საბერძნეთი: მოქალაქეობის მინიჭება ისევ რთულდება

საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებმაც უკვე მიიღეს, ან აპირებენ მიიღონ ამ ქვეყნის მოქალაქეობა, კარგადაა ცნობილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პროცედურული პრობლემები. აპლიკანტს განაცხადის შეტანის შემდეგ წლობით უწევს ლოდინი და არავინ იცის, ზუსტად როდის გამოვა შესაბამისი გადაწყვეტილება. ალექსის ციპრასის მთავრობა შეეცადა ეს საკითხი მოეგვარებინა და მოქალაქეობის მიღების პროცედურის ვადები შეემცირებინა, ახალმა ხელისუფლებამ კი ეს პროცესი შეაჩერა.

სამწუხაროდ, ციპრასის მთავრობამ გვიან დაიწყო საკითხის მოგვარებაზე ზრუნვა. მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებული სამთავრობო გადაწყვეტილებები მხოლოდ მიმდინარე წლის გაზაფხულზე, არჩევნების წინ მიიღეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მოქალაქეობის საკითხთა რეგიონული დეპარტამენტების უფროსებს უფლება ენიჭებოდათ, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელითა და მის ნაცვლად, ხელი მოეწერათ გადაწყვეტილებაზე მოქალაქეობის მინიჭების შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი განაცხადი ყველა ფორმალურ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. პრაქტიკულად, ეს პროცედურის დაჩქარებას ნიშნავდა, რადგან ხელმოწერის უფლება ერთი ადამიანიდან რამდენიმეზე ნაწილდებოდა.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ტაკის თეოდორიკაკოსმა აღნიშნული გადაწყვეტილება აგვისტოში გააუქმა. შესაბამისად, აღდგა ძველი წესი და პროცესი ისევ ხანგრძლივი გახდება. ყველზე ცუდი კი ისაა, რომ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მაისის შემდეგ გამოვიდა და მასზე ხელს მოქალაქეობის საკითხთა რეგიონული დეპარტამენტების უფროსები აწერენ, უქმდება და შინაგან საქმეთა მინისტრმა ეს საქმეები პირადად უნდა განიხილოს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ უშუალოდ ბრძანებულების ტექსტში ეს ბოლო დებულება არ წერია და ეს ბერძნული პრესის ინტერპრეტაციაა. ამავე დროს, ციპრასის მთავრობის გადაწყვეტილება მხოლოდ ნატურალიზაციის გზით მოქალაეობის მიღებას ეხებოდა. ამდენად, გაურკვეველია, რამდენად შეექმნებათ პრობლემა იმათ, ვინც მოქალაქეობას საბერძნეთში სკოლის დამთავრების საფუძველზე იღებს. შევეცდებით იურისტების დახმარებით ეს საკითხი დავაზუსტოთ და ინფორმაცია უახლოეს მომავალში მოგაწოდოთ.

გიორგი ჯანელიძე

წყარო: https://tvxs.gr/news/ellada/aygoystiatiko-fek-theodorikakoy-bazei-freno-stis-ithageneies

კომენტარები