საქართველოში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა – პაციენტი სიკვდილს გადაარჩინეს

საქართველოში, თბილისში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო მასშტაბით – პაციენტი ორი გამსკდარი ანევრიზმით (გულმკერდში და მუცლის ღრუში), რომელიც სასიცოცხლო ჩვენებით შევიდა აკად. ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში, ექიმებმა, პრაქტიკულად, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. 78 წლის მამაკაცი 6-კვირიანი რეაბილიტაციის შემდეგ კლინიკიდან უკვე გაეწერა და სახლში განაგრძობს ხანგრძლივ, ურთულესი ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ცნობილ სისხლძარღვთა ქირურგს, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის დირექტორს, პროფესორ კონსტანტინე ყიფიანს დავუკავშირდით:

ბატონო კოტე, ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენს კლინიკაში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა…

მართლა არ მომწონს ეს სიტყვა- უნიკალური, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ასე იყო: ოპერაციის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ერთბაშად გასკდა ორი ანევრიზმა და ჩვენ ამას გავართვით თავი. ეს არის სიამაყე ქართული მედიცინის, მარტო ჩვენი კლინიკის კი არა. საქართველოში ეს ხდება და მე ეს ძალიან მეამაყება. მე კლინიკის დირექტორი ვარ და არ უნდა ვამბობდე ამას, მაგრამ მეამაყება, რომ ჩვენმა გუნდმა ამას თავი გაართვა. გაუღიმა ამ ადამიანს ბედმა, რომ მოხვდა იმ კლინიკაში, სადაც კეთდება ყველა სახის რეკონსტრუქციული ოპერაციები.

ბატონო კოტე, თუ შეიძლება, ჩვენს მკითხველს განუმარტეთ, რა სახის ოპერაცია ჩატარდა და რატომ იყო ეს შემთხვევა განსაკუთრებული.

ანევრიზმა არის გაფართოებული სისხლძარღვი, რომლის კედელი გამობერილია, თუმცა მთლიანობა შენარჩუნებულია. გასაგები რომ იყოს, პაციენტებს ასე ვუხსნი ხოლმე: ანევრიზმა „ბაბონივითაა“, რომ სკდება ეს „ბაბონი“ (ანევრიზმა), სისხლძარღვის კედლის მთლიანობა ირღვევა და სისხლი ორგანიზმში იღვრება.

78 წლის პაციენტი შემოვიდა გამსკდარი ანევრიზმით გულმკერდის არეში და ვიდრე შევიყვანეთ საოპერაციოში, მუცლის ღრუშიც რომ იყო ასეთი „ბაბონი“ (ანევრიზმა), ისიც გასკდა. უმძიმესი შემთხვევა იყო, ერთბაშად ორი ანევრიზმა გასკდა და სისხლი იღვრებოდა გულმკერდში და მუცლის ღრუში. საერთოდ წარმოუდგენელი იყო ამ პაციენტის გადარჩენა, იმიტომ რომ მარტო ერთი გამსკდარი ანევრიზმის დროს პაციენტების 60-70 პროცენტი იღუპება. ამ პაციენტს ორი ანევრიზმა ერთბაშად გაუსკდა იზოლირებულად, სხვადასხვა ღრუში. მე ლიტერატურაში ვერ მოვნახე, რომ ერთბაშად გასკდეს გულმკერდის ანევრიზმა და მუცლის აორტის ანევრიზმა. ეს არ ხდება, სკდება ან ერთი, ან მეორე არტერია.

ახალი არაფერი გამოგონებულა: როცა სკდება ანევრიზმა, პროტეზირება ხდება ანუ ხელოვნური სისხლძარღვი ეკერება გამსკდარი აორტის მაგივრად.

