ყოფილი ცოლის მკვლელი დააკავეს – „რამდენჯერმე სცემა ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში“

შემთხვევის ადგილი ქ. ხაშურში
ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ირაკლი დეკანოიძე. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიების თანახმად:

„ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“;

„ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“;

„პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა“.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილობრივების მონათხრობზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 11 ოქტომბერს, დღის 12 საათის შემდეგ, ირაკლი დეკანოიძე მივიდა მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, რომელიც ყოფილ მეუღლეს, ნათია გოგალაძეს თამარ მეფის ქუჩაზე ჰქონდა გახსნილი. იმ დროს ქალი სამსახურში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა მაღაზიაში ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა და შემდეგ – ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ისროლა.

ნათია გოგალაძე გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასურსათო მაღაზიისკენ გაიქცა, მაგრამ კიბეებთან მას ყოფილი ქმარი დაეწია და თავში მრავალგზის ჩაარტყა იარაღის კონდახი. ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისას უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ის მალევე გარდაიცვალა ხაშურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში.

ნათია გოგალაძეს მეოთხეკლასელი ვაჟი და მეექვსეკლასელი გოგონა ჰყავს. შემთხვევის დროს ბავშვები სკოლაში იყვნენ.

რადიო თავისუფლებას წყაროები უდასტურებენ, რომ ცოლ-ქმარი ერთად არ ცხოვრობდა, თუმცა ისინი ოფიციალურად ჯერ ისევ არ იყვნენ განქორწინებული. 11 ოქტომბერს, 16 საათზე, გოგალაძისა და დეკანოიძის განქორწინების ბოლო სასამართლო სხდომა იყო დანიშნული. განქორწინების პროცედურები ნათია გოგალაძემ იტალიიდან დაბრუნების შემდეგ დაიწყო.

შს სამინისტროს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს „ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების“ მიხედვით.

ხაშურში ყოფილი მეუღლის მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის და, ირმა გოგოლაძე  „პირველ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მის დაზე მისი ყოფილი სიძე ქორწინების პერიოდშიც ძალადობდა.

ირმა გოგალაძის თქმით, ცოლ-ქმარი ექვსი წელია, რაც ერთად აღარ ცხოვრობდნენ, სამი წლის წინ ნათია საზღვარგარეთ წავიდა და შვილები ამ დროის მანძილზე მამასთან იმყოფებოდნენ.

„მამამ თვითონ გამოთქვა სურვილი, სჯობს ჩემთან იყვნენ ვიდრე ბებოსთანო. ნამდვილად პატრონობდა ბავშვებს. ნათიას უნდოდა, ბინის ფული მოეგროვებინა და ჩამოსულიყო. ამ დროს უკვე აღარ ცხოვრობდნენ ერთად. ერთი წლის შემდეგ ცოლს მოსთხოვა მანქანა მიყიდე, ბავშვები წრეებზე ვატაროო. ნათია ამ თანხას ვერ მისცემდა. ამის შემდეგ შეგვიზღუდა ბავშვებთან ურთიერთობა, მეც ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი. ბავშვებს ტელეფონები წაართვა. ერთს დაუმტვრია, რომ დედასთან არ ჰქონოდათ კონტაქტი. სწორედ ამიტომ მარტში ჩამოვიდა ნათია, ბავშვები წამოვიყვანეთ. მოიბრუნა დედამ შვილები და ირაკლიმ ეს ვერ აიტანა“, – ამბობს მოკლულის და.

მისივე თქმით, დაკავებულს შვილებზე მეურვეობის მიღება სურდა.

შესაგებელი სარჩელი დაწერა, მეურვეობა უნდოდა. ბავშვების წაყვანა სურდა. მიხვდა, რომ ბავშვებს დაკარგავდა, გადაწყვიტა, არც მე და არც მასო. … ცოლ-ქმრობაშიც იყო ძალადობის ფაქტები; რამდენჯერმე სცემა ჯერ კიდევ ქორწინების პერიოდში, ტოლჩა ჩაარტყა, ნაკერები ჰქონდა. ხელწერილი ჰქონდა დაწერილი პოლიციაში. მერე წამოვიყვანეთ ჩემი და. ეჭვიანი იყო, საკუთარ ბიძაშვილებზეც კი ეჭვიანობდა…“

„ყუმბარები ჰქონდა, იარაღი. დარაჯობდა ნათიას, რომ მარტო ყოფილიყო. ეს იყო გამწარებული კაცის ნამოქმედარი“, – აცხადებს ირმა გოგალაძე.

ამავე თემაზე: კაცს, რომელმაც ხაშურში ყოფილი ცოლი მოკლა, ამ დრომდე ეძებენ – დანაშაულის ახალი დეტალები

კომენტარები