საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც სატვირთო ავტომობილით 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა (ვიდეო)

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი მძღოლი დააკავა, რომელსაც სატვირთო ავტომობილი-რეფრიჟერატორით  41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბერძნული გამოცემა „ტანეა“ ავრცელებს. მიგრანტების დანიშნულების ბოლო პუნქტი თესალონიკი იყო.

გამოცემის ცნობით, საბერძნეთში „თავიდან იქნა აცილებული ესექსის (ბრიტანეთი) მსგავსი ტრაგედია – ეგნატიას ავტობანზე პოლიციამ გააჩერა სატვირთო-რეფრიჟერატორი, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა“. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქსანთისთან მოხდა. ავტომობილის შემოწმების დროს, რომელიც სამაცივრე დანადგარით იყო აღჭურვილი, პოლიციელებმა სატვირთო განყოფილებაში არალეგალი მიგრანტები აღმოაჩინეს. ისინი თავად აცხადებენ, რომ ავღანელები არიან. 41-ვე მიგრანტი მამაკაცია და მათი ასაკი 20-30 წელია.

ბერძნული გამოცემა აღნიშნავს, მანქანის გაჩერებისას მაცივარი არ მუშაობდა, თუმცა სატვირთო ნაწილში, სადაც მიგრანტები იყვნენ შეყუჟულები, ვენტილაცია ცუდად მუშაობდა, ამიტომ ადამიანებს სუნთქვა უჭირდათ და გაგუდვის საფრთხე არსებობდა. მანქანის შემოწმების შემდეგ 8 ადამიანი ქსანთის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაკავებული მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დაკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირების დასადგენად.

კომენტარები