საბერძნეთში ჩვილების გაყიდვის სკანდალური საქმის ახალი დეტალები

ფოტო: eto314.com
საბერძნეთში ჩვილების გაყიდვის სკანდალურ საქმეში ახალი დეტალები იკვეთება. როგორც ცნობილია, დაკავებული 12 ადამიანიდან სამი ქართველი ქალია. მათგან ერთ-ერთი – კვერცხუჯრედის დონორი, ორი კი შუამავალი გახლდათ.

სქემის მიხედვით, ორგანიზებულ ჯგუფს საბერძნეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩაჰყავდა ქალები, სუროგაციის გზით ბავშვებს აჩენინებდნენ და შემდეგ უკანონოდ ყიდდნენ, თავად ახალშობილებს კი მკვდრად აცხადებდნენ.

„პრაიმტაიმს“ ამ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ახლობელი, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში წლების წინ წავიდა, უყვება, რომ სამედიცინო მანიპულაცია თესალონიკში მდებარე კონსპირაციულ ლაბორატორიაში ხდებოდა.

„მის გარდა, პირადად მე ვიცი რამდენიმე ქართველი ქალი, რომელმაც კვერცხუჯრედი ჩააბარა ამ ლაბორატორიაში. 700 ევროს უხდიდნენ. არავინ იცოდა, რომ ეს უკანონო იყო. შეიძლება ითქვას, რომ თავად არიან მოტყუებულები“, – ჰყვება ქართველი ემიგრანტი.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ერსი ფოტოპულუ ადასტურებს, რომ წარმოშობით ქართველმა ქალმა კვერცხუჯრედი ნამდვილად გაყიდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ.

„მათ საბერძნეთის მოქალაქეობა აქვთ, თუმცა საქართველოში არიან დაბადებულნი. ერთი ამტკიცებს, რომ კვერცხუჯრედი მხოლოდ ერთხელ გაყიდა“, – ამბობს ბერძენი ადვოკატი.

წყარო: primetime.ge

კომენტარები