ჰოროსკოპი: ბედნიერი ცხოვრების გასაღები ზოდიაქოს ნიშნებისთვის
საკუთარ მეორე ნახევარს თუ კარგად იცნობთ, ეს უკვე ბედნიერი ცხოვრების გასაღებია – დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული. მეორე ნახევრის უკეთ გაცნობაში კი ვარსკვლავები დაგეხმარებიან.
თუ თქვენი ქმარი ვერძის თანავარსკვლავედში დაიბადა, დარწმუნებული იყავით, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი განძი ხართ და თუ გინდათ, რომ მუდამ უყვარდეთ, ურთიერთობისას ბევრი რამის დათმობა მოგიწევთ. შესაძლოა, ზოგჯერ ტყუილუბრალოდაც გაწყენინოთ და შემდეგ პატიება გთხოვოთ. თქვენ, რასაკვირველია, დიდსულოვნად უნდა აპატიოთ. მის გვერდით მუდამ მოწესრიგებული უნდა იყოთ, ბალზე წასასვლელად გამზადებულს უნდა ჰგავდეთ. ვერძს ყველგან და ყველაფერში მეფობა უყვარს – თქვენს გულში, მით უმეტეს. იგი საშინელი მესაკუთრეა, თანაც ეჭვიანი. თქვენ ყველა მისი მეგობარი უნდა მოგწონდეთ, თუმცა თავად უფლებას იტოვებს, რომ თქვენი მეგობრები არ მოსწონდეს. ვერ იტანს, მთელი დღეები მხოლოდ საოჯახო საქმეებით იყოთ დაკავებული, მაგრამ ვერც ცოლის ეჭვიანობას ეგუება. თუ ამ უკიდურესობათა შორის გამოსავალს იპოვით, ვერძი გაგაღმერთებთ და სიკვდილამდე თქვენი ერთგული იქნება.
ცოლი ვერძი მეუღლისგან ბევრს მოითხოვს, თუმცა თავადაც ბევრს გასცემს. როცა მის გვერდით ხართ, გახსოვდეთ, რომ არ უნდა გაბედოთ საყვარელ მსახიობი ქალის შექება, არც თქვენი მეუღლის მეგობარი ქალის მიმართ უნდა გამოთქვათ კომპლიმენტები. მას, როგორც გათხოვებამდე, ისე შემდეგაც სრული თავისუფლება სჭირდება. თუ უყვარხართ, თქვენი ერთგული იქნება, მაგრამ თუ სხვა მამაკაცის მიმართ სიმპათია გაუჩნდა, მანამ დაგშორდებათ, სანამ გიღალატებთ, ამიტომ ეცადეთ, მასთან ურთიერთობაში რომანტიკული ელფერი შეინარჩუნოთ და თავს მუდამ ბედნიერად იგრძნობთ.
კურო
ქმარი კურო ოჯახურ სიმყუდროვეს აღმერთებს. თუ მასთან ყოფნა გსურთ, დამთმობი და თავშეკავებული უნდა იყოთ. როცა მარტონი ხართ, სიამოვნებით მოისმენს თქვენს აზრს, მაგრამ საზოგადოებაში იმავეს არ გაპატიებთ. მეუღლის ეჭვიანობას ვერ ეგუება. თქვენში კეკლუცობა და ქალური შარმი ხიბლავს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯოთ. კურო აღტაცებით უცქერის, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენს მისი მეუღლე საზოგადოებაზე. ამქვეყნად არ არსებობს ისეთი რაღაც, რასაც კურო თავისი მეორე ნახევრისთვის არ გააკეთებს. იგი ბევრს მუშაობს და ცხადია, შესაბამისი დასვენებაც სჭირდება. თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, რომ კარგად დაისვენოს, სიფიცხე მოეძალება. თქვენს სახლში გამუდმებით უნდა ისმოდეს წყნარი მუსიკა და მყუდროება სუფევდეს. იყავით ჭეშმარიტი ქალი და უკეთეს ქმარს ვერსად იშოვით – ყურადღებიანს, ალერსიანს და საოცრად მოსიყვარულეს.
