კვლევა: ბავშვების გონებრივი მონაცემები საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების გამო გაუარესდა

მეცნიერებმა შეისწავლეს ორსულ ქალებსა და მათ შვილებზე საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების და პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის ზეგავლენა და შოკისმომგვრელი დასკვნები გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ რაც მეტად იყენებს ორსული ქალი საყოფაცხოვრებო ქიმიის და პლასტმასის პროდუქციას ორსულობის პირველ ტრიმესტრში, მით უფრო დაბალია მისი შვილის გონებრივი განვითარება (IQ -ინტელექტის კოეფიციენტი) მომავალში.

ექსპერიმენტში, რომელიც 7 წლის წინ დაიწყო, მაუნთ-სინაის სამედიცინო სკოლისა (აშშ) და კარლსტადის უნივერსიტეტის (შვედეთი) მეცნიერები მონაწილეობდნენ.

მკვლევარებმა 718 შვედი ქალის სისხლსა და შარდში 26 ქიმიური ნივთიერების შემცველობის დონე გაზომეს ორსულობის პირველ სამ თვეში. მათ შორის, მხედველობაში იქნა მიღებული პესტიციდების, ფტალატებისა და ბისფენოლ A-ს (BPA) არსებობა, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პლასტიკისგან დამზადებულ პროდუქციაში.

ზოგიერთი ამ ნივთიერების უარყოფითი ზეგავლენა ადამიანის ენდოკრინულ (ჰორმონულ) აქტივობაზე მანამდეც იყო ცნობილი, თუმცა დანარჩენი ნივთიერებები ამ კუთხით ჯერჯერობით მხოლოდ „ეჭვმიტანილთა“ სიაშია.

შემდეგ უკვე მეცნიერები ყურადღებით აკვირდებოდნენ ცდისპირი ქალების ბავშვებს 7 წლის ასაკში. აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა, რომელთა დედებსაც ორსულობის პირველ ტრიმესტრში სხეულში ქიმიკატების უფრო მაღალი დონე დაუდგინდათ, IQ-ს უფრო დაბალი მაჩვენებლები გამოავლინეს, განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა ამან ბიჭებზე მოახდინა.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ განსაკუთრებით დიდი უარყოფითი ზეგავლენა ბავშვების გონებრივ განვითარებაზე მიოახდინა ბისფენოლ F-მა (BPF), რომელიც წარმოებაში გამოიყენება, როგორც BPA-ს (ბისფენოლ A-ს) თითქოსდა უსაფრთხო შემცვლელი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასევე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ბავშვების გონებრივ განვითარებაზე დასუფთავების საშუალებებში გამოყენებულმა ნივთიერებებმა: პესტიციდ ქლორპირიფოსმა და პოლიფთოროალქილურმა ნივთიერებებმა, ტრიკლოზანმა, რომელიც ანტიბაქტერიულ საპნებში გამოიყენება და ფტალატებმა, რომლებსაც კოსმეტიკური პროდუქცია შეიცავს.

ამ ნივთიერებებათაგან უმეტესობა ორგანიზმში მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში რჩება, მაგრამ ეს დროც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ბავშვზე უარყოფითად იმოქმედოს. სამომავლოდ, ბავშვებში ნევროლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან, თუ ეს შესაძლებელია, ორსულმა ქალებმა ამგვარი ზემოქმედებისაგან თავი დაიცვან.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ მათ ქიმიკატების არსებობა ქალების ორგანიზმში მხოლოდ გარკვეულ პერიოდში შეისწავლეს, უფრო სრულყოფილი სურათისთვის აუცილებელია დაკვირვებების ჩატარება ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში და ორსულობის დადგომამდეც.

კვლევის შედეგების უფრო ვრცლად გაცნობა შეგიძლიათ აქ: Environment International

ცნობისათვის: ბისფენოლი A ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენის მსგავსი სინთეზური ნივთიერებაა, რომელსაც ზოგიერთი სახეობის პლასტმასი შეიცავს. ბისფენოლი A, გარდა ბავშვის საკვები ბოთლებისა, აგრეთვე, შედის საკვებისა და სითხის შესანახი კონტეინერების, ბოთლების, შესაფუთი მასალის, დაკონსერვებული პროდუქტის ჭურჭლის, კომპაქტდისკების, სამედიცინო ხელსაწყოების შემადგენლობაშიც.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები