ესპანეთის სანაპიროსთან, ავტონომიურ ქალაქ მელილიასთან ახლოს ზღვაში კიდევ 3 მიგრანტი დაიღუპა, 10 კი უკვალოდ დაიკარგა; მაშველებმა 70 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მიგრანტებისთვის ევროპაში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი ხმელთაშუა ზღვაზე გადის, მეორე კი – ბალკანეთზე.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close