იტალიასაზოგადოება

ვენეციამ რთული პერიოდი უკან მოიტოვა, მერია მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს

ვენეციამ ამოისუნთქა და გუშინდელი (ბოლო კვირაში – მესამე „მაღალი წყლის“ (AQUA ALTA) პიკის (150 სმ) შემდეგ ცდილობს, ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს. გუშინ, ბოლოჯერ, მოქცევის პიკმა 150 სმ-ს მიაღწია, თუმცა მალე დაიკლო.

დღეს ვენეციაში კვლავ გაიხსნა სკოლები, მუზეუმები, რეგულარულად მოძრაობს ტრანსპორტი.

ქალაქის ხელისუფლება ზარალის დათვლას იწყებს.

„ჩვენ ფერფლიდან აღვდგებით, როგორც ფენიქსი, მთავარია, რომ ქალაქი ერთიანი იყოს“, – განაცხადა ვენეციის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ.

როგორც ცნობილია, იტალიაში მოქალაქეები თანხებს აგროვებენ ვენეციის დასახმარებლად. ამ თხოვნით ქალაქის მერიამ მიმართა იტალიის მოსახლეობას, ყველას, ვისთვისაც „სულერთი არ არის ქალაქის ზოგადსაკაცობრიო საგანძური“, რომ დაეხმაროს ვენეციას წყალდიდობის შემდეგ აღდგენაში. შესაბამისი განცხადება ვენეციის ადმინისტრაციის საიტზე 15 ნოემბერს გამოქვეყნდა. საიტზე მოცემულია ანგარიშის ნომერი, სადაც მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, 2019 წლის ნოემბრის წყალდიდობა დაკვირვებების წარმოების პერიოდში (1923 წლიდან) მეორე ყველაზე მასშტაბური სტიქია იყო ვენეციაში. წინასწარი მონაცემებით, ზარალი ასობით მილიონი ევროს შეადგენს.

სტიქიის გამო დაზიანდა საზოგადოებრივი შენობები, ბანკები, სან მარკოს ბაზილიკა, ისტორიული და მხატვრული მემკვიდრეობა, სკოლები, მუზეუმები, კერძო სახლები, მაღზიები და ა. შ.

ეროვნულმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ დააჩქარებს რაბების მშენებლობას (პროექტი „მოსე“), რომელიც 2003 წლიდან მიმდინარეობს და რომელზეც უკვე დახარჯულია 7 მილიარდი ევრო. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

ნიკო აბაშიშვილი 

სან მარკოს მოედანი, ვენეცია, 17 ნოემბერი, 2019წ. ფოტო: ANSA/Andrea Merola

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close