2050 წლისთვის სამჯერ მეტი ადამიანი დაზარალდება ოკეანის დონის მომატებით, ვიდრე ადრე პროგნოზირებდნენ

ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოლუსებზე და მთიან რეგიონებში მყინვარები ინტენსიურად დნება და ამის გამო 2050 წლისთვის მსოფლიოს ოკეანის დონე არსებითად მოიმატებს.

თუ რამდენიმე წლის წინ NASA-ს მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 80 მილიონი ადამიანი დაზარალდებოდა სანაპირო ქალაქებისა და დასახლებების დატბორვის გამო, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს პროგნოზები მცდარი იყო და წყალი უფრო მეტ ტერიტორიას დაფარავს – 300 მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარ სახლს დაკარგავს.

არაკომერციული ორგანიზაცია Climate Central-ის მეცნიერების თქმით, რომლებმაც თავიანთი მოხსენება ჟურნალ Nature Communications-ში გამოაქვეყნეს, მათ მიერ მიღებული ახალი მონაცემები შოკისმომგვრელია.

მეცნიერებმა უფრო ყურადღებით შეისწავლეს მთელ მსოფლიოში სანაპირო ზოლების ტოპოგრაფია და წინა წლების დასკვნებში შესწორებები შეიტანეს.

ყველაზე დიდი ცვლილებები აზიის რეგიონში მოხდებ. ახალი მონაცემების თანახმად, თითქმის მთელი ვიეტნამი (!) წყალქვეშ აღმოჩნდება.

სურათებზე ორივე კვლევის პროგნოზებია ასახული: შესაძლო დატბორვის ძველი პროგნოზი მარცხნივ და ახალი – მარჯვნივ.

ბანგლადეშში შესაძლო დატბორვის ზონა წინა პროგნოზთან შედარებით 8-ჯერ გაიზარდა, ინდოეთში – 7-ჯერ, ტაილანდში – 12-ჯერ და ჩინეთში – 3-ჯერ.

ინდონეზიაში წყალდიდობის საფრთხე უკვე იმდენად დიდია, რომ ახლახან ქვეყნის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ დედაქალაქის (ჯაკარტა) სხვა ქალაქში გადატანას აპირებს.

ჯაკარტა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ სანაპირო მიწებს კარგავს და თუ ადრეულმა პროგნოზებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 5 მილიონი ინდონეზიელი სახლს დაკარგავდა, ახალი მონაცემები უკვე 25 მილიონზე მიუთითებს.

დასავლეთის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად დაზარალდება დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ნაწილი (3,5 მილიონი ადამიანი დარჩება უსახლკაროდ), ხოლო აშშ-ში ძლიერად დაიტბორება ნიუ-იორკი, ნიუ ჯერსი და ფლორიდა.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები