ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება იხსნება
ადოლფ ჰიტლერის მშობლიურ სახლში, ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუში, სადაც იგი 1889 წელს დაიბადა და სიცოცხლის პირველი წლები გაატარა, პოლიციის განყოფილებას გახსნიან. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება 19 ნოემბერს გამოცხადდა და მისი ერთ-ერთი მიზეზია ჰიტლერის იდეების მომხრეთა მასობრივი ტურიზმი მთელი მსოფლიოდან მისი დაბადების ადგილის მოსანახულებლად. სახლის წინ ნაციონალ-სოციალიზმის მხარდამჭერები პერიოდულად აქციებს მართავდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანთა დაკავებით სრულდებოდა. პოლიციის განყოფილებამ არასასურველი სტუმრები უნდა „დააფრთხოს“.
ავსტრიის ქალაქ ბრაუნაუს ცენტრში მდებარე სამსართულიან სახლში, ყოფილ სასტუმროში, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნეშია აშენებული, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯერ ბიბლიოთეკა იყო, შემდეგ – სკოლა; 1972-2011 წლებში შენობაში კულტურული ცენტრი მოქმედებდა, შემდეგ კი, რამდენიმე წელი, შენობა ცარიელი იყო, რადგან მისმა მფლობელმა ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა.
ავსტრიის ხელისუფლებამ სახლის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მოგვიანებით ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა. მასში პირდაპირ იყო მითითებული, რომ იკრძალებოდა სახლის გამოყენება ნაციონალ-სოციალისტური იდეების პროპაგანდის მიზნით. სახლის ყოფილ მფლობელს კი კომპენსაციის სახით 810 ათასი ევრო გადაუხადეს – ასე შეაფასეს მისი ღირებულება ექსპერტებმა. 68 წლის ქალი 1,5 მლნ ევროს ითხოვდა სახლის „განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების გამო“. თავიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მისი სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა უზენაესი სასამართლოს პალატამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
აღსანიშნავია, რომ „ცუდი დიდებისგან“ გათავისუფლების მიზნით 2016 წელს ქალაქის ხელისუფლებამ ჰიტლერის სახლის დანგრევაც გადაწყვიტა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ მოუყვანიათ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები