ათენის მეტროს სადგურებს – „ევანგელიზმოსს“ და „აგიოს დიმიტრიოსს“ სახელს უცვლიან
კონცერნმა ATTICO METRO SA-მ გადაწყვიტა ათენის მეტროპოლიტენის ორ სადგურს – „ევანგელიზმოსს“ და „აგიოს დიმიტრიოსს“ სახელი შეუცვალოს.
ამრიგად, სადგურ „ევანგელიზმოსს“ დაარქმევენ „პავლოს ბაკოიანისს“ («Παύλος Μπακογιάννης»), „აგიოს დიმიტრიოსს“ კი – „ალეკოს პანაგულისს“ («Αλέκος Παναγούλης»).
რამდენიმე დღეში პავლოს ბაკოიანისის ტრაგიკული გარდაცვალებიდან 30 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით Attico Metro SA-მ გადაწყვიტა, პატივი მიაგოს ისტორიულ პიროვნებებს და მათი სახელები მეტროს სადგურებს უწოდოს.
„Attico Metro SA-ს მთავარი მიზანი და ამოცანაა, სახელი გადაარქვას სადგურებს, რათა ისინი მუდამ ახსენებდნენ ადამიანებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ეროვნული შერიგების ღირებულებებს“, – ასე განმარტეს კონცერნის წარმომადგენლებმა თავიანთი გადაწყვეტილება.
ამ მიზნით კვირას, 29 სექტემბერს სადგურ „ევანგელიზმოსზე“ გაიმართება საზოგადოებრივი ღონისძიება, რომელზეც ძირითადი მოხსენებით გამოვა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი.
ანალოგიური ღონისძიება დაგეგმილია 2020 წლის მაისში სადგურ „ალეკოს პანაგულისზე“ (ამჟამინდელი „აგიოს დიმიტრიოსი“), რის შემდეგაც სადგურებს სახელი საბოლოოდ შეეცვლებათ.
ცნობისათვის:
პავლოს ბაკოიანისი (ბერძ. Παύλος Μπακογιάννης) ბერძენი ლიბერალი პოლიტიკოსი იყო, რომელიც ფართოდ გახდა ცნობილი საბერძნეთის სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ გამოსვლებით რადიო Bayerische Rundfunk-ის ეთერში 1967-1974 წლებში. იგი თავისი ოფისის მთავარ შესასვლელთან ჩაცხრილეს 1989 წლის 26 სექტემბერს ბერძნული ტერორისტული ორგანიზაციის, „17 ნოემბრის“ წევრებმა. პავლოს ბაკოიანისი დორა ბაკოიანისის მეუღლე და ათენის ამჟამინდელი მერის, კოსტას ბაკოიანისის მამაა.
ალეკოს პანაგულისი (1939-1976) – საბერძნეთის სამხედრო ხუნტის, ე. წ. „შავი პოლკოვნიკების“ რეჟიმის დროს წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, ბერძენი პოლიტიკოსი (დემოკრატიული მმართველობის აღდგენის შემდეგ – საბერძნეთის პარლამენტის წევრი) და პოეტი. იგი საყოველთაოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 1968 წლის 13 აგვისტოს დიქტატორ გეორგიოს პაპადოპულოსის მკვლელობა ცადა, აგრეთვე, წამების გამო, რომელიც პატიმრობისას გადაიტანა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები