ქართველი წყვილის ოქროს მედალი და უკან მოტოვებული რუსი მოცეკვავეები (ვიდეო)
საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის წამყვანი მოცეკვავე წყვილისთვის, ერეკლე გირგვლიანისა და ლელე ხუციშვილისთვის 2019-2020 წლების სეზონი წარმატებული აღმოჩნდა.
მათ სექტემბერში 2 საერთაშორისო შეჯიბრში იასპარეზეს პოლონეთში – მთავარ ქვეჯგუფში, უფროსი ასაკის (19-35 წ) მოცეკვავეებს შორის ლათინოამერიკული ცეკვების პროგრამით WDSF INTERNATIONAL OPEN LATIN: 15 სექტემბერს – ვროცლავში, ხოლო 28 სექტემბერს – იელენია გურაში.
ერეკლემ და ლელემ ორივე შეჯიბრებაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს და მაყურებლისა და მსაჯების დიდი მოწონება დაიმსახურეს, ხოლო საკუთარი შედეგი 5 ოქტომბერს კაუნასში (ლიტვა) ჩატარებულ საერთაშორისო შეჯიბრზე გააუმჯობესეს, სადაც ოქროს მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ კაუნასის ტურნირზე მეორე და მესამეადგილოსნები გახდნენ მოცეკვავეები რუსეთიდან. მოგეხსენებათ, რუსეთი სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოში პირველ ადგილზეა როგორც მოცეკვავე წყვილების რაოდენობით, ისე ხარისხით – მსოფლიოს ჩემპიონები როგორც ლათინოამერიკული ცეკვების პროგრამით, ისე ევროპული ცეკვების პროგრამით სწორედ რუსი წყვილები არიან.
ერეკლე და ლელე დიდ მადლობას უხდიან თანადგომისთვის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯებს – ვანო კანდელაკსა და ნინო ქავზინაძეს, GS Dance Studio-ს ხელმძღვანელებს – გიგა გაბუნიას და სალომე კაპანაძეს, საქართველოს სპორტცეკვების ეროვნულ ფედერაციას და მის პრეზიდენტს გიორგი გაჩეჩილაძეს.
fortuna.ge
კომენტარები