საზოგადოებასამზარეულოსაქართველოსხვა

მესხური ტენილის ფოტო NATIONAL GEOGRAPHIC-ის კონკურსის გამარჯვებულია

ფოტოკონკურსში „მშობლიური გემო“ გაიმარჯვა მესხური ტენილის ამოყვანის პროცესის ფოტომ, რომელიც სოფელ ჭობარეთშია გადაღებულია. გამარჯვებული ფოტო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც NATIONAL GEOGRAPHIC-ის სათავო ოფისისა და NATIONAL GEOGRAPHIC საქართველოს წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

გამარჯვებული ფოტოს ავტორს, თამარ მირიანაშვილს ფოტოტექნიკის შესაძენად 990-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, ხოლო მის მიერ გადაღებული კადრი ჟურნალ „National Geographic საქართველოში“ დაიბეჭდება.

ფოტოგრაფია თამარ მირიანაშვილის მეორე პროფესიაა. იგი დამოუკიდებელ ფოტოპროექტებზე მუშაობს: „National Geographic საქართველოს ფოტოკონკურსის იდეა – ქართული ტრადიციული კერძების წარმოჩენა – პირდაპირ უკავშირდებოდა ჩემს ბოლოდროინდელ საქმიანობას. უკვე სამი წელია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმუშაობ დოკუმენტურ ფოტოსერიებზე, ვიღებ ტრადიციული პურობის სცენებს, კერძების მომზადებას, რაც არა უბრალოდ კერძის მომზადებაა, არამედ დაკავშირებულია უძველეს ტრადიციებთან, რიტუალებთან და ეს ყველაფერო თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ სერიებზე მუშაობამ ბუნებრივად მოიტანა წიგნის იდეაც და ახლა ვმუშაობ დოკუმენტურ ფოტოწიგნზე, სამუშაო სახელწოდებით: „ტრადიციებით გაშლილი სუფრა: ქართული პურობის მემკვიდრეობა“.

ხელოვანის თქმით, მესხეთმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა: „ჩემი ფოტოც სწორედ ამ შთაბეჭდილების ასახვის მცდელობა იყო. რა არის ფოტოზე? ყველაფერი ერთად – ბუნება, ადამიანები, ადამიანების დამოკიდებულება და სიყვარული პურობის ტრადიციებისადმი, ზუსტად ის გადავიღე, რასაც ვხედავდი და ვგრძნობდი“, – ამბობს თამარ მირიანაშვილი.

„ყველის ამოყვანა მშვიდი და წყნარი საქმე მეგონა, სანამ მესხური ტენილის ამოყვანის პროცესს არ დავესწარი. აქ წამით არ უნდა მოდუნდე, მუხლჩაუხრელი და დაუდეგარი შრომაა საჭირო. ადუღებული წყლით სავსე ქვაბიდან უჩველო სისწრაფით ამოაქვთ ყველის მსხვილი რგოლები და ორივე ხელზე ატრიალებენ. რგოლები უწყვეტია, დატრიალების შემდეგ ჰაერში ატკაცუნებენ მთელ ამ მასას და ისევ ქვაბში აბრუნებენ. და ასე უსასრულოდ, ვიდრე ეს ხვეულა იმ უწვრილეს ძაფებად არ იქცევა, რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც მესხურ ტენილს. აქ დიდი სიჯიუტე და გამძლეობაა საჭირო. მესხური ყველი მხოლოდ ქალებს ამოჰყავთ“, – წერია ფოტოს აღწერაში.

ფოტოკონკურსის „მშობლიური გემო“ გამარჯვებულები ასე გადანაწილდნენ:

I ადგილი – თამარ მირიანაშვილი
ფოტო: მესხური ყველის ამოყვანა

II ადგილი – ვახტანგ ჯანჯღავა
ფოტო: ქართული თონის პური

III ადგილი – თამაზ დუნდუა
ფოტო: ხინკალი

კონკურსი მსოფლიო სურსათის დღეს მიეძღვნა, რომელიც 16 ოქტომბერს აღინიშნება. მას ორგანიზება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, EBRD-მა და ჟურნალმა National Geographic-მა გაუწია.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული პროდუქტის შესახებ ფოტოგამოფენა და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.

„მსოფლიო სურსათის დღის“ ღონისძიებების ყურადღების ცენტრში მოექცა ტრადიციული ქართული პროდუქტები, რომლებსაც საერთაშორისო ხარისხისა და ადგილწარმოშობის ეტიკეტი – გეოგრაფიული აღნიშვნა (GI – Geographical Indication) აქვს მინიჭებული.

„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. წელს იგი მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა.

sknews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close