ცოლი კურო მშვიდი, აუღელვებელი, ძლიერი არსებაა. მასთან თავს ყოველთვის ბედნიერად იგრძნობთ, თუ, რა თქმა უნდა, პატივს სცემთ და მისი ხასიათის ამ თვისებებს გაითვალისწინებთ. გარდა ამისა, უნდა გახსოვდეთ, რომ საოცრად მგრძნობიარეა სუნების მიმართ და ეცადეთ, რომ ხარისხიანი საპარსი ქაფი და ძვირფასი ოდეკალონი იხმაროთ. დიდად ასიამოვნებთ, თუ დროდადრო მდიდრულ რესტორანში დაპატიჟებთ, სანელებლებით უხვად შეკმაზული გემრიელი კერძები უყვარს. თავადაც არაჩვეულებრივი მზარეულია. სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქალებისგან განსხვავებით იგი ეჭვიანობით არ შეგაწუხებთ.
კუროს ძალიან უხდება დედობა. ეს დიადი გრძნობა ბრწყინვალედ ერწყმის მის მშვიდ და აუღელვებელ ხასიათს. თუ მის გემოვნებას შეეფერებით, იგი იამაყებს თქვენით. მას შეუძლია იმედი ჩაგინერგოთ მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ მთელმა ქვეყანამ ზურგი შეგაქციათ. ცოლი კურო ნამდვილი ოჯახის დედაბოძია, ძალზე საინტერესო და ყოველთვის სასურველი ქალი.
ტყუპი
ქმარი ტყუპის განწყობა რომ ძალზე სწრაფად იცვლება, ამას თაფლობის თვეშივე იგრძნობთ. თუ ასეთ ცვლილებებს შეეგუებით, არ შეცდებით. იგი უწინდებურად გაგაოცებთ მოულოდნელობებითა და ინტერესთა ფართო სფეროთი, თუმცა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ მასთან თავდავიწყებამდე არასდროს არ უნდა მიხვიდეთ.
ტყუპი რაც უფრო გვიან ქორწინდება, მით უფრო მყარი იქნება მისი ქორწინება. იგი თავის გაორებისკენ სწრაფვას ორი მანქანით, ორი დიპლომით, ორი სამსახურით – ორი გატაცებით ინაზღაურებს. ტყუპს ურჩევნია, მისი მეუღლე მახვილი ჭკუით ბრწყინავდეს და არა სამკაულებით. თუ მასთან ინტელექტუალურ ჰარმონიას მიაღწევთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. იგი არასდროს ეჭვიანობს ცოლზე და, რაც მთავარია, არც ფიზიკურად და არც სულიერად არ ღალატობს მას.
ცოლი ტყუპი ისეთ შეგრძნებას გიქმნით, თითქოს რამდენიმე ქალზე ერთდროულად იქორწინეთ. მას შეუძლია სრულიად სხვადასხვაგვარად მოიქცეს: ხან შინაური საქმეები მობეზრდეს და სადღაც გადაიკარგოს, ხანაც საოცრად კარგი დიასახლისი იყოს და მხოლოდ ოჯახზე იზრუნოს. თქვენი ვალია, ნებისმიერ სიტუაციაში გაუგოთ მას. გარდა იმისა, რომ ჭკვიანი და მაღალინტელექტუალური ტყუპები კარგი მოსაუბრენი არიან, ისინი საოცარი გულისხმიერებითა და მომხიბვლელობითაც გამოირჩევიან. ნებისმიერ საზოგადოებაში თავს ლაღად გრძნობენ, ძალზე ქალურები და რომანტიკულებიც არიან. მას გვერდით ისეთი მამაკაცი სჭირდება, რომელიც მასავით სწრაფად იცვლის აზრებს. თუ თქვენ ასეთი მამაკაცი ხართ, შეეცადეთ ხელი არ გაუშვათ, რადგან თქვენ მას არანაკლებ სჭირდებით, ვიდრე იგი თქვენ.
