ჩერჩილის სახლიდან ოქროს უნიტაზი მოიპარეს (ვიდეო)

პოლიცია ეძებს ოქროს უნიტაზს, რომელიც ბლენჰეიმის სასახლიდან მოიპარეს.

„როიტერის“ ცნობით, დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდშირში მდებარე ბლენჰეიმის სასახლეში, სადაც დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი დაიბადა, ოქროს უნიტაზი გამოფენაზე ინსტალაციის სახით იყო წარმოდგენილი. გამოფენის დამთვალიერებლებს 3 წუთის განმავლობაში შეეძლოთ ძვირფასი ტუალეტით ესარგებლათ.

პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ბლენჰეიმის სასახლეში ღამის საათებში შეაღწიეს. ისინი სასახლემდე ორი ავტომობილით მივიდნენ. მათ შემთხვევის ადგილი 04:57 საათზე დატოვეს.

18-კარატიანი ოქროს უნიტაზი ჯერ არ უპოვნიათ, თუმცა 66 წლის კაცი, რომელიც ქურდობაშია ეჭვმიტანილი, უკვე დააკავეს.

უნიტაზი იტალიელმა ხელოვანმა მაურიციო კატელანმა 18-კარატიანი ოქროთი დაამზადა. ეს ნამუშევარი სატირულია და სიმდიდრის გაქილიკებას ისახავს მიზნად. საინტერესოა, რომ ექსპონატს მხატვარმა „ამერიკა“ დაარქვა. ოქროს უნიტაზი ხუთ მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2017 წელს Guggenheim-ის მუზეუმმა დონალდ და მელანია ტრამპებს ვან გოგის ნახატის ნაცვლად ოქროს უნიტაზი შესთავაზა.

მანამდე მუზეუმს ტრამპების წყვილმა მიმართა თხოვნით, რომ თეთრ სახლში გამოფენის მიზნით გადაეცა ვან გოგის 1888 წელს შესრულებული შედევრი „პეიზაჟი თოვლით“, რაზეც ოფიციალურმა ვაშინგტონმა უარი მიიღო.

მანანა ბანძელაძე

ვან გოგი, „პეიზაჟი თოვლით“
კომენტარები