მიგრაციამსოფლიოკრიმინალი

ბრიტანეთში აღმოჩენილი „სიკვდილის კონტეინერის“ სავარაუდო მსხვერპლთა პირველი ფოტოები გამოქვეყნდა

ბრიტანულმა მედიამ, კერძოდ კი, DAILY MAIL-მა, METRO-მ და სხვებმა გამოაქვეყნეს „სიკვდილის კონტეინერის“ სავარაუდო მსხვერპლთა პირველი ფოტოები, რომელიც 23 ოქტომბერს ინგლისის ესექსის საგრაფოში დააკავეს. მათგან ერთ-ერთი ვიეტნამის მკვიდრი, 26 წლის ახალგაზრდა ქალი ფამ თჰი ტრა მაია. ნათესავების თქმით, მან 30 ათასი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა, რომ ვიეტნამიდან, ჩინეთის გავლით, დიდ ბრიტანეთში წასულიყო „უკეთესი ცხოვრების საძიებლად“.
Pham Thi Tra My

ახალგაზრდა ქალის ბედზე ახლობლები სერიოზულად შეშფოთდნენ მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ დედამ მისგან საშინელი მესიჯი მიიღო: „მაპატიე, დედა, ჩემი მოგზაურობა საზღვარგარეთ ჩაიშალა. ძალიან მიყვარხართ შენც და მამაც! ვკვდები, რადგან ვეღარ ვსუნთქავ, დედა, მაპატიე“, – დაწერა მან მესიჯში, რომელიც მშობლებმა მიიღეს 2 საათით ადრე, ვიდრე სატვირთო მანქანა დიდ ბრიტანეთში შევიდოდა.

მეორე სავარაუდო დაღუპულია 20 წლის ნგუენ დინ ლუონგი. ახალგაზრდა კაცის ნათესავები, აგრეთვე, შიშობენ, რომ იგი შესაძლოა სატვირთოში ყოფილიყო, რადგან საგანგაშო შეტყობინება მიიღეს 2 ტელეფონიდან, რომლებიც მას ეკუთვნოდა.

Nguyen Dinh Luong

მედიის ინფორმაციით, 39 მსხვერპლიდან, სულ ცოტა, 6 – ვიეტნამის მოქალაქეა. ამ ინფორმაციას ამჟამად ბრიტანეთში ვიეტნამის საელჩო ამოწმებს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ჩინელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანის კონტეინერში 39 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც პოლიციამ განაცხადა, მათგან 8 ქალია, 31 – მამაკაცი.

სიკვდილის სავარაუდო მიზეზად გაყინვა ან ჟანგბადის უკმარისობა სახელდება. კონტეინერი რეფრიჟერატორი იყო, რომელშიც ტემპერატურა მინუს 25 გრადუსამდე შეიძლებოდა დაცემულიყო. მიგრანტები მაცივარში რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩაკეტილები. სავარაუდოდ, ადამიანები ყვიროდნენ და შველას ითხოვდნენ, მაგრამ რეფრიჟერატორის სქელი კედლებიდან მათი ხმა არ აღწევდა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კონტეინერმა კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გადაკვეთა ლა-მანშის სრუტე. მანამდე კონტეინერი საფრანგეთის დევნილთა ბანაკებში – დიუნკერკსა და კალეში იმყოფებოდა, შემდეგ კი ბელგიაში გაემგზავრა. ბოლოს ევროპაში კონტეინერი ბელგიის საპორტო ქალაქ ზებრიუგეში დააფიქსირეს 22 ოქტომბერს, რის შემდეგაც ის ბრიტანულ პურფლიტში გაემგზავრა.

როგორც ცნობილია, პოლიციამ დააპატიმრა 25 წლის მძღოლი – ჩრდილოირლანდიელი მო რობინსონი. მას უკვე წაუყენეს ბრალი ადამიანთა არაწინასწარ განზრახული მკვლელობისთვის.

ბრიტანეთის პოლიციამ 25 ოქტომბერს კიდევ 2 ბრიტანელი ეჭვმიტანილი დააკავა – 38 წლის მამაკაცი და 38 წლის ქალი ჩეშირის საგრაფოდან, აგრეთვე, ჩრდილოირლანდიელი 46 წლის მამაკაცი, რომელთაც 39 ადამიანის არაწინასწარ განზრახულ მკვლელობაში და ადამიანებით ვაჭრობაში ედებათ ბრალი. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიკაცია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი – მეხუთე ეჭვმიტანილი დააკავეს. სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკითხვა გრძელდება.

ამავე თემაზე: ლონდონის მახლობლად სატვირთო მანქანაში აღმოჩენილი 39 გარდაცვლილი მიგრანტის ეროვნება ცნობილია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close