არეულობები და გაფიცვა ბარსელონაში – „ბარსას“ და „რეალის“ მატჩი გადაიდო, საგრადა ფამილია დაიკეტა
კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციები მეხუთე დღეს, პარასკევს არეულობებში, ძალადობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა ავტონომიის დედაქალაქ ბარსელონაში, სადაც დემონსტრანტები დღეს მთელი კატალონიიდან შეგროვდნენ. BBC-ს ინფორმაციით, ქუჩაში ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა.
ადამიანები აპროტესტებენ ესპანეთის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის 9 ლიდერს ხანგრძლივი ვადით, 10-იდან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
კატალონიაში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა. 5 დემონსტრაცია, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობდა, ბარსელონის ცენტრში შეერთდა და ესპენეთის ამ ავტონომიის დედაქალაქის ცხოვრების სრული პარალიზება მოახდინა.
პროტესტის მონაწილეებმა დაბლოკეს 20-მდე მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალი, აგრეთვე, შოსე, რომელიც საფრანგეთში მიდის.
დღის განმავლობაში პროტესტი მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საღამოს სიტუაცია დაიძაბა და დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა დემონტრაციის დაშლას. ნიღბიანი დემონსტრანტები, ძირითადად, ახალგაზრდები ქალაქის ცენტრში პოლიციას დაუპირისპირდნენ და მათ ქვებს, კვერცხებს და ბოთლებს ესროდნენ; გზის სავალ ნაწილზე გამოჰქონდათ ნაგვის ბუნკერები და ცეცხლს უკიდებდნენ.
ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ არეულობებში დემონსტრანტების მხოლოდ მცირე ნაწილი მონაწილეობდა.
პერმანენტული დემონტრაციების გამო 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გადაიდო, რადგან ხელისუფლებას სტადიონზე არეულობის ეშინია.
ბარსელონის ტაძარი საგრადა ფამილია, რომელიც ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარულია, დაიხურა.
საგრადა ფამილიას ადმინისტრაციამ ტვიტერში დაწერა, რომ არ შეუძლია ტაძარში თავისუფალი შესვლა უზრუნველყოს, თუმცა იმედოვნებს, რომ მალე ყველაფერი დაწყნარდება.
ამ ფონზე ბარსელონაში ესპანეთთან ერთიანობის მომხრეთა აქციაც გაიმართა. მისი მონაწილეები კატალონიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ესპანეთის შემადგენლობიდან კატალონიის გამოსვლის მომხრეები ავტონომიის მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენენ.
რამდენიმე დღის წინ პროტესტის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს ბარსელონის აეროპორტი, ხოლო ორი დღის წინ დემონსტრანტებს შორის შეტაკებას ქალაქის ქუჩებში ავტომობილების დაწყვა მოჰყვა.
კატალონიის დამოუკიდებლობის თაობაზე 2017 წელს გამართული რეფერენდუმის შედეგები ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ აღიარა. კატალონიის ადმინისტრაციის მაშინდელი მეთაური კარლეს პუჩდემონი ბელგიაში გაიქცა (სადაც ამჟამად იმყოფება; იგი ამ კვირაში ადგილობრივ პოლიციას ჩაბარდა და ამბობს, რომ ესპანეთში დაბრუნებას არ აპირებს).
დანამდვილებით არ არის ცნობილი, ვინ არის კატალონიაში დემონსტრაციების ორგანიზატორი და არის თუ არა ვინმე საერთოდ.
პროფკავშირებმა CSC-მ და IAC-მ, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ, გაფიცვა გამოაცხადეს, მაგრამ საპროტესტო მოძრაობაში მეტად არ ჩარეულან.
რამდენადაც ცნობილია, დემონსტრანტები ერთმანეთს უკავშირდებიან და თავიანთ მოქმედებებს კოორდინაციას უწევენ „ტელეგრამის“ საშუალებით. ამ პლატფორმაზე ძირითადი ინფორმაცია „დემოკრატიული ცუნამის“ არხის მეშვეობით შედის.
ნიკო აბაშიშვილი
წყარო: BBC
ამავე თემაზე: კატალონიაში არეულობების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა
კომენტარები