ქმარი კირჩხიბი თავს ყველაზე მშვიდად სახლში გრძნობს. მთელი მსოფლიო რომ შემოიაროს, ისეთი ბედნიერი ვერსად იქნება, როგორც საკუთარ სახლში. არ გაგიკვირდეთ, თუ გამუდმებით საკუთარ დედას შეგადარებთ, თქვენს სახლს კი – მშობლებისას. ბავშვობიდან სითბოს, ალერსს და მყუდროებას მიჩვეული კირჩხიბი ცოლისგანაც იმავეს ითხოვს. თავად მეუღლის მიმართ საოცრად ყურადღებიანია. ოჯახში უმნიშვნელო წვრილმანსაც კი დიდ ყურადღებას აქცევს. ძალზე პრეტენზიულია, ამიტომ გვიან ოჯახდება. თუ გაუმართლა, თავის რჩეულს ცამდე აიყვანს და საჩუქრებით აავსებს. გამუდმებული ყურადღებით თაყვანისმცემლებს მალე ჩამოგაცილებთ, მაგრამ არ ინანებთ. გახსოვდეთ, რომ როცა მისი ცოლი გახდებით, ხელი არ უნდა ახლოთ მის ნივთებს და არ გაბედოთ მათი გადაყრა. ეს იგივე იქნება, სკოლის წარჩინებით დამთავრების დიპლომი რომ გადაუგდოთ. ეს ყველაფერი მისი განძია და არანაკლებ უნდა „ეფეროთ“, ვიდრე თავად მას. ამ ზრუნვისთვის მას მთელი ცხოვრება უზომოდ ეყვარებით.
ცოლი კირჩხიბი ნებისმიერი ქვეყნის საუკეთესო კულინარებს დაუდგება გვერდით. სამზარეულო მისი უსაყვარლესი ადგილია. თქვენს გულწრფელ სიყვარულს იგი მარადიული ერთგულებით უპასუხებს და თქვენგანაც იმავეს მოითხოვს. საოცრად ემოციური და ძლიერი პიროვნებაა. თუ ახლობელ ადამიანს რაიმე საფრთხე ემუქრება, ისეთი რამის ჩადენა შეუძლია, რაზეც სხვა დროს ფიქრიც კი ზარავს. პატივისცემით უნდა მოეპყროთ მის მშობლებს, განსაკუთრებით დედას. ცოლის თანდასწრებით არასოდეს არ მოჰყვეთ ანეკდოტს სიდედრზე – ეს მას ძალიან გაანაწყენებს.
იგი ხშირად ეჭვითა და შიშით იტანჯება, ჰგონია, რომ არც თუ ისე ლამაზი და ახალგაზრდაა, არ არის თქვენი შესაფერი და ა. შ. თქვენ ყოველწუთს საპირისპიროში უნდა დაარწმუნოთ. მას შეუძლია დღეში ორმოცდაათჯერ მოისმინოს თქვენი აღფრთოვანებული სიტყვები, რომ ყველაზე ლამაზია და ძალიან გიყვართ, ოღონდ სავსებით გულწრფელი უნდა იყოთ.
ქმარი ლომი როცა შეყვარებულს ან ცოლს სცილდება, მისი სიამაყე იმდენად ილახება, გეგონებათ აღსასრულის ჟამი დაუდგაო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად სრულდება. ლომი მალევე ურიგდება მეუღლეს (ან შეყვარებულს) ან ახალს პოულობს… და ისევ ბედნიერია. მსგავსი შემთხვევები ლომის ცხოვრებაში უამრავია. ლომი მამაკაცი ძალიან ეჭვიანია, როცა მასთან ხართ, სულით ხორცამდე მას უნდა ეკუთვნოდეთ. ლომთან ურთიერთობისას რბილი, ალერსიანი და ნაზი უნდა იყოთ. ასე თვით ყველაზე შმაგ ემოციებსაც დაუცხრობთ. სხვათა შორის, საკუთარ პროფესიულ კარიერასაც უნდა გამოემშვიდობოთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქმარი-ლომი კეთილი და დიდსულოვანია, მით უმეტეს, რა თქმა უნდა, თუ სამყაროს ცენტრად აღიარებთ. თუ იმგვარი პატივისცემითა და ყურადღებით მოეპყრობით, როგორსაც, მისი აზრით, იმსახურებს, ნებისმიერ სურვილს აგისრულებთ – მის გულუხვობას საზღვარი არ ექნება. გააღმერთეთ და დარწმუნებული იყავით, რომ არასოდეს გიღალატებთ. გახსოვდეთ, ბავშვებს მასზე მეტ ყურადღებას თუ მიაქცევთ, ლომი განაწყენდება და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.
ცოლი ლომი სიყვარულის უფლებას თუ გაძლევთ, ეს უკვე დიდი პატივია, ხოლო თუ თვითონაც სიყვარულით გიპასუხებთ, ჩათვალეთ, რომ ამქვეყნად ტყუილად არ მოვლენილხართ. მისმა თაყვანისმცემელმა, პირველ რიგში, სატრფო საჩუქრებით უნდა აავსოს. საჩუქრის გადაცემის მომენტში კი ბალზე წასასვლელად გამზადებულ პრინცზე არანაკლებ მომხიბვლელად უნდა გამოიყურებოდეთ, თანაც ქათინაურების თქმა უნდა ისწავლოთ. მოკლედ, ისე უნდა მოიქცეთ, თითქოს დედოფალთან მიღებაზე მისული საპატიო სტუმარი იყოთ.
ცოლი ლომი ნამდვილად განძია. თქვენ მას ვერასოდეს იხილავთ სახეზე საცხწასმულს, თუმცა არ გეგონოთ, რომ კოსმეტიკას არ ხმარობდეს. იგი შესანიშნავი დიასახლისია. სტუმარს არა მარტო მშვენივრად გაუმასპინძლდება, არამედ გაართობს და მოხიბლავს კიდეც. მისი ფარული და სანუკვარი ოცნებაა ყოველთვის უყვარდეთ და აღმერთებდნენ. მისი თანდასწრებით ქალთან გაღიმებაც არ გაბედოთ, იგი დედოფალია, თქვენ კი – მხოლოდ და მხოლოდ მისი ქვეშევრდომი.
ქმარი ქალწული თავისი ოჯახის ერთგულია. მისი სიყვარული ყოველთვის თანაბარი ალით ენთება და მისი სითბო ნებისმიერი ცხოვრებისეული ქარტეხილისგან დაგიცავთ. სხვა ქალებთან არშიყით არასოდეს გაეჭვიანებთ და ყველანაირად ეცდება, რომ არანაირი ემოციური და მატერიალური სიძნელეები არ შეგეხოთ. ერთადერთი, რაც სჭირდება, ისაა, რომ გამუდმებით გვერდით ეგულებოდეთ. ეჭვიანობის სცენებს არასოდეს გაგიმართავთ, მაგრამ იცოდეთ, რომ იგი ზოდიაქოს ყველა სხვა ნიშანზე უფრო მეტად მესაკუთრეა. ქალწული თქვენში მეგობარს ეძებს და არა საყვარელს. ხარბი, გონებაჩლუნგი, ზარმაცი და მერყევი ქალი ქალწულ მამაკაცთან წარმატებებს ვერ მიაღწევს, თუ გინდ სექსსიმბოლო იყოს. მას ძალიან მოსწონს, როცა მის ჯანმრთელობაზე ზრუნავთ. მასაც მიეცით საშუალება, რომ თქვენზე იზრუნოს. ნუ მისცემთ შენიშვნებს, თავს ნუ მოაბეზრებთ, მისი კრიტიკა სიცილ-კისკისით მიიღეთ და არანაირი პრობლემა არ შეგაწუხებთ.
ცოლი ქალწული დაუყოვნებლივ დაანგრევს ოჯახს, თუ თავის ქორწინებას არასრულყოფილად თვლის. ამასთან, ისე სწრაფად და გადაჭრით იმოქმედებს, როგორც ქირურგი – ოპერაციის დროს. ოჯახის დანგრევა მისთვის დიდი ტრაგედიაა, მაგრამ სიყვარულში თვალთმაქცობა – კიდევ უფრო მეტი. მის გაკრიტიკებას ნუ შეეცდებით. იგი თავის შეცდომას სახალხოდ არასოდეს აღიარებს. საერთოდ, ქალწული იშვიათად ცდება. თუ გსურთ მასთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოთ, ყველა ბრალდება უკან წაიღეთ და ისევ მეგობრებად დარჩით. იგი ძალიან შორსმჭვრეტელია, ამიტომ მის მოტყუებას ნუ შეეცდებით, არაფერი გამოგივათ.
ქალწულს დიდი სასიცოცხლო ძალა და სიბრძნე აქვს. იგი დისკოა, რომლის გარშემო ოჯახის დანარჩენი წევრები ბრუნავენ. მისი სახლი ყოველთვის სისუფთავესა და სიმყუდროვეს ასხივებს. თუ ბედმა გაგიღიმათ და ცხოვრების გზაზე ქალწულს შეგახვედრათ, გაუფრთხილდით ამ წყალობას – ეს ღვთის საჩუქარია.
როცა ქმარი სასწორი გაწონასწორებულ მდგომარეობაშია, თქვენს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება, მაგრამ, სამწუხაროდ, აზრები და შეხედულებები გამუდმებით ეცვლება და მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. იგი თავს მოუსვენრად მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც ძალაუფლების მოყვარე მტკიცე ნებისყოფის ქალზე ქორწინდება. ასეთ ქალს შეუძლია შთააგონოს სასწორს, რომ მასთან განქორწინება ყველა მომაკვდინებელ ცოდვაზე მეტი დანაშაულია. ფულთან დაკავშირებით საკმაოდ ხელგაშლილია და ამ მხრივ პრობლემა არ შეგექმნებათ. გირჩევთ, მომხიბვლელი დიასახლისის როლისთვის მოემზადოთ. გახსოვდეთ, თქვენი სახლი არა მარტო სუფთა და მოვლილი უნდა იყოს, არამედ ლამაზიც. ტელევიზორს მაღალ ხმაზე ნუ აუწევთ. ყურადღებით იყავით, სამზარეულოდან საჭმელების სუნმა ოთახებშიც არ შეაღწიოს – ეს სასწორს საშინლად აღიზიანებს. მოუწესრიგებელი, მით უმეტეს, სახეზე კრემწასმული ნუ გამოეცხადებით, თუმცა, შესაძლოა, თავად ძალიან მოუწესრიგებელი იყოს – იატაკზე ყრიდეს სიგარეტის ნამწვებს, სკამზე ტოვებდეს ჭუჭყიან წინდებს… ამას უნდა შეეგუოთ და ყველაფერი სასწრაფოდ მოიყვანოთ წესრიგში.
ცოლი სასწორი შესაძლოა ბამბასავით რბილი და სამოთხის ყვავილივით კეთილსურნელოვანი იყოს, დახვეწილი მანერებით და განუმეორებელი ხმით გამოირჩეოდეს, მაგრამ მასში ძლივს შესამჩნევ მამაკაცურ თვისებებსაც აღმოაჩენთ. იგი იმ კატეგორიის ქალებს განეკუთვნება, რომლებიც კამათში ნებისმიერ მამაკაცს დაჯაბნიან. სანამ ცოლად მოიყვანდეთ, იგი თქვენთან ყოველთვის წააგებს ჭადრაკს და მორცხვადაც გაგიღიმებთ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ შემდგომშიც ასე მოიქცევა. ქორწინება მათთვის ორი ადამიანის ერთობლივი შემოქმედებაა, ისინი იმ კატეგორიის ქალებს მიეკუთვნებიან, რომელთაც მახვილი ანალიტიკური გონება აქვთ და შეუძლიათ ქმარს არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში დაეხმარონ.
უცხო თვალისთვის სასწორის ოჯახური ცხოვრება ადამის და ევას სამოთხეში ცხოვრებას წააგავს, სანამ გველმა საქმე არ გაუფუჭათ. სასწორი ქალი ძალიან სენტიმენტალური და მოსიყვარულეა, ამიტომ უფრო ხშირად მოგეფერებათ, მოგეხვევათ და გაკოცებთ, ვიდრე თქვენ ამას ითხოვთ. მისი სახლი შეიძლება ჟურნალებში ნანახ ნიმუშებს შეადაროთ, გარშემო ისეთი ფერთა ჰარმონიაა. სადილი და ვახშამი კარგი ფაიფურის ჭურჭლით, სანთლების შუქზე, წყნარი მუსიკის თანხლებით იშლება. მენიუ კარგად არის მოფიქრებული. მართალია, ცოლმა შეიძლება ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ თქვენს აზრსაც მოისმენს და საბოლოო ჯამში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მოკლედ, თუ სასწორს შეხვდით, თავი უბედნიერეს ადამიანად შეგიძლიათ ჩათვალოთ.
მორიელი
ქმარი მორიელი საოცრად მგრძნობიარე არსებაა. უყვარს ფუფუნება და ყველაფერი გადაჭარბებული: სმა-ჭამა, სიყვარული… იგი მთელი არსებით მიილტვის სიყვარულისკენ. სიყვარულის ახსნის ისეთ მაგიურ სიტყვათა მარაგს ფლობს, რომ ნებისმიერ ქალს დაატყვევებს. მისთვის დამარცხება წარმოუდგენელია. ყოველგვარი კარნახისა და მითითებების გარეშე წყვეტს ურთულეს ცხოვრებისეულ პრობლემებს, იგი ერთიათად უფრო მეტად შეგიყვარდებათ და პატივს სცემთ, თუ შემთხვევით გასაჭირში იხილავთ. როცა სხვები პანიკაში ვარდებიან, იგი ბრძოლაში უშიშრად ებმება. მორიელი თავის გარშემო ისეთ ადამიანს არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს. მისმა ცოლმა იოტისოდენა ეჭვიც არ უნდა გამოიწვიოს, თავად ცოლს კი ხშირად მოუწევს იმის დანახვა, თუ როგორ ეკიდებიან მის მეუღლეს კისერზე სხვა ქალები. თავი იმით დაიმშვიდეთ, რომ მასზე არანაირი პირფერობა და ცდუნებები არ მოქმედებს. თუ თქვენ მას ბოლომდე ენდობით და მისებურად აზროვნებთ, ისეთი სიყვარულით გაგანებივრებთ, როგორზეც ბევრ ქალს მხოლოდ ოცნება შეუძლია.
ცოლი მორიელი ერთი შეხედვით თითქოს აჰიპნოზებს მამაკაცს. იგი რაღაც მეექვსე გრძნობის წყალობით გულისსწორს პირველი დანახვისთანავე ცნობს. მას ძლიერი, ამაყი, მამაცი, ჭკვიანი და ლამაზი მამაკაცები მოსწონს. თუ მან თქვენ აგირჩიათ, ეჭვგარეშეა, რომ ყველა ზემოჩამოთვლილ თვისებას ატარებთ. იგი უჩვეულოდ ვნებიანია. მორიელი ქალი გათხოვების შემდეგაც მუშაობს, თუ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია. თქვენით ძალიან უკმაყოფილოც რომ იყოს, სხვების თანდასწრებით ანგარიშსწორებას არ დაგიწყებთ, პირიქით, ხალხში ყოველთვის დაგიცავთ. მორიელი აღმერთებს საკუთარ სახლს, რომელიც ყოველთვის ლამაზად და გემოვნებით აქვს მოწყობილი. ისინი წარმოუდგენლად ეჭვიანები არიან. თუ ღალატში გამხილათ, მის მრისხანებას ატომური ბომბის აფეთქება თუ შეედრება. სამაგიეროდ, ვერ იტანს, როცა მასზე ეჭვიანობენ. არადა, საკმარისია საზოგადოებაში გამოჩნდეს, რომ ყველა მამაკაცი მისკენ იხედება და დაჟინებით უწყებს თვალთვალს. არასოდეს ეცადოთ მასზე შურისძიება, საბოლოო ჯამში იგი მაინც გაიმარჯვებს. უმჯობესია, მასთან თავაზიანად მოიქცეთ და დაგიფასდებათ. მასზე ასჯერ ლამაზი ქალებიც კი მხოლოდ ქალები არიან, მორიელი კი „ჯადოქარიცაა“.
მშვილდოსანი
ბუნებით საოცრად აზარტული, პირდაპირი და დიდსულოვანი – ეს ქმარი მშვილდოსანია. მას ყველა ნიშანზე ნაკლები მიდრეკილება აქვს ქორწინებისკენ. გონიერი ქალი მის მიმართ არ იეჭვიანებს და საშუალებას მისცემს თავის ნებაზე იმოქმედოს. ეცადეთ, ცხოვრებას მისი თვალებით უცქიროთ და მისი თამაშის წესებით იხელმძღვანელოთ, მაგრამ დაარწმუნეთ, რომ მის გარდა სხვა უამრავი ინტერესიც გაქვთ. ურიგო არ იქნება, თუ ამ დროს რომელიმე თაყვანისმცემელი დაგირეკავთ (ამის ორგანიზება წინასწარ მოგიწევთ), ძალიან მალე გამოგიცხადეთ, რომ სწორედ თქვენ სჭირდებით. ქორწინების შემდეგ იგივე პოლიტიკა გააგრძელეთ. საშუალება მიეცით, სადაც უნდა, იქ წავიდეს. გჯეროდეთ, მისი ნათესავებით თავს არ მოგაბეზრებთ და ეცადეთ, არც თქვენ შეაწუხოთ.
მშვილდოსანი სპორტის დიდი გულშემატკივარია და თქვენც ხშირად მოგიწევთ სპორტული გადაცემების ყურება. როცა მისი ცოლი გახდებით, წიგნების კითხვას არ შეეშვათ, რადგან უინტელექტო ქალები არ უყვარს. როგორც კი დაგიძახებთ, ბავშვები იმწუთას ძიძას უნდა ჩააბაროთ და დაუყოვნებლივ გაჰყვეთ, სადაც გეპატიჟებათ.
