თურქეთში 12 000-წლიანი ისტორიის მქონე ქალაქს ჰესის მშენებლობის გამო ტბორავენ
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქალაქს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გამო დატბორვა ემუქრება. საუბარია ჰასანქეიფზე – მდინარე ტიგროსის ნაპირზე მდებარე პატარა ქალაქზე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მესოპოტამიისა თუ ბიზანტიის, არაბთა სახალიფოსა თუ ოსმალეთის იმპერიის კულტურების ნაწილი. დღეს მისი მომავალი სათუოა, ქალაქის ევაკუაციისათვის დაწესებული ვადა კი 8 ოქტომბერს იწურება.
თურქული გამოცემა Bianet-ის თანხმად, ილისუს კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ჰასანქეიფს ემუქრება, სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის პროექტის შემადგენელი ნაწილია. 1997 წელს, როცა სადგური მთავრობის განვითარების პროგრამაში მოხვდა, პროტესტი დაიწყო როგორც თურქეთში, ისე მის გარეთ, იმ კომპანიების ოფისებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ პროექტს. შედეგად პროექტი შეჩერდა, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წლით: საკითხი მალე დაბრუნდა დღის წესრიგში, 2006 წელს კი ჰესის მშენებლობაც დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა მოძრაობა „შეუნარჩუნე სიცოცხლე ჰასანქეიფს“.
The Guardian-ის თანახმად, ჰასანქეიფი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ადგილია დედამიწაზე, სადაც კი ადამიანები ამ დრომდე ცხოვრობენ. დასახლება დაახლოებით 12 000 წელს ითვლის და იქ ათასობით მღვიმე, ეკლესია და სამარხია.
სადავო ჰესი თურქეთში სიდიდით მეოთხე იქნება და 4200 გიგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს საათში. სანამ ეს მოხდება, ის რეგიონში 199 დასახლებულ პუნქტს დატბორავს, მოიყოლებს ადამიანის ხელით შექმნილ ათასობით მღვიმესა და ასობით ისტორიულ და რელიგიურ ძეგლს. მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტების თქმით, იძულებით გადაადგილება 80 000 ადამიანს ელის.
ქალაქიდან მხოლოდ 8 ისტორიული ძეგლი გაიტანეს. მათ შორის არის კოშკი, რომელიც ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის ნაწილად მიიჩნევა მსოფლიოში, ასევე, ძველი რომაული კარიბჭის ნახევარი და 1400 წლით დათარიღებული, ქალების აბანო. ძეგლების ნაწილები ქალაქიდან 3 კილომეტრის მოშორებით განალაგეს.
ამავე მანძილზე ააშენა მთავრობამ „ახალი ჰასანქეიფი“ – დასახლება ქალაქიდან იძულებით გადაადგილებულთათვის, რომლებიც აქ 2019 წლის 8 ოქტომბრამდე უნდა გადმოვიდნენ, თუმცა, The Guardian-ის თანახმად, სახლები ყველასთვის არ შეუთავაზებიათ. მათ შორის არიან 27 წლის ეიუფ აღალდაი და მისი ცოლი. ეს იმის გამო, რომ 2014 წლის შემდეგ დაქორწინებულებს მთავრობა ამ დასახლებაში საცხოვრებლებით არ უზრუნველყოფს.
ეიუფი, მისი წინაპრების მსგავსად, ამ დრომდე ცხოვრობს ჰასანქეიფის ერთ-ერთ მღვიმეში. იმის გამო, რომ ახალ უბანში ცხოველებს ვერ წაიყვანს, მან თავისი თხების გაყიდვაც უკვე დაიწყო. მშობლიურ ქალაქს ჯერ არც 38 წლის ჰედიე თაფქანი ტოვებს – გამოცემის კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელსაც აქვს ნაკვეთები, ჰყავს შინაური ცხოველი, ახლა კი არ იცის, როგორ იცხოვრებს ახალ დასახლებაში.
გერმანიამ, ავსტრიამ და შვეიცარიამ პროექტის ფინანსური მხარდაჭერა 2009 წელს შეწყვიტეს მოსალოდნელი სოციალური, კულტურული და გარემოსდაცვითი ზიანის გამო. საპასუხოდ თურქეთის მთავრობამ, რომელიც ამბობს, რომ ჰესი დაეხმარება ქვეყნის ენერგოსექტორსა და ირიგაციას, პროექტის გასაგრძელებლად შიდა ფინანსები გამოყო. მიმდინარე წელს კი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარყო კამპანიის წევრების მოთხოვნა პროექტის შეჩერების თაობაზე.
გამოცემა ჰასანქეიფის საკითხზე თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან გასაუბრებასაც შეეცადა. პასუხი ასეთი იყო: „რატომ გინდათ, ვისაუბროთ ჰასანქეიფზე, როცა ამდენ პროექტს ვახორციელებთ?“
ადგილობრივთა თქმით, მიუხედავად აღნიშნული პროცესებისა, მაინც გააგრძელებენ ბრძოლას ქალაქის ისტორიისათვის.
„[ასე რომ არ გავაკეთოთ], როცა მოვკვდებით, ჩვენი შვილები ამოვლენ ჩვენს საფლავებზე და გვკითხავენ: „რატომ არ გადაარჩინეთ ჰასანქეიფი?“ – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
netgazeti.ge
კომენტარები