საზოგადოებასაქართველო

ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია

ქართული ეროვნული ბალეტის დირექტორი ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩის პოზიციას ინარჩუნებს.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა აცხადებს, რომ სიცრუეა ზოგიერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ნინო სუხიშვილს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება შეუჩერეს:

„გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის“.

ნინო სუხიშვილმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორს ფილმის გადაღება ანსამბლის ბაზაზე უნდოდა.

„ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი, კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართულ ცეკვაში მამაკაცის როლი არის მამაკაცური და აქ მთავარი ტრადიციული დატვირთვაა.

ფილმის სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია. ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ქართულ ცეკვათა უმეტესობა საერთოდ ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა აგებული. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდა ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღო-მეთქი? მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, ძლიერი და ტრადიციული. ეს ყველა ცეკვაში და მოძრაობაში ჩანს. მე არ მინდოდა ჩემი ანსამბლი გადაეღოთ ასეთ ფილმში, ეს იქნებოდა ხელოვნურად დადგმული ტყუილი და იმ კულტურის დაცინვა, რაზეც ვდგავართ,“ – განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

შეგახსენებთ, ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი 2017 წელს გახდა.

მანანა ბანძელაძე

პ. ს. „არტინფო“ წერს, რომ ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ჭორის ავტორი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი ლევან აკინია. სწორედ მან განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი აღარ არის და ის „დაითხოვეს“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close