იტალიასაზოგადოება

იტალიაში „წლის პაპის“ წოდება მიენიჭა 84 წლის კაცს, რომელსაც მეზობლის ბრმა ბიჭუნა სკოლაში დაჰყავდა

იტალიაში 84 წლის კაცს, რომელსაც თავისი მაკედონიელი მეზობლის 6 წლის ბრმა ბიჭუნა სკოლაში დაჰყავდა თვეების განმავლობაში, 60 კილომეტრის მანძილზე, „წლის პაპის“ (NONNO DELL’ANNO) საპატიო წოდება მიენიჭა. ინფორმაციას CORRIERE.IT ავრცელებს.

რომანო კარლეტის სულგრძელი საქციელი ხანდაზმულ იტალიელთა ფონდმა დააფასა და ჯილდო მისცა „სოლიდარობისთვის, ერთგულებისთვის, მოყვასის დახმარებისთვის, დაუღალავი შეუპოვრობისა და იმისთვის, რომ თავისი განსაკუთრებული მაგალითით დიდი გულის უსაზღვრო ძალა აჩვენა“.

84 წლის რომანო კარლეტი პაწაწინა სოფელ კონსუმაში ცხოვრობს, მონტემინიაიოს მუნიციპალიტეტში (არეცო) და თვეების განმავლობაში, სექტემბრიდან მაისის ჩათვლით, ყოველ დილას თავისი მაკედონიელი მეზობლის 6 წლის ბრმა ბიჭუნა, ჯაფერი მიჰყავდა სკოლაში, რომელიც 60 კმ-ის დაშორებით მდებარეობს; შემდეგ აკითხავდა მას და უკან მოჰყავდა. ბავშვი მარტო ვერ დადის სკოლაში, მამამისს, ტყის მჭრელს, სამუშაოს გამო არ შეუძლია შვილის სკოლაში ტარება; დედას მართვის მოწმობა არ აქვს, ხოლო სასკოლო ავტობუსი, რომელიც ამ რაიონს ემსახურება, შშმ ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.

პირველად ეს ისტორია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა მიმდინარე წლის მაისში. მაშინ სენიორ კარლეტიმ Corriere Fiorentino-ს სტატიაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე ვხედავდი ამ ბრმა ბავშვს, ვუყურებდი და მეტირებოდა. ვფიქრობდი იმაზე, რომ შესაძლოა მან ვერასდროს იხილოს მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ამ ტყეების სილამაზე, თავისი პატარა ძმების, მშობლების სახეები… გადავწყვიტე, რომ უნდა დავეხმარო მას, თუნდაც იმაში, რომ სკოლაში იაროს, სადაც მასწავლებლები მოუყვებიან ჩვენი სამყაროს საოცრებებზე“.

ფოტოს წყარო: asaps.it

როდესაც კარლეტიმ ჯილდოზე შეიტყო, რომელსაც მას პალაცო კიჯიში, რომში გადასცემენ 2 ოქტომბერს, ბებიების და პაპების დღესთან დაკავშირებით, თქვა, რომ თავის საქციელს არ აფასებს, როგორც გმირობას, არამედ, როგორც მოვალეობის შესრულებას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close