საქართველოსაზოგადოება

იტალიელმა მოქანდაკემ თბილისს საჩუქრად ხუთმეტრიანი „კვერცხი“ გადმოსცა

დაახლოებით ხუთმეტრიანი ქანდაკება, რომელიც თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაამონტაჟეს, კვერცხის ფორმის მონუმენტს წარმოადგენს.

ქართული წარმოშობის იტალიელმა მოქანდაკე პრასტომ (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისს საჩუქრად ახალი ქანდაკება N’Uovo (კვერცხი) გადმოსცა.

ქანდაკება ავტორმა საკუთარი სახსრებით შექმნა. ვაჟა მიქაბერიძე თბილისში სპეციალურად ქანდაკების გახსნის ცერემონიისთვის ჩამოვიდა.

დაახლოებით ხუთი მეტრი სიმაღლის ქანდაკება N’Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

ქანდაკება პირველი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟდა. ანალოგიური ქანდაკება პრასტომ იტალიის ქალაქ პიეტრასანტესაც გადასცა, სადაც დიდი ხანია ცხოვრობს და მოღვაწეობს. ქალაქი ცნობილია მარმარილოსა და ბრინჯაოს დამუშავების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. ქანდაკება 2016 წელს პარკ La Versiliana-ში დაამონტაჟეს.

პრასტოს ნამუშევრები საქართველოს, იტალიისა და რუსეთის კერძო კოლექციებსა და სახელმწიფო გალერეებში ინახება.

ნამუშევრების მთელი სერია გააერთიანა მოქანდაკემ გამოფენაში „ეკვილიბრიუმი”, სადაც ყველა ექსპონატს კვერცხის ფორმა აქვს და სააღდგომო თემატიკას ეხმიანება.

პრასტო თბილისში დაიბადა. იგი 1993 წლიდან იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, დაამთავრა რიაჩის აკადემია ფლორენციაში, მანამდე თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.

პრასტო ორი ცნობილი ქანდაკების ავტორია, რომლებიც თბილისსა და მირზაანს ამშვენებს, ესენია ნიკო ფიროსმანის ქანდაკება მის მშობლიურ მირზაანში და სერგო ფარაჯანოვის ქანდაკება დედაქალაქში, ბამბის რიგში.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close