ბლიც-ინტერვიუინტერვიუ

ია ნანეიშვილი: „არასდროს დაივიწყოთ ადამიანები, რომლებმაც სიკეთე გაგიკეთეს“

პოეტი ია ნანეიშვილი ლანა ბიბილურიძის ბლიც-შეკითხვებს პასუხობს: 

მე ვარ…

ადამიანი, რომელსაც სასწაულების სჯერა.

არ იფიქროთ…

რომ ცხოვრება უსამართლოა, ერთ დღეს ის ოცნებაც კი შეიძლება ახდეს, რომელზეც ფიქრობდით, რომ არასდროს შესრულდებოდა.

არ იფიქროთ, რომ სიკეთე არ დაგიფასდებათ… არ იფიქროთ, რომ ბოროტება ვინმეს შერჩება!

ოცი წლის წინ… ოცი წლის შემდეგ…

ოცი წლის წინ სამყაროს ვარდისფერ ფერებში აღვიქვამდი… ოცი წლის შემდეგ (თუ უფლის ნება იქნება) მოვუყვები ჩემს შვილიშვილებს, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია… და რომ სამყარო სწორედ ის ფერია, რა ფერშიც ხედავ…

ყველაზე ხშირად ვკარგავ…

სამწუხაროდ, წარმოდგენას ადამიანებზე…

არასდროს არის გვიანი…

არასოდეს არის გვიანი, ჰკითხო ადამიანს: „როგორ ხარ“? არასოდეს არის გვიანი, უთხრა: „მომენატრე“… არასოდეს არის ზედმეტი, უთხრა: „მიყვარხარ“. ზოგჯერ პატარა დეტალებში გამოხატული გვერდში დგომა და დაფასება უფრო გაბედნიერებს, ვიდრე გრანდიოზული საჩუქრის მიღება. ან რა უნდა აჩუქოს ერთმა ადამიანმა მეორეს სითბოზე ძვირადღირებული?! ყურადღებაზე სასიამოვნო?! სიყვარულზე მეტად საჭირო?! ზოგჯერ ერთ სიტყვას შეუძლია სიცოცხლის ძალა შეგმატოს და ყველაზე უფერული დღე სიხარულისფრად შეგიღებოს, გაგაბედნიეროს, რომ თავი მთელი სამყაროს მფლობელად გაგრძნობინოს! არასდროს არის გვიანი, ცხოვრება დაიწყო თავიდან…

მოგონებები…

არის ის, რასაც ვერავინ წაგართმევს.

თუ ვერ დაგაფასეს…

გული არ დაგწყდეს. ამან ხელი არ შეგიშალოს დასახული მიზნისკენ სწრაფვაში. არც სიკეთის კეთებაზე უნდა აიღო ხელი.

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა… თანაც სულაც არ არის აუცილებელი, ყველას მოსწონდე. ვინც შენი ფასი არ იცის, ვერასდროს მიხვდება, როგორი ადამიანი ხარ… მხოლოდ მას შეუძლია დაინახოს შენში კარგი თვისებები, ვისაც ის თავად გააჩნია.

არასდროს დაივიწყოთ…

ადამიანები, რომლებმაც სიკეთე გაგიკეთეს.

შვილებო, მშობლებს უთხარით…

მადლობა ყველაფრისთვის, რისი მოცემაც შეძლეს. უპირველესად კი, მადლობა სიცოცხლისათვის, უპირობო და უანგარო სიყვარულისათვის. ხშირად მოეფერეთ, გულში ჩაიკარით და აგრძნობინეთ, რომ მათ ვერავინ შეცვლის.

მენატრება ის საქართველო…

რომელშიც ერთმანეთისადმი სიყვარული უფრო მეტი იყო, ვიდრე სიძულვილი.

თუ დააპირებთ ადამიანის განკითხვას, გახსოვდეთ…

თუ არ განიკითხე, არ განიკითხები.

არ დაკარგოთ…

მომავლის რწმენა, უფლისკენ სავალი გზა, იმედი და ადამიანები, რომლებსაც უყვარხართ.

ცხოვრება გაიძულებს…

ბევრ რამეზე თვალი დახუჭო, გაჩუმდე იქ, სადაც მთელი ხმით ყვირილი გინდა და შეეგუო იმას, რისი შეცვლაც არ შეგიძლია.

გულით ვატარებ…

ყველა იმ ბედნიერ წამს, რომელიც ცხოვრებამ მაჩუქა.

წარსული არის…

გამოცდილება, გაკვეთილი, რომელიც ისწავლე, გამოცდა, რომელიც ჩააბარე.

ვსწავლობთ…

ყველაფრის სწავლა შეიძლება, როდესაც სურვილი დიდია.

წიგნი, რომელიც მომწონს…

ბევრი წიგნი მომწონს, ბოლოს წაკითხულებიდან განსაკუთრებული შთაბეჭდილება „ბედუინმა“ მოახდინა.

როცა ბედნიერი ხარ…

გრძნობ, რომ ცხოვრება ამ შეგრძნებისთვის ღირს.

სამშობლო ჩემთვის არის…

სისხლი, რომელიც ძარღვებში მიდგას. გული, რომელიც მკერდში მიცემს. წყალი, რომელსაც ვსვამ. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავ. მიწა, რომელიც მასაზრდოებს. სახლი, რომელშიც ჩემს შვილებს სძინავთ.

ამქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ…

ვაკეთოთ სიკეთე, გავცეთ სიყვარული და სამყარო გავხადოთ იმაზე უკეთესი, თუნდაც მცირედით მაინც, ვიდრე ჩვენამდე იყო.

სიკვდილი…

სიცოცხლის გვირგვინია. მარადიული რეალობაა, რომლისაც გვეშინია და რომლის წინაშეც ყველა თანასწორი ვართ.

ერთი დღით ვიქნებოდი…

სიკეთის ელჩი დედამიწაზე.

მსოფლიოს ვეტყოდი…

სიყვარული გადაარჩენს დედამიწას.

მეგობარია…

ის ადამიანი, რომელსაც ხმის ინტონაციითაც კი შეუძლია შენი სულიერი მდგომარეობის ამოცნობა, რომელსაც მაჯაზე ხელის დადების გარეშე შეუძლია პულსი დაგითვალოს; ჩაგხედოს თვალებში და უსიტყვოდ გითხრას: „არ გაბედო წაქცევა. არასოდეს მოგცემ უფლებას, დაეცე“, – აი, ვინ არის ნამდვილი მეგობარი.

სიყვარული არის…

სიყვარულია ის მინდვრის ყვავილი, მიწიდან რომ მოფშვნეტს და სამყაროს გაუცინებს. სიყვარულია, მისი სახელის ხსენებისას გულში ღიმილი რომ გაგიელვებს. სიყვარულია, ლოცვებში რომ იხსენიებ და შენი სახელის წინ მის სახელს ავედრებ. სიყვარულია, წყენას რომ გავიწყებს და პატიებას გასწავლის… და საერთოდ, სიყვარულია, დედამიწას რომ ამოძრავებს, თორემ ვერანაირი ღერძი ვერ გაუძლებდა მის ტარებას…

სიყვარულია ის, რასაც გრძნობ მხოლოდ შენ! სხვისი წარმოდგენები ილუზიაა მხოლოდ და მხოლოდ… სიყვარულია ის, რაც შენთვის უნდა დაიტოვო სულივით. თუ გინდა რომ გადარჩე – გიყვარდეს!

მე მხოლოდ ასეთი სიყვარულის მარადიულობის მჯერა, სამარის კარამდე რომ მიგყვება.

ლექსი, რომელიც შეესატყვისება დღევანდელ ყოფას…

ვერ ენდობი, დღეს ვერავის ვერ ენდობი! ენდობი და სანანებელს გაგიხდიან.

დაგცინებენ, დაგაქცევენ, გვერდზე ჩუმად, უსინდისოდ ჩაგივლიან!

მერე გიკვირს, თვალში როგორ გიყურებენ, უსირცხვილოდ დაბლა თავსაც არ დახრიან…

კადრულობენ, სულ ყველაფერს კადრულობენ… აპატიებ? სისულელედ ჩაგითვლიან!

უარყოფენ, სულ ყველაფერს უარყოფენ, უტიფრობით, ქედმაღლურად ბობოქრობენ.

გღალატობენ, მილიონჯერ გღალატობენ! და ღალატით თითქოს გულში ამაყობენ!

არ რცხვენიათ, სამწუხაროდ, არ რცხვენიათ… არც იმ ცრემლის, შენ თვალზე რომ დაგდენია,

რა ცოტაა ნდობის ღირსი ქვეყანაზე! მოღალატე? სამწუხაროდ, რამდენია!

ქალს შევადარებდი…

ყვავილს, რომელსაც მზე და სითბო სჭირდება იმისათვის, რომ გაიხაროს.

ილუზიაა…

ღალატისაკენ მიდრეკილი ბუნების გაერთგულება.

იმედი…

იმ ერთ წვეთს ჰგავს, წყლის გადმოღვრის შემდეგ ყოველთვის რომ რჩება დოქის ფსკერზე. გულიც ასევე შეიძლება გაიბზაროს, მაგრამ ისე არ დაცარიელდება, სულ ცოტა იმედი რომ არ დარჩეს მასში! სანამ ადამიანი ცოცხალია, იმედი მას არასდროს ტოვებს. ადამიანი მაშინ კვდება, როცა მასში კვდება იმედი!.. შეიძლება რაღაცამ ან ვიღაცამ ვერ გაამართლოს თქვენი იმედი, მაგრამ ეგ არაფერი… ბოლო სიტყვა სამყაროს შემოქმედს ეკუთვნის!

სენია კაცთა…

სახეზე ღიმილი და გულში სიავე.

ნუ უყურებ საათს…

წამზომი ჩართულია… ნუ გაფლანგავ დროს, მოუფრთხილდი და დააფასე ცხოვრების თითოეული წამი, ისწავლე სიცოცხლის ფასი.

მტერი ვერას დაგაკლებს, თუ…

მეგობარმა არ გიღალატა, ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება.

ახალი თაობა…

ჩვენი მომავალი. ხვალინდელი ნათელი დღე… თავისუფლების ჰაერით გაჟღენთილი თაობაა, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის იმედია.

ჩვენი უბედურება ისაა, რომ…

ერთმანეთის სიხარულით გულწრფელად გახარება არ შეგვიძლია.

ბედისწერა…

რაც შენი ჩარევის გარეშე ხდება შენსავე ცხოვრებაში, რომლისთვისაც ხელის შეშლა არ შეგიძლია, არც შეჩერება, ჩემი აზრით, არის ბედისწერა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close