ოპერაციის უნიკალურობა იმაშია, რომ ერთბაშად ჩაეკერა ხელოვნური სისხლძარღვი გულმკერდის არეში და ჩაეკერა ხელოვნური სისხლძარღვი მუცლის ღრუში. ეს ყველაფერი ხდებოდა ხელოვნური სისხლის მიმოქცევის მეშვეობით, რადგან თირკმლის უკმარისობა განვითარდა: ეს ჩვეულებრივ მოსალოდნელი იყო, ხელოვნური თირკმლის აპარატზე იყო ჩართული. წარმოიდგინეთ, ადამიანს 5 ლ სისხლი აქვს და 2,5 ლ რომ დაიკარგება. რეაბილიტაციის დროს ისევ ამუშავდა პაციენტის თირკმელები  და იგი კლინიკიდან გაეწერა.

ვინ გააკეთა ეს ოპერაცია, ვინ იყო ქირურგი?

მარტო ქირურგი ამას, გამორიცხულია, თავს ვერ გაართმევდა. ყველას დამსახურებაა, მთელი გუნდის – დაწყებული ახალგაზრდა ქირურგიდან, რომელიც ძალიან კარგი ქირურგია, დამთავრებული ექთნამდე, ყველამ ძალიან კარგად იმუშავა… ტაქტიკა სწორად განვსაზღვრეთ – ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ვიცოდით წინასწარ, რომ პრობლემები გვექნებოდა, საჭირო გახდა ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის ჩართვა. ღამე ჩატარდა ოპერაცია, სისხლძარღვთა ქირურგები, კარდიოქირურგები, რეანიმატოლოგები, ანესთეზიოლოგები – აბსოლუტურად ყველა მობილიზებული იყო და გუნდურად მაღალ დონეზე იმუშავეს.

ოპერაციის შემდეგ დიდხანს იწვა პაციენტი კლინიკაში რეაბილიტაციის მიზნით, როგორც აღვნიშნე, თირკმელები ისევ აუმუშავდა, დიალიზზე არ არის… ძალიან რთული იყო რეაბილიტაცია.

ალბათ უცხოურ სპეციალიზებულ ჟურნალში გაგზავნით ამ ოპერაციის აღწერას…

მოვიძიეთ ლიტერატურა, თუ იყო ასეთი შემთხვევა მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ ვერ მოვნახეთ. იყო შემთხვევები, რომ პაციენტს ჰქონდა ორი ანევრიზმა (დეფექტიანი სისხლძარღვი), მაგრამ მხოლოდ ერთი იყო გამსკდარი, ან მუცლის ღრუში, ან გულმკერდში. მაგრამ ერთბაშად, ერთად რომ ყოფილიყო, ასეთი დამთხვევა არ ყოფილა… ეს მოხდა ჩვენთან და კარგი შედეგით დასრულდა.

ჩვენ გავგზავნით ინფორმაციას ამ ოპერაციის შესახებ და ალბათ აუცილებლად გამოქვეყნდება უცხოურ ჟურნალში.

***

nostal.ge პაციენტის მეუღლეს დაუკავშირდა:

„ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, იმ ღამეს ჩემი მეუღლე ვერ გადარჩებოდა, – გვითხრა ქალბატონმა ი. ზ.-მ, პაციენტის მეუღლემ. – მინდოდა, ძალიან დიდი მადლობა გადამეხადა საავადმყოფოს ექიმებისთვის, მაგრამ როგორ გადამეხადა, არ ვიცოდი. ძალიან დიდი პატივი გვცეს და ძალიან კარგად გააკეთეს ყველაფერი. ძალიან ძვირფასი ექიმები შეგვხვდნენ ჩვენს ბედზე. დავით გეგელაშვილი, ქირურგი, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა ჩემს ქმარს, ყოველთვის გვირეკავს და გვკითხულობს. დიდი მადლობელი ვარ, ღმერთმა უშველოთ“.

ჩვენი მხრივ, ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ასეთი ოპერაციები ტარდება, რომ არიან მაღალპროფესიონალი ექიმები, რომ შესანიშნავი ახალი თაობა მოდის, რაც ქართული მედიცინის განვითარების და წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

ნინო ლურსმანაშვილი

 

კომენტარები