მშვილდოსანი ქალის ქორწინებაზე დასათანხმებლად არაერთი მახის დაგება მოგიწევთ. სამსახურის მიტოვებას ნუ დააძალებთ, რადგან სულ ერთია, მაინც ისე მოიქცევა, როგორც სურს. ზოგჯერ ცოტა პირქუშად მოგეჩვენებათ, სინამდვილეში კი ძალზე სენტიმენტალური და ქალურია. საოჯახო საქმეები გულზე მაინცდამაინც არ ეხატება, მაგრამ სახლის იდეალურ სისუფთავეზე ყოველთვის ზრუნავს. იგი სიამოვნებით იყოლიებდა სახლში მოსამსახურეს. თუ ამის საშუალება გაქვთ, თქვენი მეუღლისთვის ეს დიდი საჩუქარი იქნება. არც სამზარეულოში ტრიალი იტაცებს და რესტორანში წასვლას ამჯობინებს, თუმცა ძალიან უყვარს სტუმრების მიღება და მათთან ერთად გართობა. ცუდ ხასიათზე იშვიათადაა. მშვილდოსან ქალს თქვენი გაიდეალება შეუძლია და არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს გამოგიტყდებათ, რომ მთელი ცხოვრება, ბავშვობიდან მოყოლებული, თქვენ გეძებდათ და ბედნიერია, რომ გიპოვნათ.
ქმარი თხის რქა სიცოცხლის ბოლომდე ახალგაზრდულ თვისებებს ინარჩუნებს და შეუძლია ქორწინებიდან ხუთი ათეული წლის შემდეგაც კი შორეულ მოგზაურობაში მიგიპატიჟოთ. მისმა ახალგაზრდულმა სულისკვეთებამ შესაძლოა ღალატის შიშიც კი აღგიძრათ, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ოჯახსა და ცოლ-შვილს მას ვერანაირი გატაცება ვერ შეუცვლის. მისმა ერთგულმა, მოყვარულმა და მომთმენმა მეუღლემ მზარეულობაც ჩინებული უნდა იცოდეს და სახლიც მუდამ იდეალურ წესრიგში უნდა ჰქონდეს. თუ მის ახლობლებს ხაზგასმული თავაზიანობით არ მოექცევით, ორცეცხლშუა ჩავარდნილი თხის რქა პირქუში და სიტყვაძუნწი გახდება. მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, თუ როგორი გემოვნებით იცვამს მისი მეუღლე, როგორ უჭირავს თავი საზოგადოებაში, რამდენად განათლებული და ჭკვიანია. თუ ძალიან ლამაზი თმა და უმშვენიერესი ფეხები არ გაქვთ, ნუ იდარდებთ, ეს თქვენი ქმრისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია. თხის რქას ემოციურობა აკლია. თავად მოგიწევთ ასწავლოთ, როგორ დაგარწმუნოთ სიყვარულში.
ცოლი თხის რქა ოჯახურ ცხოვრებაში მყარად იცავს ძველ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. იგი თავისებურად მომხიბვლელია. როცა სხვა ქალებს გაფურჩქვნის ხანა კარგა ხნის გავლილი აქვთ, იგი ჯერ კიდევ გოგონასავით გამოიყურება. მას არანაირი თხოვნა და ხვეწნა არ დასჭირდება ავადმყოფი დედამთილის მოსავლელად და მას გამოჯანმრთელებამდე ერთგულად ემსახურება. იგი ერთადერთი ქალია, რომელიც სადედამთილოს გულწრფელად მოსწონს. მისი სახლი ყოველთვის ისეთი სისუფთავითა და სიმყუდროვით გამოირჩევა, თითქოს იქაურობის დიასახლისი ჩვეულებრივი ქალი კი არა, ჯადოქარია და დამხმარედ გნომების მთელი არმია ჰყავსო. საკუთარი თავის რწმენა რომ არ გაუქრეს, მეტიც, პირიქით, მოემატოს, თხის რქას გამუდმებით სჭირდება მეუღლის ყურადღება და მზრუნველობა. სანაცვლოდ იგი მუდმივი სიყვარულითა და ერთგულებით გიპასუხებთ.
ქმარი მერწყული ნაცნობის გამონახვას უდაბნოშიც მოახერხებს. უყვარს ის, რაც ცხრაკლიტულშია. ცოლს მხოლოდ მაშინ ითხოვს, როცა მისი ყველა მეგობარი დაოჯახდება. მისი საქციელის წინასწარ განჭვრეტა ხომ შეუძლებელზე შეუძლებელია. გახსოვდეთ, რომ მთელი თავისუფალი დრო მას უნდა დაუთმოთ და ყოველწუთს მასზე იზრუნოთ – აბა, ცოლად რატომ მოგიყვანათ?! როცა მოესურვება, ყოველთვის მის გვერდით უნდა იყოთ. გარწმუნებთ, მისგან ბევრად უფრო მეტ საინტერესო ამბავს გაიგებთ, ვიდრე ათასობით ჭორიკანა ნაცნობისგან.
ცოლი მერწყული თქვენი ერთგული, მაგრამ ერთგვარად ცივი და შორეული იქნება. ფული იმდენად აინტერესებს, რამდენადაც სჭირდება. მისთვის თქვენი პროფესიული წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უთვალავი ქონება. ეჭვიანი არაა. ქორწინებამდე იმდენად კარგად შეგისწავლათ, მის მოთხოვნებს რომ არ აკმაყოფილებდეთ, ცოლად არავითარ შემთხვევაში არ გამოგყვებოდათ. თუ სხვა მამაკაცმა სერიოზულად გაიტაცა, ორმაგ თამაშს დიდხანს არ გააგრძელებს და გაგეყრებათ. სასწორის შემდეგ ყველაზე ლამაზი ქალები მერწყულები არიან და თუ ლამაზი არ არის, მიმზიდველი მაინც იქნება. მერწყულს სამყაროზე თავისი შეხედულებები აქვს, ამიტომ მის გადაკეთებას ან გადარწმუნებას ნუ შეეცდებით. თუ მისი შენარჩუნება გინდათ, ნუ იქნებით ეჭვიანი, ძუნწი, ბრაზიანი და ნუ გააკრიტიკებთ. გიყვარდეთ მისი მეგობრები, თუნდაც ხანდახან მათი საქციელი უგუნურადაც კი მოგეჩვენოთ.
მერწყული იშვიათი ინტუიციით და წინასწარმეტყველების უნარით არის დაჯილდოებული. მისი წინასწარმეტყველება იმწუთას თუ არა, ოდესმე მაინც ახდება. იგი მომავლის ქალია და ზუსტად იცის, რა მოხდება.
ქმარი თევზები იმდენად მშვიდი და აუღელვებელი არსებაა, იფიქრებთ, წონასწორობიდან მის გამოყვანას ვერანაირი ძალა ვერ შეძლებსო, მაგრამ… იგი ძალზე ჭკვიანია. სხვისი პრობლემების მიმართ იმდენად მგრძნობიარეა, რომ თქვენ უნდა დაიცვათ აბეზარი მეგობრებისა და ახლობლებისგან. ემოციური დაძაბულობისგან გონს მოსვლა რომ შეძლოს, ამისთვის მარტოობა და ხანგრძლივი დასვენება სჭირდება. მისი წყენინება ძალზე ადვილია. როცა მოწყენილია, ეცადეთ ყველა საქმე გვერდზე გადადოთ და როგორმე გაართოთ. არ უყვარს, როცა ცოლი მასთან წუწუნებს, საყვედურობს ან აკრიტიკებს. მას მუდამ სჭირდება დახმარება ძალების მობილიზებაში, სანაცვლოდ მთელი ცხოვრება თქვენი ერთგული იქნება.
ცოლი თევზები არასოდეს ცდილობს მამაკაცს თავმოყვარეობა შეულახოს. მასთან ისეთ სიმყუდროვეს, სიმშვიდესა და სიხარულს იგრძნობთ, თავი სამოთხეში გეგონებათ. იმდენად ქალური, რბილი და სასიამოვნოა, მამაკაცები ისე ელტვიან, როგორც ფუტკრები – ყვავილს. განწყობილება და ხასიათი მარტის ამინდზე უფრო მეტად ცვალებასდი აქვს. მეუღლეს მუდამ უნდა ახსოვდეს მისი დაბადების დღე, ქორწინების და ნიშნობის წლისთავი, სხვაგვარად ძალიან განაწყენდება. ათეული წლების ერთობლივი ცხოვრების შემდეგაც კი იგი იმ მიამიტ გოგონად რჩება, რომელმაც წლების წინათ მომავალი მეუღლე მოხიბლა.
თამთა გურული
კომენტარები