ათენში მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა იწყება – სად იქნება 15 ახალი სადგური?

ათენის მეტროს განვითარება საკმაოდ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ამჯერად ახალი, მეოთხე ხაზის მშენებლობა იწყება. ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებული იურიდიული სირთულეები გადალახულია და მშენებლობა უკვე მიმდინარე წელს დაიწყება.

სამშენებლო სამუშაოები 2026 წელს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 3.5 მილიარდ ევროს შეადგენს. ახალი ხაზის სიგრძე 33 კილომეტრი იქნება და მასზე 30 ახალი მეტროს სადგური განთავსდება. გათვალისწინებულია პროექტის 5 ფაზად განხორციელება.

თავდაპირველად ვეიკუს პარკი – ღუდის მონაკვეთი აიგება. მისი სიგრძე 12.8 კილომეტრს შეადგენს. აღნიშნულ მონაკვეთზე 15 ახალი სადგური განლაგდება. კერძოდ: ვეიკუს პარკი, ღალაცი, ელიკონოსი, კიფსელი, „სასამართლოები“ (ე. წ. დიკასტირია), ალექსანდრეს გამზირი, ექსარხია, აკადემია, კოლონაკი, ევაგელიზმოს, კესარიანი, პანეპისტიმიუპოლი, ილისია, ზოღრაფუ და ღუდი. მოგვიანებით ღუდი მარუსის დაუკავშირდება, ევაგელიზმო – ანო ილიუპოლს, ვეიკუ – პეტრუპოლის, ხოლო მარუსი ეროვნულ ავტოსტრადას (ე. წ. ეთნიკი ოდო).

სურათზე ყვითელი ფერით აღნიშნულია სადგურები, რომლებიც მეტროს ახალი ხაზის პირველი ფაზის მშენებლობის დროს აიგება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტროს ახალი ხაზი ქალაქის ცენტრალურ უბნებს გადაკვეთს, რითაც მგზავრებს შესაძლებლობა გაუჩნდებათ, შედარებით სწრაფად გადაადგილდნენ ქალაქის ყველაზე გადატვირთულ ნაწილში.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები