კრიმინალიმსოფლიოსაზოგადოებასაზოგადოებასაქართველო

ხადის ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედა აშშ-დან გამოგზავნილ წერილში მალხაზ კობაურს დანაშაულს პატიობს – „ინტერპრესნიუსის“ ექსკლუზივი

ხადის ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედა მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ მას ჩადენილ დანაშაულს პატიობს.

წერილი, რომელიც ლინ სმიტმა მალხაზ კობაურს 2018 წლის პირველ ოქტომბერს გამოუგზავნა და მსჯავრდებულმა რამდენიმე დღის წინ მიიღო, „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

6-გვერდიან წერილში მოკლული რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ემოციურად მიმართავს და ამბობს, რომ მას და მის მეუღლეს არ სურთ „მიუტევლობის, სიმწარის, ზიზღის ან ბოროტების მარწუხებში ცხოვრება“, რის გამოც კობაურისთვის დანაშაულის მიტევების გადაწყვეტილება მიიღეს.

თუმცა, ლინ სმიტი წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მოკლულთა ოჯახის სურვილია, მალხაზ კობაურმა საპყრობილეში 30 წელი გაატაროს ან იქ სამუდამოდ დარჩეს, რათა მისგან საფრთხე სხვა ადამიანებსაც არ შეექმნათ.

გარდა ამისა, რაიან სმიტის დედა მსჯავრდებულ მწყემსს ლოცვისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ღმერთს შენდობა სთხოვოს.

„ინტერპრესნიუსი“ მის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ, ლინ სმიტის მიერ მალხაზ კობაურისთვის აშშ-დან გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ, შეიტყობდი იმ არჩვეულებრივი ოჯახის შესახებ, რომელიც შენ სიცოცხლეს გამოასალმე, როგორ უყვარდათ მათ ღმერთი და როგორ ემსახურებოდნენ სხვა ადამიანებს. რაიანი და ლორა საქართველოში საცხოვრებლად 2011 წელს ჩამოვიდნენ, 2012 წელს მათ საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს, 2017 წელს სახლი აიშენეს და გეგმავდნენ საქართველოში ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე. ლორა ინგლისურს ასწავლიდა აზერბაიჯანულ სკოლაში, ასევე, კერძო გაკვეთილებსაც ატარებდა. გარდა ამ საქმიანობისა, ის ხელს უწყობდა ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ემოციურ გამოჯანმრთელებას.

რაიანი საქართველოში ჩამოვიდა და იმედი ჰქონდა, რომ აზერბაიჯანული ხალიჩის ქსოვის უძველეს ტრადიციას გააცოცხლებდა, რომელმაც თითქმის შეწყვიტა არსებობა საბჭოთა პერიოდში. მრავალხნიანი ძებნის შემდეგ, რაიანმა როგორც იქნა, იპოვა ორი მქსოველი კავკასიის შორეულ აზერბაიჯანულ სოფელში. რაიანის ხალიჩების ქსოვის პროექტის წყალობით, ახლა უკვე 20 აზერბაიჯანელი ქალია დასაქმებული შინ და მაღალ ანაზღაურებასაც იღებს. ამ პროექტიდან მიღებული შემოსავალი კი სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ხმარდება, რასაც თვითონ ხალიჩის მქსოველები ირჩევენ.

არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ამ პროექტით მიღებული შემოსავლით 10 000 დოლარით ქოსალარის საზოგადოებრივი ცენტისთვის შეისყიდეს 400 პერსონაზე თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი. ეს ცენტრი ქორწილების, დაკრძალვების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის არის განკუთვნილი. ამ პროექტის მეშვეობით ასევე აღდგება „ქელების ჭა“. როდესაც ჭის მშენებლობა დასრულდება, ქალებს აღარ მოუწევთ მდინარიდან საათობით წყლის თრევა.

ხალხის სამსახურში მყოფმა ლორამ და რაიანმა საკმაოდ დიდი ტკივილი და დანაკარგიც განიცადეს. მათი პირველი შვილი თბილისში დაიბადა 2012 წელს. სამწუხაროდ, მათმა უმშვენიერესმა ქალიშვილმა შენონმა, მხოლოდ 9 დღე იცოცხლა. ლორამ და რაიანმა კიდევ სამი ბავშვი დაკარგეს ნაადრევი მშობიარობის გამო. ღვთის მადლით 2014 წელს ქელები დაიბადა, ძლიერი და ჯანმრთელი. ქელები ძალიან ცოდნის მოყვარე და მტკიცე ხასიათის პატარა ბიჭი იყო, ისეთი როგორიც მისი მამიკო. ძალიან მხიარული, ხალისიანი და ნათელი ბავშვი იყო. ქელებს უზომოდ უყვარდა თავისი მშობლები და სიამოვნებით ატარებდა მათთან დროს, როგორც აქ, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას ლაშქრობა, ჯირითობა და ცხვრის „მწყემსვა“ ძლიერ მოსწონდა. ინგლისურის გარდა ქელები კარგად საუბრობდა აზერბაიჯანულ ენაზე უკვე 4 წლის ასაკში.

ცხადია, ჩვენ ვამაყობდით და ახლაც ვამაყობთ ჩვენი შვილით რაიანით, ლორათი და ქელებით. მათ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. შენ კი აქ მოსიყვარულე ადამიანები მოკალი!

როდესაც შევიტყვე შენი შემზარავი საქციელის შესახებ, არაადამიანურმა შიშმა შემიპრო. იმის გაფიქრებაზეც კი, თუ რისი გადატანა მოუხდა ჩვენს ტკბილ ლორას შენს ხელებში: მისი შიში, მისი პანიკა, მისი ტკივილი შენი ველური და საზარელი სექსუალური თავდასხმის დროს: ლორა, რომელმაც დაინახა და გაიგონა, როგორ ესროლე მის საყვარელ მეუღლეს, ჩემს შვილს, რომელიც შენი გარყვნილებისგან მის დასახსნელად მორბოდა, ლორა, რომელსაც ესმოდა ძვირფასი ქელების გაშმაგებული ყვირილი, როდესაც მამამისი სასიკვდილოდ გაიმეტეს, შემდეგ კი ლორა, რომელმაც დაინახა, რომ მის ერთადერთ შვილს ესროლე, უდანაშაულო 4 წლის ბიჭს, ჩემს შვილიშვილს ესროლე თავში, რომ მისი ყვირილი ჩაგეხშო. ალბათ, ლორამ ისიც გაიგონა, როგორ ესროლე რაიანს მეორედ, ამჯერად თავში. არ ვიცი, ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდა შენი თავდასხმა ლორაზე ან ლორას სიკვდილის ზუსტი მიზეზი: თავის ტრავმა, მოგუდვა თუ დახრჩობა, ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო აქედან, თუმცა ვიცი ის, თუ ვინ მოკლა ის. შენ ლორაც მოკალი, რაც შენ დამართე რაიანს, ლორასა და ქელებს იყო ბოროტისეული და დემონური.

გააგრძელე კითხვა აქ: https://www.interpressnews.ge/ka/article/570787-xadas-xeobashi-mokluli-raian-smitis-deda-ashsh-dan-gamogzavnil-cerilshi-malxaz-kobaurs-danashauls-patiobs-interpresniusis-ekskluzivi

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close