ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს მოუწოდა, ე. წ. დეპორტირებულთა საქმეზე კომპენსაცია დაუყოვნებლივ გადაიხადოს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე. წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 23-25 სექტემბერს საქართველოს მოთხოვნით ე. წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა.
კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა.
გადაწყვეტილებაში, აგრეთვე, აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ თანხის დადგენილ ვადაში (2019 წლის 30 აპრილამდე) გადაუხდელობის გამო, მას შესაბამისი პროცენტები დაეკისრება. მინისტრთა კომიტეტმა, აგრეთვე, მიუთითა რუსეთის ფედერაციას, რომ კომპენსაციის გადახდა არის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლიდან გამომდინარე „უპირობო ვალდებულება“. კომიტეტმა აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ, სულ მცირე, 1500 პირზე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე – 2019 წლის დეკემბერში ჩანიშნა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.
1tv.ge
კომენტარები