საზოგადოებასაქართველო

ექიმი: ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ვმკურნალობდი რუს ტყვეებს

ქირურგი-ორთოპედი ლევან ნაჭყებია 2008 წლის აგვისტოს ომისდროინდელ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იმ დროს თბილისში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფებოდა და ეთნიკური ნიშნის მიუხედავად მკურნალობდა პაციენტებს.

„დასტურად იმისა, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საავადმყოფოში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არის ის ფაქტიც, რომ 2 რუს მფრინავს, ვიაჩესლავ მალკოვს და იგორ ზინოვს, რომლებიც ქართული ქალაქების დაბომბვის შემდეგ ჩამოაგდო ქართულმა მხარემ, ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად ვმკურნალობდი, ეს მფრინავები წითელი ჯვრისა და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცეს რუსეთს“, – ეუბნება რადიო „თავისუფლებას“ ქირურგი-ორთოპედი ლევან ნაჭყებია.

სამხედრო მფრინავები, მაიორი იგორ ზინოვი და პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მალკოვი ტყვედ 2008 წლის 9 აგვისტოს ჩავარდნენ, მას შემდეგ, რაც მათი საფრენი ბომბდამშენები ქართულმა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ ცხინვალის მისადგომებთან ჩამოაგდო. ისინი 19 აგვისტოს მდინარე ლეხურის ხიდზე გადასცეს რუსულ მხარეს.

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის, ვაჟა გარინდაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და, როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ცხინვალში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close