ათენის მეტროს სადგურ „ევანგელიზმოსს“ სახელს აღარ გადაარქმევენ

ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მეტროს სადგურ „ევანგელიზმოსს“ სახელს აღარ გადაარქმევენ.

სახელის შეცვლის გადაწყვეტილება 2 დღის წინ გახდა ცნობილი, თუმცა რამდენიმე საათში გავრცელდა პავლოს ბაკოიანისის ოჯახის განცხადება – ოჯახის წევრებმა კატეგორიული უარი თქვეს „ევანგელიზმოსისთვის“ სახელის შეცვლაზე.

„ატიკო მეტროს“ ადმინისტრაციამ, მისი უფროსის, ნიკოს ტახეიოსის თქმით (Νίκος Ταχιάος), არ გაითვალისწინა, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან – ადამიანები აღაშფოთა ათენის მეტროს ცენტრალური სადგურისთვის სახელის გადარქმევის წინადადებამ, რადგან 20 წლის განმავლობაში „ევანგელიზმოსი“ მყარად არის გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში.

ბაკოიანისის ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს კონცერნ ATTIKO METRO SA-ს საპატიო წინადადებისთვის, თუმცა განაცხადეს, რომ მას ვერ მიიღებენ:

„მეტროს სადგურისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილებამ მრავალრიცხოვანი დისკუსია გამოიწვია. გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ არ გვსურს, რომ პავლოს ბაკოიანისის სახელს უარყოფითად ახსენებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ეს შეურაცხყოფს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც შერიგებისა და ერთიანობისთვის იბრძოდა. … ის, რომ მისი ხსოვნა ცოცხალია, აგრეთვე, მისი იდეები ისევ რომ შთაგვაგონებს 30 წლის შემდეგ, საკმარისია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა“, – განაცხადა პავლოს ბაკოიანისის ოჯახმა.

შეგახსენებთ, რომ კონცერნმა ATTICO METRO SA-მ 2 დღის წინ გაავრცელა თავისი გადაწყვეტილება, ათენის მეტროპოლიტენის ორი სადგურისთვის სახელი შეეცვალა და „ევანგელიზმოსთვის“ „პავლოს ბაკოიანისი“ («Παύλος Μπακογιάννης») ეწოდებინა, „აგიოს დიმიტრიოსისთვის“ კი – „ალეკოს პანაგულისი“ («Αλέκος Παναγούλης»).

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: ათენის მეტროს სადგურებს – „ევანგელიზმოსს“ და „აგიოს დიმიტრიოსს“ სახელს უცვლიან

კომენტარები