„ლურჯი ვეშაპის“ მორიგი მსხვერპლი? – შვილის დაიღუპვის შემდეგ დედამ თავი მოიკლა
წყალტუბოში დაღუპული 18 წლის პაპუნა ფანცხავას დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 18 წლის ბიჭი მე-9 სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა. დედა შვილის ცხედრამდე არ მისულა. ის ქუთაისში 9-სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ პაპუნა კარგი მოსწავლე იყო. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში იგი გულჩათხრობილი იყო და სკოლაში იშვიათად დადიოდა.
„ძალიან გულჩათხრობილი გახდა, ჩვენ იმთავითვე გადავწყვიტეთ, რაღაც ზომები მიგვეღო, სახლშიც ვაკითხავდით, დედა ხშირად საზღვარგარეთ იყო წასული, მამა, როგორც ვიცი, რუსეთში ცხოვრობდა და, ფაქტობრივად, ბავშვს მარტო უხდებოდა ცხოვრება და ვიცოდით ჩვენი წილი რამხელა იყო და, ამდენად, დამრიგებელმა რამდენჯერმე მიაკითხა სახლში. მერამდენე მსხვერპლია ამ კომპიუტერული თამაშების, როგორც ეს ვერსია გავრცელდა“, – ამბობს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, სახლში ფურცელი იპოვეს, რომელშიც თვითმკვლელობის დღე და ადგილი ეწერა.
თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ სახელდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები