კაცს, რომელმაც ხაშურში ყოფილი ცოლი მოკლა, ამ დრომდე ეძებენ – დანაშაულის ახალი დეტალები
დღეს ხაშურში შეზარავი დანაშაული მოხდა – ყოფილმა ქმარმა 30 წლის ქალს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მიყვანიდან 1 საათში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ნათია გოგალაძეა.
აი, რას უყვება nostal.ge-ს წყარო:
ნათია 6 წლის წინ იტალიაში წავიდა სამუშაოდ და შვილებს მამა ზრდიდა. ახალგაზრდა ქალი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ხაშურში, ფართი იქირავა და მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა.
ნათია გვიანობამდე მუშაობდა და შვილებიც მასთან იყვნენ (ბავშვები მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები არიან); მამამისი შარშან გარდაიცვალა, ბოლო წლები ლოგინად იყო ჩავარდნილი, დედა მკერავია და სახლში მუშაობს.
ნათია ქმართან, ირაკლი დეკანოიძესთან განქორწინებას აპირებდა და სასამართლოში პროცესი სწორედ დღეს უნდა გამართულიყო.
დღეს დილით ნათიამ მაღაზია რომ გააღო, ქმარი მოსულა და სროლა დაუწყია. ნათიას მაღაზია დაუკეტავს შიგნიდან. ქმარს მინები ჩაუმსხვრევია და „ლიმონკა“ შეუგდია. „ლიმონკა“ არ აფეთქდა, თუმცა ქალს შეშინებია, გამოვარდნილა და მეზობლად მდებარე მარკეტისკენ გაქცეულა, მიშველეთო, მაგრამ ქმარი კიბეებზე დაეწია და საშინელება მოხდა; იარაღი ჰქონდა და ვერ მივეკარეთო, იქ მყოფნი ამბობენ. ასე, რამდენიმე ადამიანის თვალწინ კონდახი ურტყა თავში საბრალო ქალს. ჩემი ახლობელი საავადმყოფოში მუშაობს და თქვა, თავის ქალის მძიმე დაზიანებები და ურთულესი სისხლჩაქცევა ჰქონდა, მოყვანიდან 1 საათში გარდაიცვალაო.
ირაკლი დეკანოიძე ოსიაურის „მარშუტკის“ მძღოლია, ვინც იცნობდა, ყველა გაოგნებულია მისი საქციელით, მისგან ასეთ სისასტიკეს არ ელოდნენ, – უყვება nostal.ge-ს წყარო.
მამაკაცი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნინო ხოშტარია
კომენტარები