მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

არეულობა ესპანეთში: ​კატალონიაში მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან

​კატალონიაში დღეს მორიგი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გუშინ მომხდარი შეტაკებების შედეგად 131 ადამიანი დაშავდა.

გუშინ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს 9-იდან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, რასაც ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დემონსტრანტებმა ბარსელონის აეროპორტის ბლოკირება მოახდინეს, რის გამოც 145 რეისი გადაიდო. ამ დროისთვის, ელ-პრატის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის საერთაშორისო დაკავების ორდერი გასცა (ამჟამად იგი ბელგიაში იმყოფება). სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატალონიის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალად ედება ამბოხებისკენ მოწოდება და თანხების გაფლანგვა.

2017 წელს, კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, კარლეს პუჩდემონი ესპანეთიდან ბელგიაში გაიქცა.

ამასთან, ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 14 ოქტომბერს კატალონიის მთავრობის ყოფილ წევრებს, ანალოგიური ბრალდებით, 9-იდან 13 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. მაქსიმალური საპატიმრო ვადა ავტონომიური რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, ორიოლ ჟუნკერასმა მიიღო.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ესპანეთის შიდა საქმეა და დამტებით კომენტარს არ საჭიროებს.

ორი კვირის წინ, დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების ორი წლისთავზე, კატალონიაში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ (Reuters) ცნობით, ბარსელონაში გამართულ აქციას 18 ათასზე მეტი აქტივისტი დაესწრო.

დემონსტრანტებმა დაპატიმრებული კატალონიელი პოლიტიკოსების გათავისუფლება მოითხოვეს და ესპანეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი 2017 წლის პირველ ოქტომბერს გაიმართა. მაშინ საყოველთაო გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ რეგიონის მოქალაქეთა 90 პროცენტზე მეტს დამოუკიდებლობა სურდა.

27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებელი რესპუბლიკა გამოაცხადა. მეორე დღეს, 28 ოქტომბერს ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა დაამყარა, გააუქმა მთავრობის ძალაუფლება და პარლამენტი დაშალა.

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა, რომელშიც, სხვადასხვა ცნობით, 500 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობის შემდეგ რამდენიმე ასეული დემონსტრანტი კატალონიის პარლამენტთან შეიკრიბა, სადაც პოლიციასთან შეტაკება მოხდა. მათ სამართალდამცავებს სხვადასხვა ნივთი ესროლეს და პარლამენტის შენობასთან ცეცხლი გააჩინეს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close