იტალიელი აფერისტი, რომელიც თავს ბათუმის „დინამოს“ ფინანსურ მენეჯერად ასაღებდა

რაც უნდა გასაკვირი იყოს ქართველი გულშემატკივრებისათვის, არსებობს იტალიური სპორტული საიტი „კალჩო სოვიეტიკო“ (CALCIO SOVIETICO), რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფეხბურთს აშუქებს და მისი ყურადღების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტი ქართული ფეხბურთია.

„კალჩო სოვეტიკოს“ „ფეისბუქგვერდზე“ განსაკუთრებით ადვილი შესამჩნევია, რომ ფეხბურთის ძალიან ბევრი გულშემატკივარი არის დაინტერესებული ქართული ფეხბურთით და ჩვენთან მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციასაც ფლობენ.

ზაფხულში, ჩვენი იტალიელი მეგობრის საშუალებით, აღნიშნული საიტის რედაქტორი – მატეო ბალტიკო დაგვიკავშირდა და მას შემდეგ ხშირად მიგვიწოდებია მათთვის საინტერესო ინფორმაცია ქართული ფეხბურთის ისტორიისა თუ ამჟამად მიმდინარე მოვლენების შესახებ.

რამდენიმე დღის წინ მატეო დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ბათუმის „დინამოს“ იტალიელ ფინანსურ მენეჯერთან ჩაწერა ინტერვიუ და ინგლისური თარგმანიც გამოგვიგზავნა. მატეოს თქმით, ეს პიროვნება თავად იყო ინტერვიუს ინიციატორი და პირველმა მისწერა მათ. სახელი იმ ადამიანისა, რომელიც „კალჩო სოვიეტიკოს“ ბათუმის „დინამოს“ ფინანსურ მენეჯერად გაეცნო, ედუარდო ჩიამპელეტი გახლავთ.

ედუარდო ინტერვიუში ამბობდა, რომ ბათუმის „დინამოს“ 40%-იანი წილი ლიეტუვურ-იტალიურმა ფონდმა შეიძინა, რომელიც აშშ-ში, დელავერის შტატში არის დაფუძნებული და თავად გახლავთ ამ ფონდის გენერალური მენეჯერი. ედუარდო ასევე იწონებდა თავს ბათუმის „დინამოს“ სხვადასხვა მიღწევით და მომავალ გეგმებზეც არ ერიდებოდა საუბარს.

ჩვენ მოვიძიეთ აჭარის მთავრობის მხრიდან ბათუმის „დინამოს“ გასხვისებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და არსად ფიგურირებდა არც 40%-იანი წილი, არც ლიეტუვურ-იტალიური ფონდი.

ამის შემდეგ უშუალოდ ბათუმის „დინამოს“ დავუკავშირდით, სადაც აღნიშნეს, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ლიეტუვურ-იტალიურ ფონდთან და მათთან სახელად ედუარდო არავინ მუშაობდა, თუმცა კლუბში ისიც გვითხრეს, რომ იცნობენ ერთ იტალიელ ედუარდოს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს და ცდილობდა გუნდთან საქმიანი ურთერთობა ჰქონოდა, თუმცა საინტერესო ვერაფერი შესთავაზა „დინამოს“ და თანამშრომლობაც არ შედგა.

ბათუმური კლუბიდან დაუკავშირდნენ ედუარდოს და ახსნა-განმარტება მოსთხოვეს, იტალიელმა კი ყველაფერი უარყო და სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ რუს ჟურნალისტს დააბრალა ყველაფერი, თითქოს სპეციალურად მოუწყო ყველაფერი და მისი სახელი გამოიყენა. ედუარდომ დაასახელა რუსი ჟურნალისტის სახელიც, რომლის შესაბამისი სახელისა და გვარის მქონე პიროვნება რუსეთის ფედერაციაში არც ცხოვრობს და არც არასდროს უცხოვრია.

ქართული ანდაზის სისწორე, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, აქაც გამოჩნდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენმა იტალიელმა „ვირტუოზმა“ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. ედუარდომ „კალჩო სოვიეტიკოს“ იმავე „ფეისბუქპროფილიდან“ მისცა ინტერვიუ, რომლიდანაც ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლებთან ურთიერთობდა.

როგორც ვხედავთ, ედუარდომ თაღლითური შინაარსის ჰოლივუდის ფილმის გმირობა მოინდომა, თუმცა ამ ფილმის დასასრული მისთვის მთლად ბედნიერი არ აღმოჩნდა.

„კალჩო სოვიეტიკომ“ აღნიშნული იტერვიუ საიტიდან აიღო და ბათუმის „დინამოს“ ბოდიში მოუხადა.

ედუარდომ კი, რომელსაც სურდა საკუთარი თავი მნიშვნელოვან პერსონად წარმოეჩინა, აფერისტის დამსახურებული სტატუსი მიიღო და „ფეისბუქსა“ და მობილურ ტელეფონზეც დაგვბლოკა.

წყარო: sportall.ge

კომენტარები