პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოქალაქეებს 22 მილიონი ლარის ჯარიმებს გაუუქმებს

18 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოსახლეობას 2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმებისგან ათავისუფლებს. ჯარიმების საერთო რაოდენობა 22 მილიონ ლარს შეადგენს.

კანონპროექტი ითვალისწინებს 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის (გარდა ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისა) დაკისრებული არა მხოლოდ ფულადი ჯარიმის, არამედ მისი გადაუხდელობით წარმოქმნილი საურავისაგან სრულად გათავისუფლებას.

დაკისრებულ ჯარიმებს აღარ გადაიხდიან: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ასაკით პენსიონერ პირები; ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები და დევნილები.

კანონით გათვალისწინებული შეღავათი ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ამ კანონის ხელმოწერის შემდეგ, გამოქვეყნებისთანავე.

კანონპროექტი არ შეეხება მხოლოდ 2018 წლის 10 აპრილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების და დგომა-გაჩერების წესების დარღვევის შედეგად დაკისრებულ ჯარიმებს.

კომენტარები