პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ხატია მოისწრაფიშვილი ფეისბუქის პოსტის გამო გაათავისუფლა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი თანამდებობიდან ფეისბუქის პოსტის გამო გაათავისუფლა.

როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხატია მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გააფრთხილეს პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

„მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს  მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება“, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინსიტაცია.

მათივე განცხადებით, ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პრესსამსახურში მუშაობის გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო.

ხატია მოისწრაფიშვილმა „ნეტგაზეთს“ 9 სექტემბერს უთხრა, რომ ის შეთავაზებას არ დათანხმდა და პრეზიდენტთან მუშაობას არ გააგრძელებს.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, პრესსპიკერის პოსტის დატოვება არ უკავშირდება ნოდარ მელაძის განცხადებას. „მთავარი არხის” საინფორმაციო  სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ მოისწრაფიშვილს პოსტის დატოვება რუსთავი 2-იდან გათავისუფლებული ჟურნალისტებისადმი სოლიდარული ფეისბუქპოსტის გამო აიძულეს.

netgazeti.ge

 

კომენტარები